სახალხო დამცველი „ქართული ოცნების“ დეპუტატის მიერ ქალი დეპუტატების მისამართით გამოთქმულ შეურაცხმყოფელ რეპლიკებს ეხმიანება
საქართველოს სახალხო დამცველმა 3 აპრილს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც პარლამენტის სხდომაზე ქალთა კვოტირების გაუქმების საკითხის განხილვისას, „ქართული ოცნების“ დეპუტატის ბექა ოდიშარიას მიერ ქალი დეპუტატების მისამართით გამოთქმულ „უხამს და შეურაცხმყოფელ“ რეპლიკებს გამოეხმაურა. „ყველა მსგავს შემთხვევაში უნდა მოხდეს შიდა მექანიზმის ამოქმედება და საკითხის განხილვა პარლამენტის მიერ“, ნათქვამია განცხადებაში.
„აღნიშნული განსაკუთრებით საყურადღებოა იმ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც პარლამენტი ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუარესებისკენ მიმართულ ინიციატივას განიხილავს, რომელიც სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ გუშინ, 2 აპრილს საჯაროდ გავრცელებულ განცხადებაში უარყოფითად შეაფასა“, – აცხადებს სახალხო დამცველი.
სახალხო დამცველი მოუწოდებს პოლიტიკოსებს და საჯარო პირებს, „არ გამოიყენონ სექსისტური თუ სხვა სახის დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი გამონათქვამები და საჯარო საქმიანობის განხორციელებისას დაიცვან თანასწორობის პრინციპი“.
3 აპრილს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ქალი დეპუტატები გააკრიტიკა, რომლებმაც იგი კორუმპირებულობაში დაადანაშაულეს. ოდიშარიამ სექსუალური ხასიათის უხამსობა გამოიყენა ქალი კოლეგების მიმართ.
მანამდე მმართველმა პარტიამ და საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ „გირჩი“ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის ფარგლებშიც მმართველი პარტია მხარს დაუჭერს „გირჩის“ ინიციატივას პარტიულ სიებში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე. საარჩევნო კოდექსის არსებული ფორმულირებით, პარტიული სიაში ოთხიდან ერთი კანდიდატი ქალი უნდა იყოს.
სახალხო დამცველმა კანონპროექტეს უარყოფითი შეფასება მისცა: „დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს და ვაუარესებთ თანასწორობის მისაღწევად არსებულ მექანიზმებს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)