ახალი ამბები

ასლან ბჟანია რუსულ მედიასთან თბილისთან და მოსკოვთან ურთიერთობებზე საუბრობს

რუსულ გაზეთთან „არგუმენტები და ფაქტები“ ინტერვიუში, ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ დანარჩენ საქართველოსთან და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, „ჩვენ არ გვაქვს რაიმე აგრესია ქართველი ხალხის მიმართ“ და „მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთის სახელმწიფო აღიარებულ იქნას საქართველოს მიერ“. ბჟანიამ განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის ბედი „განუყოფელია“.  

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ის, რომ ოკუპირებული ტერიტორია საქართველოსთან მშვიდობას დაამყარებს, მან უპასუხა, რომ „ოდესღაც, ეს ალბათ მოხდება. ჩვენ კი გვინდა, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდეს“.

თუმცა, მან დასძინა, რომ „ჩვენ გვესმის, რომ საქართველოში არსებობს ოპოზიცია და, ალბათ, პოლიტიკოსები ვერ გაივლიან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გზას. როცა საქართველოს ხელისუფლება აქამდე მივა, ყველა საკითხი მოგვარდება“.

მან შედარება გააკეთა საფრანგეთსა და გერმანიას, და ყოფილ სსრკ-სა და გერმანიას შორის ისტორიულ ურთიერთობებთან. „ფრანგები და გერმანელები დამეგობრდნენ და სსრკ დაუმეგობრდა გერმანიას. მაგრამ რა განსხვავებაა? ორივე შემთხვევაში, გერმანიამ აღიარა თავისი დანაშაული და დამარცხება“, – განაცხადა ბჟანიამ და დასძინა: „არ მინდა ვინმეს დამცირება. მაგრამ რეალობა ისაა, ფაქტები ისეთია, რომ ობიექტური რეალობა აღიარებული უნდა იყოს“. იმავდროულად, მან გააქარწყლა აფხაზების შიშები რუსების მიერ კოლონიზაციის შესახებ (ჟურნალისტის შეკითხვა აპარტამენტების შესახებ კანონის გარშემო არსებულ უთანხმოებას უკავშირდებოდა) და განაცხადა, რომ ეს სისულელეა და რომ ასეთ შეხედულებებს აფხაზური საზოგადოების მხოლოდ მარგინალური ნაწილი გამოხატავს.

რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის მზარდი გავლენით შეშფოთებული აფხაზი ხალხის შიშებს, ასევე მოსაზრებას, რომ აფხაზეთს არ სჭირდება რუსეთი და რუსები, ბჟანიამ აღნიშნა, რომ „ომი აფხაზეთის წინააღმდეგ არ დასრულებულა“. მისი თქმით, „საბრძოლი მოქმედებები 1993 წელს დასრულდა და აფხაზეთის შეიარაღებული ძალების წყალობით ჩვენ მშვიდობა დავამყარეთ. მაგრამ სპეცსამსახურები იბრძვიან ჩვენი მოქალაქეების გონებისთვის. ისინი თავიანთ იდეებს ნერგავენ და არა მარტო აფხაზეთში, არამედ მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში“.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ბჟანიამ განაცხადა, რომ „ჩვენი მოქალაქეების – აფხაზების, რუსების, სომხების ინტერესებშია, რომ რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობა გაძლიერდეს და გაუმჯობესდეს. სხვა გზა არ გვაქვს და არც ვეძებთ“. მან ხაზი გაუსვა რეგიონის განვითარებისთვის ინვესტიციების აუცილებლობას და აღნიშნა: „მათთვის [უმუშევრებისთვის აფხაზეთში] სამუშაო ადგილების შესაქმნელად 400 მილიარდი რუბლის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს აფხაზეთის ეკონომიკაში, მაშინ როცა ჩვენი წლიური ბიუჯეტი მხოლოდ 14 მილიარდია. რუბლი. რუსი და აფხაზი ბიზნესმენები რუსეთის ფედერაციასა და თურქეთში მზად არიან დააფინანსონ ეს“.

ბჟანიამ პირობა დადო, რომ რუსეთიდან აფხაზეთში შესვლა გამარტივდება. „ჩვენ ყველას გვინდა, რომ საზღვრის გადაკვეთა ისევე ხდებოდეს, როგორც რუსეთსა და ბელარუსში.  მაგრამ ასეთი გამშვები რეჟიმისთვის ჩვენ საკავშირო სახელმწიფოს შემადგენლობაში უნდა ვიყოთ. ჩვენ ჯერ იქ არ ვართ, მაგრამ გვინდა, რომ ეს მოხდეს“.

ოკუპირებული რეგიონის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტის გახსნისთვის ბევრი სამუშაოა გაკეთებული. „მომავალ წელს ვნახავთ“. კითხვაზე, შეძლებენ თუ არა რუსი ტურისტები მოსკოვიდან და სანკტ-პეტერბურგიდან პირდაპირ ფრენას 2025 წელს, ბჟანიამ უპასუხა: „დიახ, ეს სავსებით შესაძლებელია“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button