ახალი ამბები

აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაკარგული 23 პირის ნეშტი თბილისში გადმოასვენეს

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (ICRC) განაცხადა, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი 6 დეკემბერს თბილისში გადმოასვენეს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, 23 გადმოსვენებულიდან 21 სამხედრო მოსამსახურე, 2 კი – მშვიდობიანი მოქალაქე იყო. შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში იმართება. 17 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

„2023 წელს იდენტიფიცირებული იქნა და ოჯახებს დაუბრუნეს 55-ზე მეტი ადამიანის ნეშტი. ეს შესაძლებელი გახდა 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის მოვლენებთან დაკავშირებით და შემდგომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა შესახებ ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, აფხაზი და ქართველი მონაწილეების ჩართულობით, რომლებიც 2010 წლიდან ICRC-ის მხარდაჭერით მოქმედებენ. დაკარგული ადამიანების ნეშტს აფხაზეთის სხვადასხვა ლოკაციებზე მიაკვლიეს“, – წერს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.

ამავე ინფორმაციით, 2010 წელს ამ მექანიზმის ამოქმედებიდან დღემდე 273 ადამიანის ნეშტი იქნა იდენტიფიცირებული და ოჯახებისთვის გადაცემული. 1992-93 წლებში აფხაზეთის ომთან დაკავშირებით 1870 ადამიანი, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები, კვლავ დაკარგულად ითვლება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button