ახალი ამბები

სსფ-ს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში მხარდამჭერი პროგრამის განახლების ორ სცენარზე საუბრობს

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მუდმივმა წარმომადგენელმა ენდრიუ ჯუველმა 19 მარტს განაცხადა, რომ საქართველოს მხარდამჭერი პროგრამა, რომელიც ამჟამად შეჩერებულია, შესაძლოა გაუქმდეს იმის გამო, რომ მისი აღდგენის მოლაპარაკებებისთვის დრო აღარ რჩება. მისი თქმით, პროგრამა შეიძლება გაგრძელდეს, თუ საქართველოს ხელისუფლება აჩვენებს მზადყოფნას, შეასრულოს წინა ვალდებულებები, მათ შორის სსფ-ის მიერ შემოთავაზებული რეფორმები სახელმწიფო საწარმოების შესახებ კანონში ასახოს.

სამწლიან მხარდამჭერ პროგრამაზე შეთანხმებას საქართველოს ხელისუფლებამ და სსფ-მა 2022 წლის აპრილში მიაღწიეს, რის შედეგადაც საქართველოს სესხის სახით 289 მილიონი აშშ დოლარის გამოეყო. ტრანშის პირველი ნაწილი, 40 მილიონი უკვე ათვისებულია. მეორე ტრანშის გამოყოფაზე მოლაპარაკებები 2023 წლის მაისში გაიმართა, რომლის დროსაც საქართველოს ხელისუფლება და სსფ-ის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ პროგრამის მეორე მიმოხილვა ივნისში დასრულდებოდა. თუმცა, სსფ-მა მეორე მიმოხილვა გადადო და ამის მიზეზად პარლამენტის მიერ „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ ცვლილებების დამტკიცება და სანქციების თაობაზე ბანკის რეგულაციებთან დაკავშირებული ცვლილებები დაასახელა.

Business Media-სთან საუბრისას, ენდრიუ ჯუველმა აღნიშნა, რომ საქართველოს მხარდამჭერი პროგრამა სამწლიანია და 2025 წლის ივნისში სრულდება. მაგრამ ვინაიდან 2024 წელი საქართველოში საარჩევნო წელია, ჯუველი ვარაუდობს, რომ ხელისუფლებას შეიძლება არ გააჩნდეს ფინანსური რეფორმების გატარების მზაობა. ამიტომაც, ჯუველი არ გამორიცხავს, შესაძლებლობას, რომ შეჩერებული პროგრამა არ გაგრძელდეს და მის სანაცვლოდ მომავალ წელს ახალ პროგრამაზე დაიწყოს მოლაპარაკებები.

ჯუველის თქმით, თუკი ხელისუფლებას სურს პროგრამის განახლება, სსფ მზადაა ის ზომები შესთავაზოს, რომელთა განხორციელებაცაა საჭირო; მეორე მხრივ, თუკი ფიქრობენ რომ ამჟამად ამის დრო არაა, ან აღარ სურთ წარსულში აღებული ვალდებულებების მიმართ ერთგულების შენარჩუნება, „ამ შემთხვევაში ვფიქრობ ახალი პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება უფრო ეფექტიანი იქნება“.

მან ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო საწარმოების შესახებ კანონპროექტში ასახული არაა ის პრინციპები, რაც აღნიშნული იყო იმ სტრატეგიაში, რომელიც მთავრობამ IMF-თან და მსოფლიო ბანკთან კოორდინაციით 2022 წლის დეკემბერში დაამტკიცა. ჯუველმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას აქვს გარკვეული ეჭვები იმ ვალდებულებებთან მიმართებით, რომელთა შესრულებაც მან ამ სტრატეგიული დოკუმენტის სახით დაისახა და დასძინა, რომ ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები კანონმდებლობაში არსებული პრობლემების მოგვარების გზების გამოსაძებნად.

ჯოველის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სექტორი უფრო ეფექტიანი გახდეს; ამასთან,  ფინანსთა სამინისტროს უნდა გააჩნდეს ფინანსური ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობა აღნიშნული საწარმოების მიმართ, ხოლო ამ საწარმოების საკუთრების უფლება ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებმა უნდა გაინაწილონ, რასაც ეკონომიკის სამინისტრო არ ეთანხმება.  

Business Media-სთვის გაკეთებულ კომენტარში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მხარდამჭერი პროგრამის განახლება არ არის დამოკიდებული სახელმწიფო საწარმოების შესახებ კანონმდებლობის რეფორმირებაზე. მისი თქმით, სსფ-ის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები „პილოტირების რეჟიმში მიმდინარეობდა“.

„შედეგად გამოიკვეთა ბევრი ნიუანსი, რომელიც უნდა აისახოს უკვე სრულყოფილ კანონმდებლობაში, თუ როგორი იქნება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მართვა და ასევე, რა თქმა უნდა, კუთვნილებაც. ეს საკმაოდ კომპლექსური საკითხია, იმიტომ რომ უკავშირდება მნიშვნელოვან კორპორაციებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ჩვენ პარტნიორებთან გვქონდა ძალიან ღია დიალოგი, მსოფლიო ბანკი იყო აქტიურად ჩართული ამ პროცესში, ეს დიალოგი გრძელდება, იმიტომ, რომ მოდელი უნდა იყოს მკაფიო, კარგად გამართული და ემსახურებოდეს საქართველოს ეკონომიკურ ინტერესებს. ამაზეა საუბარი სავალუტო ფონდთან, ეს მათთვის გასაგებია. ეს არ შეიძლება რომ ნაჩქარევად, ერთ დღეში გაკეთდეს”,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button