skip to content
ახალი ამბები

სავალუტო ფონდი მისიის დასკვნით განაცხადში სასამართლო სისტემისა და ანტი-კორუფციული სამსახურის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

18 მარტს, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) 6-18 მარტს საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას სსფ-ის თანამშრომელთა წინასწარი მიგნებები გამოაქვეყნა. დასკვნითი განაცხადი, რომლის გამოქვეყნებაზეც საქართველოს ხელისუფლებამ თანხმობა განაცხადა, მიმოიხილავს საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას და აცხადებს, რომ ქვეყანამ  შოკებისადმი მედეგობა კვლავ უნდა გააძლიეროს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნებით და ზრდის პოტენციალის გაძლიერებით, გრძელვადიანი სტრუქტურული გამოწვევების გადაჭრითა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენებით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის დასკვნითი განაცხადი, წევრ ქვეყანაში სსფ-ს თანამშრომელთა ვიზიტის (მისიის) დასასრულს გასაჯაროებულ წინასწარ მიგნებებს წარმოადგენს. ეს მისია, რეგულარული, (ჩვეულებრივ ყოველწლიური), კონსულტაციების ფარგლებში შესრულდა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის წესდების IV მუხლითაა გათვალისწინებული და სსფ-ის რესურსების გამოყენების (სსფ-სგან სესხის აღების) მოთხოვნის, სსფ-ს თანამშრომელთა მიერ ქვეყნის პროგრამის მონიტორინგის ან ქვეყნის ეკონომიკაზე დაკვირვებისთვის არის აუცილებელი.

ბოლოდროინდელი ვითარება, პერსპექტივა და რისკები

სსფ აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისების მიუხედავად, საქართველოს ფინანსური ნაკადები კვლავ აღემატება ომის წინა პერიოდის მაჩვენებლებს. ისინი მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლების შენარჩუნებას უწყობენ ხელს. 2023 წელს მშპ 7.5%-ი იყო, ხოლო 2024 წელს მოსალოდნელია ზრდის ტემპის კლება წლიურ 5.7%-მდე. „მოხმარება, რასაც თავისმხრივ ხელს შეუწყობს ხელფასების ზრდა რეალურ გამოსახულებაში, ასევე, დასაქმების ზრდა, ეკონომიკის ზრდის მამოძრავებელი იქნება“, – ნათქვამია განაცხადში.

რაც შეეხება ინფლაციას, სსფ აცხადებს, რომ 2023 წელს არსებული 0.4%-იანი ინფლაცია წლის ბოლოს 4%-ს მიაღწევს, რადგან „წინა წელს დაფიქსირებულ პოზიტიურ საგარეო შოკებს ინფლაციაზე გავლენა აღარ ექნება და მონეტარული პოლიტიკაც ნაკლებად მკაცრი იქნება“. ამასთან, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტიც გაფართოვდება და 2023 წელს არსებული ისტორიულად დაბალი მაჩვენებლიდან (4.5%) 2024 წლის ბოლოსთვის 6%-მდე გაფართოვდება.

სსფ აღნიშნავს, რომ 2024 წლის ბიუჯეტი მშპ-ს 2.5 პროცენტი იქნება, და ეს მაჩვენებელი უკვე მოიცავს იმ გაზრდილ შემოსავლებს, რასაც ბანკებისთვის მოგების გადასახადის ზრდა და ახალი სათამაშო ბიზნესის გადასახადის შემოღებით იღებს ბიუჯეტი. შემოსავლები დაიხარჯება გაზრდილ ხელფასებზე, სოციალურ დახმარებებზე და კაპიტალურ ხარჯებზე, სახელმწიფოს ვალი მშპ-ს 40%-ზე ნაკლები იქნება.

„ეკონომიკის პერსპექტივის მიმართ, მეტწილად, დაღმავალ რისკებს ვხედავთ, თუმცა გარემო მნიშვნელოვანი გაურკვევლობით ხასიათდება როგორც ომთან დაკავშირებული მიგრანტების რაოდენობის, ასევე ფინანსური ნაკადების და გეო-ეკონომიკური ურთიერთობის ცვლილებების საკითხებზე“, – ნათქვამია განაცხადში, რომლის თანახმადაც დროის დაკარგვა, რეფორმების გეგმიდან ჩამორჩენა, ასევე დაღმავალი რისკია ეკონომიკისთვის, ხოლო პოზიტიურ რისკებს შორისაა სატრანზიტო ვაჭრობის და ინვესტიციების ზრდა, ახალი სავაჭრო შესაძლებლობები, რომელსაც ეს ახალი სავაჭრო კორიდორები აჩენს, ასევე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც, სსფ-ს თქმით, ინვესტორებისთვის პოზიტიურ სიგნალს წარმოადგენს.

პოლიტიკის პრიორიტეტი

„მაკროეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ძლიერი, მდგრადი და ინკლუზიური ზრდის და მდგრადობის უზრუნველყოფაზე, გაურკვეველი გარემოს ფონზე; ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადამწყვეტი პროგრესის მისაღწევად“, – ნათქვამია განაცხადში.

რაც შეეხება ფისკალურ პოლიტიკას, სსფ აცხადებს, რომ საშუალოვადიან პერიოდში მიზანშეწონილია ფისკალური კონსოლიდაციის გაგრძელება, რაც არსებული ფისკალური წესის პირობებში საკმარისი მარაგების დაგროვების და პროდუქტიული ხარჯვის გაზრდის შესაძლებლობას შექმნის. ამასთან, სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა და განახლებადი ენერგიის განვითარება ამ საწარმოთა პროდუქტიულობის ზრდისთვის, ფისკალური რისკების შესაზღუდად და სახელმწიფო საწარმოთა მფლობელობის სახელმწიფო პოლიტიკის ევროკავშირის პრინციპებთან დასაახლოვებლად არის საჭირო.

სსფ ხაზს უსვამს, რომ 2022 წელს მიღებული რეფორმის სტრატეგიის შესაბამისად, სახელმწიფო საწარმოთა შესახებ კანონმა უნდა უზრუნველყოს ფინანსთა სამინისტროსთვის ყველა იმ სათანადო უფლებამოსილების მინიჭება, რაც, მას ფისკალური რისკების მონიტორინგის და აცილების, ძლიერი ზედამხედველის როლის შესასრულებლად სჭირდება. „საჭიროა გაძლიერდეს ძალისხმევა ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის შესამცირებლად“, – ნათქვამია განაცხადში, რომლის თანახმადაც ელექტროენერგიის ბაზარი, რომლის გახსნაც რამდენჯერმე გადაიდო, უნდა გაიხსნას.

რაც შეეხება მონეტარული და გაცვლითი კურსის პოლიტიკას, სსფ აღნიშნავს, რომ გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნება და რეზერვების დაგროვება უარყოფითი გარე შოკებისგან თავის დასაცავად არის საჭირო, ხოლო ეროვნული ბანკის მმართველობისა და დამოუკიდებლობის გაძლიერება აუცილებელია მონეტარული პოლიტიკის სანდოობისთვის. „ამასთან დაკავშირებით, სებ-ის კანონში უნდა შეტანილი იქნეს შემდგეი ცვლილებები: 1) უზრუნველყოფილი იყოს ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში არააღმასრულებელი წევრების უმრავლესობა, 2) დაზუსტდეს და განმტკიცდეს ადგილმონაცვლეობითი წესი; ასევე საბჭოს წევრების კვალიფიკაციის კრიტერიუმები, და 3) მართვის არსებული საპრეზიდენტო მოდელი შეიცვალოს კოლეგიალურ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული მართვის მოდელით“, – ნათქვამია განაცხადში

ფინანსური სექტორის მდგრადობა

დასკვნით განაცხადში ხაზგასმულია, რომ საქართველოს საბანკო სისტემა „კარგად კაპიტალიზებული, მომგებიანი და ლიკვიდურია, თუმცა კვლავაც კონცენტრირებული და დოლარიზებულია“. დოკუმენტი აღნიშნავს, რომ „მუდმივი სიფხიზლეა საჭირო ფინანსური სექტორის რისკების მიმართ, მათ შორის კაპიტალის შემოდინების, ვირტუალური აქტივებისა და სანქციების მიმართ“.

სსფ აცხადებს, რომ უფრო ძლიერი, მეტად ინკლუზიური და სამუშაო ადგილებით მდიდარი ზრდა განათლების, პროდუქტიულობის, ინფრასტრუქტურისა და მმართველობის გაზრდას მოითხოვს. „სწავლებისა და ტრენინგის ხარისხის ამაღლება და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდა, მათ შორის მიწის რეგისტრაციის და მართვის გაუმჯობესებით, შეიძლება დაეხმაროს ფესვგადგმული მაღალი უმუშევრობის და სოფლის სამუშაო ძალის დაბალი მონაწილეობის პრობლემის აღმოფხვრას. ტრანსპორტში, ლოჯისტიკას და ენერგეტიკაში ინვესტიციების პრიორიტეტიზაცია სავაჭრო ხარჯების შემცირებას, ვაჭრობის დივერსიფიკაცას და რეგიონული კავშირის გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია განაცხადში. „მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეგიონში და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის კანონის უზენაესობისა და კორუფციის არარსებობის კუთხით ლიდერია, ბოლო წლებში მმართველობის მაჩვენებლები გაუარესდა. მმართველობის სტანდარტების და კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად, საქართველომ უნდა გააძლიეროს სასამართლო სისტემა და გააძლიეროს ანტიკორუფციული სამსახური“, – აცხადებს სსფ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button