ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოსთვის 2025 წელს 117 მლნ აშშ დოლარის დახმარების გამოყოფას ითხოვს
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და USAID-ს 2025 წლის ბიუჯეტში საქართველოსთვის სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით 116.5 მლნ აშშ დოლარის დახმარების გამოყოფას სთხოვს.
კერძოდ, ბიუჯეტის დასაბუთების დოკუმენტი საქართველოსთვის 80 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს ევროპის, ევრაზიის და ცენტრალური აზიის დახმარების ფონდიდან (AEECA). შედეგად, ქვეყანა დახმარების მეორე უმსხვილესი პოტენციური მიმღები იქნება ევროპისა და ევრაზიის რეგიონში, უკრაინის შემდეგ (250 მლნ აშშ დოლარი).
2023 წლის ბიუჯეტის დასაბუთების დოკუმენტი საქართველოსთვის 88 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა ევროპის, ევრაზიის და ცენტრალური აზიის დახმარების ფონდიდან. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს დაფინანსების შემცირებაზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს. თავდაპირველად, კობახიძემ განაცხადა, რომ ის ამ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებდა, ვინაიდან გადაწყვეტილებას ამერიკის შეერთებული შტატები იღებს. თუმცა, შემდეგ აღნიშნა, რომ „ამ დაფინანსების ძალიან დიდი ნაწილი მიემართება არასამთავრობო ორგანიზაციებზე“, რომელთაც „იმედები გაუცრუეს ამერიკის სახელმწიფოს და შეიძლება ეს გახდა დაფინანსების შემცირების მიზეზი“.
უცხოური სამხედრო დაფინანსების პროგრამების ფარგლებში, საქართველოსთვის 25 მლნ აშშ დოლარის გამოყოფაა მოთხოვნილი, რის შედეგადაც ის მეორე უმსხვილესი მიმღებია უკრაინის შემდეგ (94.6 მლნ აშშ დოლარი). ლიეტუვისთვის, ლატვიისა და ესტონეთისთვის გათვალისწინებული დაფინანსება თითოეულისთვის 9.75 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
საქართველო ასევე მიიღებს 1.75 მლნ აშშ დოლარს სამხედრო განათლებისა და წვრთნის საერთაშორისო პროგრამების (IMET) მეშვეობით.
3.25 მლნ აშშ დოლარს საქართველო გლობალური ჯანდაცვის პროგრამების-USAID-ის ფარგლებში მიიღებს. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველო 4.4 მლნ აშშ დოლარს მიიღებს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში.
1 მლნ აშშ დოლარი იარაღის გაუვრცელებლობის, ტერორიზმთან ბრძოლის, განაღმვისა და სხვა პროგრამების ფარგლებში გამოიყოფა, ხოლო 1.1 მლნ აშშ დოლარი – ჩვეულებრივი შეიარაღების განადგურებისა და ექსპორტის კონტროლის და მასთან დაკავშირებული საზღვრის უსაფრთხოების დაფინანსების ფარგლებში.
საქართველოს პრიორიტეტები
ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ 2025 წლის მოთხოვნაში შენარჩუნებულია „მხარდაჭერის მაღალი დონე საქართველოს, მოლდოვის, უკრაინისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიმართ. ამავდროულად, უზრუნველყოფილია ბელარუსი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერა“.
ევროპის, ევრაზიის და ცენტრალური აზიის დახმარების ფონდიდან (AEECA) გამოყოფილი 80 მლნ აშშ დოლარი ქვეყნის „დემოკრატიზაციას, ეკონომიკურ განვითარებას, ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასა და საზიანო გავლენასთან დასაპირისპირებლად მედეგობის განმტკიცებას“ დაეხმარება.
დოკუმენტის თანახმად, ფინანსური სახსრები ასევე დაეხმარება სახელისუფლებო შტოთა შორის ბალანსის დამყარებას და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევას, რომ წინ წაწიონ დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება, გააუმჯობესებს წვდომას დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებულ მედიაზე და პოლიტიკურ პლურალიზმს შეუწყობს ხელს.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ დაფინანსება დაეხმარება შერიგებისკენ მიმართულ ძალისხმევას, მათ შორის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან, გაზრდის ენერგოუსაფრთხოებას და სუფთა ენერგიას განავითარებს, ასევე გააძლიერებს კიბერუსაფრთხოებასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დაეხმარება.
რაც შეეხება სამხედრო განათლებისა და წვრთნის საერთაშორისო პროგრამების (IMET) მეშვეობით მიღებულ დაფინანსებას, მისი „პრიორიტეტული მიმღებები არიან ბულგარეთი, საქართველო, რუმინეთი და უკრაინა“.
„IMET წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას იმ სამხედრო ალიანსებისა და საერთაშორისო კოალიციების გასაძლიერებლად, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისა და რეგიონული სტაბილურობისთვის“.
უცხოური სამხედრო დაფინანსების პროგრამების განმარტებით ბარათში ასევე ხაზგასმულია, რომ პრიორიტეტული მიმღებები არიან უკრაინა, საქართველო, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა.
„ვინაიდან რეგიონული ლანდშაფტი სწრაფად იცვლება 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, უსაფრთხოების სტრატეგიული პრიორიტეტები უცვლელი რჩება: რუსეთის აგრესიასა და გავლენასთან დაპირისპირება მოკავშირეებისა და პარტნიორების შესაძლებლობების გაძლიერებით, რათა მათ დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა; მათი თავდაცვის უზრუნველყოფა ნატოსა და სხვა დასავლელ ძალებთან თავსებადობის გაუმჯობესების გზით; თავდაცვის სფეროში მდგრადი რეფორმების განხორციელება“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ასევე წაიკითხეთ:
- 29/03/2022 – თეთრი სახლი საქართველოსთვის 2023 წელს 126 მლნ აშშ დოლარის დახმარების გამოყოფას ითხოვს
- 01/06/2021 – აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოსთვის 2022 წელს 120.6 მლნ აშშ დოლარის დახმარების გამოყოფას ითხოვს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)