ახალმა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ვიცე-პრემიერები დანიშნა
საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 12 თებერვალს მისი მთავრობის პირველი სხდომა გამართა.
კობახიძემ პირველ ვიცე-პრემიერად ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი დანიშნა. დავითაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტში ვიცე-პრემიერად მსახურობდა. კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ვიცე-პრემიერის თანამდებობა შეინარჩუნა. ვიცე-პრემიერი იქნება ასევე თავდაცვის ახალი მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. ამასთანავე, კობახიძემ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად მიხეილ ფეიქრიშვილი დანიშნა, რომელმაც ამ პოსტზე ნინო გიორგობიანი შეცვალა.
პრემიერ-მინისტრმა სამძიმარი გამოუცხადა გასულ კვირას დასავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. მისი თქმით, ზარალი შეფასებულია და დაზარალებულები ანაზღაურებას მიიღებენ და საჭიროების შემთხვევაში, ამისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდანაც იქნება გამოყოფილი რესურსები.
მთავრობის სამომავლო გეგმებზე საუბრისას კობახიძემ აღნიშნა, რომ „იმისათვის, რომ მაქსიმალურ შედეგებს მივაღწიოთ, ჩვენი საქმიანობა, მთავრობის საქმიანობა, უნდა ეფუძნებოდეს ძალიან მყარ პრინციპებს“.
„პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით. ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს მაქსიმალურად ღია მოქალაქეებისთვის და იმავეს მოვითხოვთ ყველა სხვა სახელმწიფო უწყებისგან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მან მუშაობის ხარისხზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ „ხარვეზების მინიმუმამდე დასაყვანად უნდა გავაძლიეროთ ხარისხის კონტროლის და ზედამხედველობის ყველა შესაბამისი მექანიზმი, იგივე ეხება საზოგადოებრივი მომსახურების ხარისხს“.
კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ გადაწყვეტილებები ყველა თემასთან დაკავშირებით „უნდა იყოს მიღებული საზოგადოებასთან, სპეციალისტებთან, დარგის წარმომადგენლებთან ძალიან ფართო კონსულტაციების საფუძველზე. ყოველთვის, როცა ვიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებას, საზოგადოებას მაქსიმალურად ფართოდ უნდა განვუმარტოთ ამ გადაწყვეტილების შინაარსი, მიზეზები“. მისი თქმით, ეს უნდა იყოს მისი მთავრობის საქმიანობის „ერთ-ერთი სახელმძღვანელო პრინციპი“. კობახიძემ ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხის გარშემო არსებულ უთანხმოებაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ „გვჭირდება შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან, საავადმყოფოს კოლექტივთან აქტიური კონსულტაციები იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, სათანადო გადაწყვეტილებები მივიღოთ“.
პრემიერ-მინისტრი კორუფციის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მართალია ქვეყანას აქვს კარგი შედეგები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, „კიდევ უფრო მაღალი ამბიციები უნდა გვქონდეს და ჩვენ უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ამ თვალსაზრისით ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, რაც არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)