ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერობის ამბიცია არ აქვს

როდესაც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს 28 თებერვალს Chatham House-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე „საქართველოს ევროპული შესაძლებლობა“ სიტყვით გამოსვლის შემდეგ ოპოზიციის დახმარებაში მისი როლის შესახებ ჰკითხეს, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ის არ აპირებს გახდეს „ოპოზიციის ლიდერი“.

„ზოგიერთს სურს, რომ ეს როლი მოვირგო, მაგრამ არ მგონია, რომ ეს გონივრული გადაწყვეტილება იყოს“, – აღნიშნა მან. მისი განცხადება მოჰყვა გავრცელებულ სპეკულაციებს საარჩევნო მარათონში მისი შესაძლო მონაწილეობის შესახებ, რადგან ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადა წლის ბოლოს იწურება.

მოახლოებული არჩევნების კონტექსტში მან დაპატიმრებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება არ არის დამოკიდებული მის პატიმრობაზე. ზურაბიშვილის თქმით, სააკაშვილის ციხეში ყოფნას „რეალური მიზეზები“ აქვს და რომ „ის ნავალნი არ არის“.

რაც შეეხება მის გამოსვლას ღონისძიებაზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ღრმად ფესვგადგმულ კავშირებს ევროპასთან და პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ ევროპასთან დაახლოების მიმართულებით მიაღწია, მიუხედავად რუსეთის დესტრუქციული გავლენისა და მიმდინარე ოკუპაციისა.

მან ხაზი გაუსვა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლის მნიშვნელობას და უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო სოლიდარობის აუცილებლობას.  

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეშფოთება გამოხატა რუსული პროპაგანდის გავლენის გამო, რაც, მისი თქმით, დასავლური საზოგადოებების ერთიანობის შელახვას ისახავს მიზნად. მან ხაზი გაუსვა რუსეთის მავნებლურ ძალისხმევასთან დაპირისპირების მნიშვნელობას და მსგავს ტაქტიკებთან მიმართებით საქართველოს გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება.  

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა უკრაინის გამარჯვების მნიშვნელოვან როლს საქართველოსა და ევროპის მომავლის ჩამოყალიბებაში. მისი თქმით, მიუხედავად რუსეთის მცდელობისა, უკრაინა არ დამარცხებულა და პირიქით, ის „უკვე გამარჯვებულია ბევრი თვალსაზრისით“.

როდესაც პრეზიდენტს უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების სადავო პოზიციაზე ჰკითხეს, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ 2023 წლის დეკემბერში ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების შემდეგ რიტორიკა შეიცვალა. მისი თქმით, პოლიტიკაში ივანიშვილის ოფიციალურმა დაბრუნებამ ასევე განაპირობა „გარკვეული ცვლილებები“ არაფორმალურ მმართველობაში.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტიკური ძალები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, თუ რა შესთავაზონ საზოგადოებას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯს ვერ განახორციელებს და დასძინა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება „ევროპა თუ ევროპის გარეშე“.

ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საქართველოში ბოლო წლებში ჩინეთის ჩართულობის ზრდას გაუსვა ხაზი, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში. მისი ვარაუდით, ეს ტენდენცია ნაწილობრივ ჩინური ინვესტიციების ეფექტურობითაა გამოწვეული და ასევე იმით, რომ „ჩვენი დასავლელი პარტნიორები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი და, ალბათ, მეტი ჩართულობა გვჭირდება“ მათი მხრიდან.

ამ კონტექსტში მან ასევე ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მისი განვითარება გადამწყვეტია იმისთვის, რომ რუსეთი არ იყოს ექსკლუზიურად წარმოდგენილი შავ ზღვაზე.

პრეზიდენტს ასევე ჰკითხეს შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ამჟამინდელი პატრიარქი პრორუსმა პატრიარქმა ჩაანაცვლოს, ასევე როგორია დამოკიდებულება ქართველებსა და იმ რუსებს შორის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მასობრივად შემოვიდნენ საქართველოში.

„მე ვფიქრობ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მართლმადიდებელ ქვეყანაში, ძალიან ახლოსაა ხელისუფლებასთან და მიდრეკილია მიჰყვეს აქცენტების ცვლილებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა და იმედი გამოთქვა, რომ ეკლესია პროდასავლურ რიტორიკას მიჰყვება და აირჩევს არა პრორუს, არამედ პროქართველ და პროევროპელ პატრიარქს.

რაც შეეხება რუსებს საქართველოში, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ისინი არ სწავლობენ ქართულს, არ აქვთ დიდი თანაგრძნობა საქართველოს მიმართ, რათა აღიარონ, რომ ეს არის ოკუპირებული ქვეყანა, რომ მისი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია“.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ რუსებმა უნდა თქვან, რომ არ ეთანხმებიან რუსეთის იმპერიალისტურ ქცევას. ამ კონტექსტში მან ასევე აღნიშნა, რომ რუსებმა საკუთარი შვილები საქართველოში ქართულ სკოლებში უნდა მიიყვანონ და არა რუსულში, რათა ისინი ქვეყნის ნაწილი გახდნენ. მან ამ კუთხით საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რუსებს შორის შეიძლება პუტინის მომხრეებიც იყვნენ, არ არის აუცილებელი, რომ ყველა ასეთი იყოს. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსების შემოდინებამ საქართველოში პოზიტიურ ეკონომიკურ მაჩვენებლებს შეუწყო ხელი. დადებით შედეგებს შორის პრეზიდენტმა „ნიჭიერ ახალგაზრდა რუსებზე“ გაამახვილა ყურადღება, რომელთაც, მისი თქმით, შეუძლიათ დადებითი გავლენა მოახდინონ საქართველოს ეკონომიკაზე, მაგრამ „საერთო ჯამში, ამას [რუსების შემოდინებას] უფრო მეტი კონტროლი სჭირდება, ვიდრე ჩვენ ამას ვაკეთებთ“.

დონალდ ტრამპის ხელახალი არჩევის შესაძლებლობაზე დასმულ კითხვაზე და ექნება თუ არა ამას გავლენა აშშ-ის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერაზე, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას არ შეუძლია და არ განიხილავს საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის არჩევნებს და „მინდა დარწმუნებული ვიყო“, რომ უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერა კვლავ ორპარტიული დარჩება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button