skip to content
ახალი ამბებიდაწვრილებით

საქართველო ინტერნეტის თავისუფლების შესახებ Freedom House-ის 2023 წლის ანგარიშში

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის მიერ ინტერნეტის თავისუფლების შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველო „თავისუფალი“ ქვეყნების სიაში რჩება. საქართველოს ქულა, წინა წელთან შედარებით, ორი პუნქტით შემცირდა და 100-ქულიან სკალაზე 76 გახდა.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველომ შეინარჩუნა ონლაინ თავისუფლება საანგარიშო პერიოდში (2022 წლის 1 ივნისი – 2023 წლის 31 მაისი), თუმცა გარკვეული შემთხვევების გამო გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ამ შემთხვევებს შორის იყო 480 ვებგვერდის დაბლოკვა სატელეკომუნიკაციო მარეგულირებლის მიერ საავტორო უფლებების დარღვევისთვის, META-ს ანგარიში, რომელმაც გამოავლინა კავშირი სამთავრობო დეპარტამენტებსა და სოციალურ მედიაში იმ არაავთენტურ ანგარიშებს შორის, რომლებიც ხელს უწყობდნენ მთავრობისთვის ხელსაყრელი გზავნილების გავრცელებას, ასევე 2022 წლის ივლისში, კონკრეტული პირის ხანმოკლე დაკავება ფეისბუქზე პოლიციის კრიტიკისთვის.  

სამი ნაწილისგან შემდგარი ანგარიში ასახავს სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ინტერნეტზე წვდომის, შინაარსზე დაწესებული შეზღუდვებისა და მომხმარებელთა უფლებების დარღვევის კუთხით. ანგარიში არ მოიცავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებს.

ინტერნეტზე წვდომის დაბრკოლებები

ინტერნეტზე წვდომის დაბრკოლებების მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობა 25 ქულიდან კვლავ 19-ით არის შეფასებული. ანგარიშში საქართველოში ინტერნეტთან წვდომის ერთ-ერთი გამოწვევად ინფრასტრუქტურული ბარიერებია დასახელებული. გარდა ამისა, დაფიქსირდა პრობლემები მარეგულირებელ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც მოწმობს მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის, ე.წ. 5G-ის დასანერგად  გამოცხადებული აუქციონის მიმართ გამოთქმული კრიტიკა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2022 წლის ივლისში SpaceX-ის Starlink-მა კომუნიკაციების კომისიისგან მიიღო ნებართვა საქართველოში სერვისების განხორციელებაზე, რომელიც 2023 წელს უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი, თუმცა საანგარიშო პერიოდის დასასრულს ჯერაც არ იყო ხელმისაწვდომი (მომსახურება ხელმისაწვდომი 2023 წლის ნოემბერში გახდა).

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ინტერნეტთან წვდომა საქართველოში ზოგადად ხელმისაწვდომია, მაგრამ მიუხედავად ამ ხელმისაწვდომობისა, არსებობს ციფრული განსხვავებები ასაკისა და გეოგრაფიული არეალის მიხედვით. ქალაქში ოჯახებს ინტერნეტთან წვდომის უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვთ, ვიდრე სოფლად. ამასთან, რეგიონები ცუდად განვითარებული ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის პრობლემის წინაშე დგანან, რაც კავშირის ხარისხზე მოქმედებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ინტერნეტთან მიერთებაზე შეზღუდვებს არ აწესებს. ინტერნეტის ძირითად ინფრასტრუქტურას კერძო კომპანიები მართავენ და სხვადასხვა სერვისის მომწოდებლები მინიმალური სამართლებრივი თუ მარეგულირებელი ბარიერების წინაშე დგანან, თუმცა ბაზრის კონცენტრაცია კონკურენციას ზღუდავს.

ანგარიშში განხილულია კომუნიკაციების კომისიის (ComCom) გარშემო არსებული  წუხილები და გამოწვევები. დოკუმენტი ხაზს უსვამს გამჭვირვალობის, დამოუკიდებლობისა და მმართველ პარტიასთან სავარაუდო თანამშრომლობის საკითხებს, რაც კრიტიკული მედია საშუალებების მიმართ დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებების მიღების მიზეზი ხდება.

შეზღუდვები შინაარსზე

საქართველოს მაჩვენებელმა მოცემულ კატეგორიაში 35 ქულიდან 29 ქულა შეადგინა (2-ქულიანი კლება 2022 წლის შემდეგ). საქართველომ ერთი ქულა იმის გამო დაკარგა, რომ კომუნიკაციების კომისიამ რამდენიმე წლის განმავლობაში ასობით ვებგვერდის დაბლოკვა მოითხოვა. ეს მოთხოვნა იმ ვებგვერდებს ეხებოდა, სადაც განთავსებული იყო პირატული, პორნოგრაფიული ან უკანონო კონტენტი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანგარიშში ნათქვამია, რომ 2017 წლიდან 2022 წლის სექტემბრის ბოლომდე, ComCom-მა ინტერნეტ სერვისის მომწოდებლებს 480 ვებგვერდის დაბლოკვა მოსთხოვა, ძირითადად საავტორო უფლებების დარღვევის გამო. თუმცა, ვებსაიტების დაბლოკვის სტატისტიკა შესაბამის ორგანოებს არ გამოუქვეყნებიათ.

კიდევ ერთი ქულა საქართველომ იმის გამო დაკარგა, რომ მართალია ხელისუფლება მონაწილეობდა ვებგვერდების დაბლოკვაში, დაბლოკილი გვერდების საჯაროდ ხელმისაწვდომი სია არ წარმოუდგენია. გარდა ამისა, არასრულწლოვანთა ინტერესების გათვალისწინებით მედიის რეგულირების ცვლილებებმა შეშფოთება გამოიწვია სარედაქციო დამოუკიდებლობის შესაძლო შეზღუდვის გამო.  ამ ცვლილებების თანახმად, 2021 წლის დეკემბერში მთავრობამ აკრძალა ონლაინ აზარტული თამაშების რეკლამა, ხოლო 2022 წლის მარტში შეზღუდა ონლაინ აზარტულ თამაშებზე 25 წლამდე ასაკის პირების წვდომა.  

ანგარიშში ხაზგასმულია შემთხვევები, როდესაც ხელისუფლება, სახელისუფლებო აქტორები და ადგილობრივი პოლიტიკური ჯგუფები ცდილობდნენ ონლაინ კონტენტით მანიპულირებას, რათა გავლენა მოეხდინათ საზოგადოებრივ აზრზე, განსაკუთრებით დემონსტრაციების, საარჩევნო კამპანიებისა და პოლიტიკური კრიზისების დროს. დეზინფორმაციული კამპანიების სამიზნე არასამთავრობო ორგანიზაციები და ონლაინ მედია საშუალებები იყვნენ. ეს კამპანიები კიდევ უფრო აქტიურდებოდა კონკრეტული პოლიტიკური მოვლენების შემდეგ, როგორიც იყო ევროკავშირის უარი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, განხეთქილება მმართველ პარტიაში და საპროტესტო აქციები „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ.

საანგარიში პერიოდში ასევე დაფიქსირდა გეოპოლიტიკური მოვლენების შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელების, ასევე ოპოზიციურ მედიაზე თავდასხმების შემთხვევები. რაც შეეხება საქართველოში ონლაინ მედიაგარემოს დივერსიფიკაციას, კვლავ რჩება გამოწვევები მრავალფეროვანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, განსაკუთრებით დაუცველ ჯგუფებსა და უმცირესობების ხმებთან მიმართებაში, როგორიცაა LGBTQ+ თემი.

მომხმარებელთა უფლებების დარღვევა

ამ კატეგორიაში საქართველოს ქულა 40-დან 28-ზე შენარჩუნდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ მაშინ როცა ციფრული უფლებები და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, არსებობს ეჭვები იმასთან დაკავშირებით, შეუძლია თუ არა სასამართლო სისტემას, რომლის დამოუკიდებლობაც შეზღუდულია, ამგვარი დაცვის აღსრულება. კონსტიტუციური გარანტიების მიუხედავად, გაჩნდა წუხილები მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებში ცვლილებების თაობაზე, რასაც მოყვა გაუმჭვირვალე დანიშვნის პროცესები და შეშფოთება დანიშნულ მოსამართლეთა კვალიფიკაციისა და მიუკერძოებლობის შესახებ. ასევე არსებობს შეშფოთება პოლიტიკურ ოპოზიციასა და კრიტიკული მედიის მფლობელებზე სასამართლო ზეწოლასთან დაკავშირებით.

ანგარიშში ნახსენებია შემთხვევა, როდესაც ერთი პიროვნება სოციალურ მედიაში პოლიციელის ლანძღვის გამო დააპატიმრეს. ეს ინციდენტი ონლაინ საქმიანობისთვის სამართლებრივი დევნის უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია. კიდევ ერთ შემთხვევაში TikTok-ის მომხმარებელი თბილისის მერისა და პოლიციის კრიტიკის გამო დააჯარიმეს. ერთი ადამიანი ფეისბუქზე პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტისთვის 48 საათით დააკავეს, ხოლო აქტივისტი ფეისბუქსზე გამოქვეყნებული პოსტის გამო ცილისწამებისთვის დააჯარიმეს. გარდა ამისა, „ფორმულა ნიუსის“ დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე იმ პოსტის გამო დაიკითხა, სადაც ის ხალხს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციის გამართვისკენ მოუწოდებდა.

ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოში ინტერნეტ აქტივობაზე სახელმწიფო თვალთვალის შემაშფოთებელი ტენდენცია, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეების პირადი ცხოვრების უფლებებს. დოკუმენტში საუბარია, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ფაილებზე, რომლებიც შეიცავდა ინფორმაციას სხვადასხვა პირების, მათ შორის სასულიერო პირების, ჟურნალისტების, ოპოზიციის ლიდერებისა და დიპლომატების შესახებ. ეს ფაილები  შეიცავდა სენსიტიურ ინფორმაციას, დაწყებული პოლიტიკური შეხედულებებიდან დამთავრებული პირადი ურთიერთობებით.

გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში გაიზარდა ხელისუფლების ოპონენტებისა და ქალების ონლაინ შევიწროება და ბულინგი. თუმცა, ამ პერიოდში სამთავრობო ვებგვერდებზე მნიშვნელოვანი კიბერშეტევების არარსებობამ ქულის მცირედი გაუმჯობესება განაპირობა მიუხედავად იმისა, რომ კიბერშეტევები საქართველოში ბოლო წლების მუდმივი პრობლემაა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button