ახალი ამბები

სატრანსპორტო პოლიტიკის გამო მერის კრიტიკას კურიერის შევიწროება მოყვა

მიტანის სერვისის კურიერმა, ირაკლი მილაძემ განაცხადა, რომ ქალაქის ხელისუფლების წინააღმდეგ „ტიკ-ტოკზე“ვიდეოს განთავსებას მისი შევიწროება და სასამართლოს მიერ დაჯარიმება მოყვა. მილაძემ ვიდეო 2022 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა, სადაც აცხადებდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები უკანონოდ იყენებდნენ თბილისში მდებარე ბასლაინებს. მან თბილისის მერი, კახა კალაძე და პოლიციაც გააკრიტიკა, რომლებიც ბასლაინზე გავლისთვის რიგით მოქალაქეებს აჯარიმებენ, ხოლო ჩინოვნიკებისა და უსაფრთხოების თანამშრომლების დაბურულმინებიანი მანქანები ამისთვის არ ისჯებიან.

რა ბრალდებები წამოაყენა მილაძემ?

მილაძემ უთხრა ტელეკომპანია „ტვ პირველს“, რომ ვიდეოს ატვირთვის შემდეგ, მან შეამჩნია, რომ რამდენიმე დღეს მას დაბურულმინებიანი ორი მანქანა უთვალთვალებდა. მისივე თქმით, 10 დეკემბერს მას სამოქალაქო მანქანა აედევნა; მას შემდეგ, რაც მილაძემ მანქანა გააჩერა, ადევნებული მანქანიდან ხუთი ადამიანი მიუახლოვდა მას და პირადობის მოწმობა მოსთხოვა. შემდეგ კი სთხოვეს, რომ მათ მანქანაში ჩამჯდარიყო, რაზეც იგი დათანხმდა. ოთხი ადამიანი მასთან ერთად მანქანაში ჩაჯდა, მეხუთე კი გარედან ვიდეოს იღებდა. მილაძის თქმით, მას ჰკითხეს, როგორ გაბედა მან „მათი მისამართით“ გინება და უთხრეს, რომ ამისთვის დაისჯებოდა. შემდეგ, მილაძის თქმით, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბოდიშის მოხდას აიძულებდნენ, რაზეც მან უარი თქვა.  

მილაძის თქმით, ხუთმა მამაკაცმა ის დიღმის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანა, სადაც იგი დაკითხეს და ტანსაცმლის გახდა მოსთხოვეს. ეს პროცესი მათ ორჯერ გადაიღეს. მოგვიანებით, მას პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალი წაუყენეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

12 დეკემბერს სასამართლო პროცესი დაიწყო, თუმცა სასამართლო მოსმენა ერთი თვით გადაიდო. მოსმენის დროს, პოლიციის თანამშრომელმა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ პოლიცია უწყების ჩასაბარებლად იყო მისული მილაძის სახლში, თუმცა ის გაიქცა. სასამართლომ მილაძე პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის 2 000 ლარით დააჯარიმა.

სოციალური მედია როგორც „საჯარო სივრცე“

მეორე მოსმენის შემდეგ, სასამართლომ მილაძეს კიდევ მეორე 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა მას შემდეგ, რაც დაადგინა, რომ „ტიკ-ტოკის“ ვიდეო წარმოადგენდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის „სიტყვიერი შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას“. სასამართლოს გადაწყვეტილება დაეფუძნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილს.

სასამართლომ აღნიშნა, რომ „ტიკ-ტოკი“ და სოციალური მედია მიიჩნევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით განსაზღვრულ საზოგადოებრივ სივრცედ და ადგილად და შესაბამისად ნებისმიერ პირს ამ პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსებისას აქვს ვალდებულება, დაიცვას საზოგადოდ მიღებული ეთიკისა და ზნეობის ნორმები. სასამართლოს თქმით, პოლიციის თანამშრომელმა ვიდეოს სოციალურ ქსელში ნახა და ის შეურაცხყოფად აღიქვა, რასაც მილაძის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა მოყვა.  

„სასამართლოს მოსაზრებით, გამოქვეყნებული ვიდეოს შინაარსი სცილდებოდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს”, – ნათქვამია ანგარიშში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) 21 ივნისს გამოაქვეყნა.

საიამ, რომელიც მილაძის ინტერესებს იცავს სასამართლოში, აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სახიფათო პრეცედენტს ქმნის, რომელიც სიტყვის თავისუფლების სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

თბილისის მერიის გამოხმაურება

თბილისის მერიამ მილაძის ბრალდებას „სრული ტყული“ უწოდა და „ტვ პირველი“ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მერიამ აღნიშნა, რომ  ხაზგასმა, თითქოს ახალგაზრდა მხოლოდ და მხოლოდ თბილისის მერის მისამართით გამოთქმული უცენზურო სიტყვების გამო დაჯარიმდა, არის „სრული ტყუილი“ და კახა კალაძის რეპუტაციის შელახვის მცდელობა.

„გვინდა, მოვუწოდოთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ საკუთარ პროფესიას და საზოგადოებას, რომელიც მათგან ელოდება არა ყალბ და დამახინჯებულ ინფორმაციას, არამედ რეალურ ფაქტებს. აქვე შევახსენებთ ყველას, ცილისწამება დანაშაულია, რომელიც ისჯება კანონის შესაბამისად“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button