ახალი ამბები

პრეზიდენტს 2024 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევა აშფოთებს

27 თებერვალს Sky News-სთან ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია 2024 წლის „ძალიან მნიშვნელოვან“ საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამო.

კითხვაზე აწუხებს თუ არა მას, რომ რუსეთს ისევ აქვს გავლენა საქართველოზე, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ეს ყველას უნდა აწუხებდეს, არა მხოლოდ ჩვენ“. „ჩვენ ეს გვაწუხებს, რადგან ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია;  ჩვენ ეს გვაწუხებს, რადგან ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება“.

„და ვიცით, ბევრი სხვა, ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნის გამოცდილება – როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა და როგორ შეუძლია რუსეთს ჰიბრიდული ომის გაჩაღება“, – აღნიშნა მან.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო პირადად განიცდის კიბერშეტევებს, პროპაგანდას, მარგინალური ჯგუფების დაფინანსებას. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის, ოკუპაციის გათვალისწინებით, „პრორუსული ჯგუფებისა და პარტიების ყოლა საკმაოდ რთული წარმოსადგენია, მაგრამ არიან პრორუსული [ჯგუფები], რომლებიც ამის შესახებ ღიად არ აცხადებენ, შემოედინება დაფინანსება ამ ჯგუფებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გარკვეული ფორმების მხარდასაჭერად. საქართველოში ვხედავთ იმას, რასაც სხვაგანაც ვხედავთ და დარწმუნებული ვარ, წელს კიდევ უფრო მეტს დავინახავთ, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“.

საქართველოში რუსეთის წინა შემოჭრებზე საუბრისას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ კონტექსტში, საქართველოს და უკრაინას პარალელური ისტორიები აქვთ და „ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა ევროკავშირთან მეტი დაახლოებაა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button