skip to content
ახალი ამბები

გელათზე კრიტიკული დასკვნის პარალელურად თანაგუნდელები თეა წულუკიანს ექომაგებიან

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ ქუთაისის გელათის მონასტრის რესტავრაციის შესახებ კრიტიკული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, გელათის რესტავრაციის საკითხი ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. საზოგადოების ნაწილმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა კულტურის მინისტრ, თეა წულუკიანს დააკისრეს და მთავრობა და უმრავლესობის დეპუტატები „დანაშაულებრივი“ დუმილის გამო გააკრიტიკეს. ოპონენტების კრიტიკის საპასუხოდ, კულტურის მინისტრმა თანაგუნდელების მხარდაჭერა მიიღო.

8 თებერვალს, პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სწორედ თეა წულუკიანის „პირადი ჩაძიებისა და კვლევის შედეგია, ის, რომ ბევრი რაღაც გაირკვა, იმასთან დაკავშირებით, თუ რა დარღვევები წარმოებდა, სამწუხაროდ, ამ ძეგლზე“.

მანვე აღნიშნა, რომ მათ, ვისაც „ნამდვილად შესტკივათ გული“ არ ჰყავთ „იმაზე კარგი მოკავშირე, ვიდრე ეს არის ქალბატონო თეა წულუკიანი“. „როდესაც მართლა ყველა დუმდა, ქალბატონი თეა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ამაზე ხმა ამოიღო, ჩაეძია, გამოიკვლია, დოკუმენტურად დაადასტურა გარკვეული საკითხები“, – ხაზი გაუსვა მან და დასძინა, რომ იგი ახლა კულტურის მინისტრის პოზიციიდან არის დაკავებული ამ საკითხით.

გუშინვე კულტურის მინისტრს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძეც გამოექომაგა და განაცხადა, რომ გელათის პრობლემა დღეს და გუშინ არ შექმნილა და „ბევრი წლის განმავლობაში გროვდებოდა“. მისივე თქმით, პრობლემის ღიად შესწავლა პარლამენტში სწორედ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით დაიწყო და „პრობლემების გამოკვლევა-შესწავლის შესაძლებლობა მთელი ოპოზიციისთვის გახსნილი იყო“.

„სწორედ ამ დროს დაიწყო მასზე თავდასხმა და ამ თავდასხმების ავანგარდში აღმოჩნდნენ ადამიანები, ვის ხელშიც ფუჭდებოდა ეს საქმე“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ და ხაზი გაუსვა, რომ „გელათის გადარჩენას უდავოდ შეუწყობს ხელს ის საქმეები, რომლებსაც ხელისუფლება ამ მიმართულებით ახორციელებს“.

„ლელოს“ აქცია პარლამენტთან

კულტურის მინისტრისადმი უმრავლესობის დეპუტატების მხარდამჭერი განცხადებები პარტია ლელოს ორგანიზებით პარლამენტთან ასევე გუშინ გამართულ საპროტესტო აქციას და ლელოს დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებებს მოჰყვა. გუშინდელ აქციაზე ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ გელათის გარშემო მიმდინარე პროცესებზე „ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა“ კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს აკისრია.

„მაგრამ ის დუმილი, რომელიც საქართველოს პარლამენტში არის უმრავლესობის მხრიდან, გელათთან მიმართებით და ის დანაშაულებრივი გულგრილობა, რომელსაც დანარჩენი მთავრობა იჩენს გელათთან მიმართებით, არის ძალიან მძიმე, რომლის გადაწონვაც მე არ ვიცი, რას შეუძლია დღეს“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ აქცია „არის შეხსენება მათთვის, რომ იმოქმედონ ახლა მაინც“.

გელათის პრობლემაზე ანა ნაცვლიშვილმა 7 თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნაზეც გაამახვილა ყურადღება და პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობის დეპუტატებს მონასტრის მონახულებისკენ მოუწოდა. „ისტორია ყველას დაიმახსოვრებს, მათაც, ვინც ვცდილობდით და მათაც, ვინც არაფერს აკეთებდით და პირში წყალი გქონდათ ჩაგუბებული. ინგრევა ტაძარი და ეს იქნება თქვენი პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ თეა წულუკიანის“, – მიმართა მან „ოცნების“ დეპუტატებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button