skip to content
ევროპამთავარი თემა

ლიეტუვა: მოსკოვისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოების დაპირისპირების ახალი ველი

რელიგია რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია, რომელსაც კრემლი თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კრემლის ომს დაუჭირა მხარი.


მამუკა კომახია პოსტსაბჭოთა სივრცის პოლიტიკას იკვლევს


მოსკოვის საპატრიარქოს საომარმა რიტორიკამ არაერთ ქვეყანაში მის ლეგიტიმაციას პრობლემა შეუქმნა, მათ შორის ლიეტუვაშიც, სადაც მოსკოვის საპატრიარქოს გავლენას საფრთხეს უქმნის კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, რომლის რელიგიური სტრუქტურაც ლიეტუვაში 2024 წლის იანვრიდან შეუდგა საქმიანობას.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

გასულ ათწლეულებში რუსეთმა აჩვენა, რომ შეუძლია მართლმადიდებელი ეკლესიების საშუალებით, ეთნიკური რუსების მობილიზება ხელისუფლების წინააღმდეგ, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც, სადაც მოსახლეობის ნაწილი ეთნიკურად რუსია.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიამ და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პროკრემლისტურმა დამოკიდებულებამ, ლიეტუვის მსგავს ქვეყნებში რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებული რელიგიური სტრუქტურების საქმიანობის საკითხი ეროვნული უსაფრთხოებისთვის გამოწვევად აქცია.

რუსეთის პოლიტიკურ და რელიგიურ გავლენასთან ბრძოლაში ლიეტუვის ხელისუფლება მოკავშირედ განიხილავს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, ამიტომაც ოფიციალური ვილნიუსის ხელშეწყობით მოხდა მისი საქმიანობის ლეგიტიმაცია და ლიეტუვაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ახალი ეპარქიის დაფუძნება.


ჩვენი სტატიების ციკლი:


ლიეტუვის მცირერიცხოვან მართლმადიდებელ თემზე გავლენისთვის ბრძოლა კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოებს შორის მიმდინარე ისტორიული დაპირისპირების კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ. 2019 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ ბრძოლა კიდევ უფრო გამწვავდა, რაც მართლმადიდებელ სამყაროში დიდი რელიგიური განხეთქილების დაწყების მიზეზი გახდა.

ლიეტუვის მართლმადიდებელი ეკლესია

ლიეტუვის მართლმადიდებელი ეკლესია (ლმე), რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ვილენისა და ლიტვის ეპარქია, 1839 წელს დაარსდა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას (რმე) ექვემდებარება. ლატვიის, ესტონეთისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ლმე-ს რმე-ის შემადგენლობაში არ აქვს თვითმმართველი ეკლესიის სტატუსი.

ლმე-ის მმართველი 2010 წლიდან ვილენისა და ლიტვის მიტროპოლიტი ინოკენტია (ვასილიევი), რომელიც რმე-ის მოსკოვის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა დანიშნა. საინტერესოა, რომ 1969 წელს მან საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტში ჩააბარა.

გეოგრაფიული არეალი და მრევლი

ლმე-ის იურისდიქცია მხოლოდ ლიეტუვის ტერიტორიაზე ვრცელდება და ამ ქვეყანაში მცხოვრებ მრევლსა და ეკლესია-მონასტრებს აერთიანებს. ეპარქიის ცენტრი ვილნიუსში მდებარეობს. ეპარქიის დაქვემდებარებაშია 52 სამწყსო და 2 მონასტერი. ეპარქიაში 65-მდე სასულიერი პირი მსახურობს.

მართლმადიდებლობა ლიეტუვაში სიდიდით მეორე რელიგიაა, რომლის მიმდევრებიც ძირითადად ეთნიკურად რუსები არიან. 2021 წლის მონაცემებით, ძირითადად კათოლიკურ ლიეტუვაში მოსახლეობის 3.75% მართლმადიდებელია. ქვეყანაში დაახლოებით 2.7 მლნ კაცი ცხოვრობს.

ისტორიული კონტექსტი

ადრეული პერიოდი

ლიეტუვაში ქრისტიანობა შუა საუკუნეებში იწყებს გავრცელებას, დასავლეთიდან კათოლიციზმი ვრცელდება, აღმოსავლეთიდან – მართლმადიდებლობა. ლიეტუველი მართლმადიდებლები თავიდანვე, XIII-XIV საუკუნეებში, კონსტანტინოპოლის კანონიკურ დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ. ამიტომაც დღეს როდესაც ლიეტუვაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სტრუქტურის დაფუძნებაზე საუბრობენ, ამას ისტორიული სამართლიანობის აღდგენის კონტექსტში განიხილავენ.

რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში

ლიეტუვაში მართლმადიდებლობის გავრცელება რუსეთის იმპერიის სახელს უკავშირდება, რომელიც მე-18 საუკუნის ბოლოდან, პოლონეთ-ლიეტუვის თანამეგობრობის დანაწევრების შედეგად, ლიეტუვის ტერიტორიაზე იწყებს დამკვიდრებას. რუსეთის იმპერიამ რუსიფიკატორული პოლიტიკის განხორციელება დაიწყო. ამ პოლიტიკის ნაწილი იყო მართლმადიდებლობის გავრცელებაც, რასაც 1839 წელს ლიეტუვის ტერიტორიაზე რმე-ის ეპარქიის დაარსება მოჰყვა.

მსოფლიო ომებს შორის პერიოდი

პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში დამოუკიდებელ ლიეტუვის რესპუბლიკაში მოქმედი ლმე მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში იყო.

საბჭოთა პერიოდი

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ლიეტუვა დროებით ნაცისტური გერმანიის გავლენის სფეროში მოექცა, 1945 წლიდან კი საბჭოთა კავშირის ნაწილი გახდა. საბჭოთა პერიოდში დაიხურა არაერთი რელიგიური დაწესებულება და მოსკოვის საპატრიარქოს აეკრძალა ლმე-ის  მატერიალური დახმარება. საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში, „პერესტროიკის“ პერიოდში, რელიგიური დაწესებულებები ნელ-ნელა იწყებენ გააქტიურებას. 1990 წელს ლიეტუვამ საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ლმე-ის მეთაურმა, არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომმა კი, ლიეტუვის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.

რა შეიცვალა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ?

ლმე-ის მშვიდი ცხოვრება 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ დაირღვა. ლმე-მ მალევე დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია. 2022 წლის 17 მარტს ინოკენტიმ განაცხადა, რომ „ლმე-ის პოზიცია უცვლელია, ჩვენ ვგმობთ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და ვლოცულობთ, რომ იგი რაც შეიძლება მალე დასრულდეს“. ინოკენტიმ ღიად დააფიქსირა მისი პოლიტიკური ხედვები, რაც განსხვავდება რუსეთის პატრიარქ კირილის საომარი რიტორიკისგან. ლმე-ში მოსკოვის საპატრიარქოსგან მეტი დამოუკიდებლობის მოთხოვნები გაისმა.

2022 წლის 27 მაისს რმე-ის სინოდის გადაწყვეტილებით შეიქმნა კომისია, რომელმაც ლმე-ის სტატუსის ცვლილების საკითხი უნდა განიხილოს. 27 დეკემბერ ლმე-ის კრებამ რმე-ის სინოდს თვითმმართველი ეკლესიის სტატუსის მინიჭება ოფიციალურად მოსთხოვა. სინოდს ამ საკითხზე ჯერჯერობით არ მიუღია გადაწყვეტილება.

ლმე ცდილობს მისი მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირება ნაკლებად მოხდეს. 2022 წლის მარტში რმე-ის სინოდს უკრაინისა და მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა გარდა, არც ლიეტუვის მიტროპოლიტი დაესწრო. პატრიარქი კირილი ომის მხარდაჭერად ითვლება და ლმე-ს ამ ფაქტორის გათვალისწინებაც უწევს. 2022 წლის ივლისში კირილს ლიეტუვაში შესვლა აუკრძალეს. ლიეტუვა ასევე ერთ-ერთი აქტიური ლობისტი იყო ევროკავშირს კირილის წინააღმდეგ  სანქციები დაეწესებინა.

მოსკოვის საპატრიარქოსგან დისტანცირების მიზნით, ლმე-მ უკრაინელ ლტოლვილებს უფლება მისცა ლიეტუვის რამდენიმე მართლმადიდებელ ეკლესიაში პატრიარქ კირილის ხსენების გარეშე ილოცონ. ასევე მათთვის ზოგიერთ ეკლესიაში მღვდელმსახურებას დევნილი უკრაინელი მღვდლები უკრაინულ ენაზე ატარებენ. ლიეტუვაში უკრაინელი ლტოლვილების საკითხი მნიშვნელოვან საკითხად იქცა, რადგან რამდენიმე ათეულ ათასობით უკრაინელ ლტოლვილს არ სურს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ეკლესიებში ლოცვა. ეს ასევე აქტუალურია ბელარუსი დევნილების შემთხვევაშიც, რომლებიც ბელარუს დიქტატორ ალექსანდრ ლუკაშენკოს გამოექცნენ.

ლმე-ს არ მოსწონს რომ მათ მედიაში იხსენიებენ, როგორც „მოსკოვის გავლენის ქვეშ მყოფ რელიგიურ ორგანიზაციას“. ამის შესახებ ლმე-მ ლიეტუვის მედიასაშუალებებს წერილიც კი მისწერა. ლმე-მ არამეგობრული უწოდა ვილნიუსის მერის, რემიგიუს შიმაშიუსის ქმედებას, რომელმაც 2023 წლის 7 იანვარს მართლმადიდებლურ შობაზე ლმე-ის მღვდლები, დამკვიდრებული ტრადიციის საწინააღმდეგოდ, დემონსტრაციულად არ მიიწვია და მათ არასასურველი სტუმრები უწოდა.

ინოკენტი არსებული გამოწვევების მიუხედავად ხელისუფლებისგან ნდობით ჯერჯერობით სარგებლობს. 2023 წლის მარტში ინოკენტის, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, ლიეტუვაში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა ორი წლით გაუხანგრძლივეს. იგი ლიეტუვაში ცხოვრებას 2025 წლამდე შეძლებს. მსგავსი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყნის შესაბამისმა სამსახურებმა დაადგინეს, რომ ინოკენტის საქმიანობა ეროვნულ უსაფრთხოებას არ ემუქრება. ინოკენტის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული იყო, რომ იგი ეწინააღმდეგება უკრაინაში რუსეთის წარმოებულ ომს და ყირიმს უკრაინის შემადგენლობაში აღიარებს. ამ მხრივ განსხვავებული ვითარებაა ესტონეთში, სადაც მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა აღარ გაუგრძელეს და ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს რეაქცია

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლიეტუვაში გააქტიურების შესაძლებლობა მისცა. 2022 წლის დეკემბერში, ვილნიუსს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელი, ქალკედონის მიტროპოლიტი ემანუილი ესტუმრა. ეს ვიზიტი მას შემდეგ შედგა, რაც პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ კონსტანტინოპოლის პატრიარქს მისწერა, რომ ლიეტუვის მთავრობა მხარს უჭერდა მართლმადიდებლების ნაწილის მისწრაფებას, გამოყოფოდნენ მოსკოვის საპატრიარქოს.

მოსკოვის საპატრიარქოს პოზიციის გამო ლმე-ს საწყის ეტაპზე გამოეყო ხუთი სასულიერო პირი, რომლებმაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სტრუქტურული ერთეული დააფუძნეს. მათ 2022 წელს ინოკენტიმ სასულიერო ხარისხი ჩამოართვა, თუმცა 2023 წლის თებერვალში კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მათ სასულიერო ხარისხი აღუდგინა. კონსტანტინოპოლის შეფასებით, ისინი დაისაჯნენ არა რელიგიური კანონების დარღვევის გამო, არამედ უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული პოზიციის გამო. აღდგენის გადაწყვეტილება არ აღიარა ლმე-მ.

2023 წლის მარტში ვილნიუსს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. ვიზიტის დროს ბართლომემ განაცხადა, რომ იგი იმუშავებს ლიეტუვის ხელისუფლებასთან ახალი რელიგიური ორგანიზაციის დასაფუძნებლად, რაც მორწმუნეებს შესაძლებლობას მისცემს მხოლოდ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არ იყვნენ. ბართლომეს მსგავს განცხადებას ლიეტუვის პრემიერ-მინისტრთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა მოჰყვა. ბართლომეს განცხადებით, მათ წინაშე იშლება ახალი პერსპექტივა და შესაძლებელია იმუშაონ ერთად, რათა შექმნან კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეპარქია. მსგავს გადაწყვეტილებას ბართლომემ “ისტორიული სამართლიანობის აღდგენა” უწოდა.

ბართლომეს ვიზიტი ლიეტუვაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს რელიგიური სტრუქტურის დაარსებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო, რასაც ერთ წელიწადში ლიეტუვაში ეპარქიის დაფუძნება მოჰყვა. 2024 წლის 6 იანვარს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელმა იუსტინიუს კივილომ ლიეტუვაში, ადგილობრივი კათოლიკური ეკლესიის შენობაში, პირველად ჩაატარა რელიგიური მსახურება. რამდენიმე დღით ადრე იგი ლიეტუვაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ახალი ეპარქიის ხელმძღვანელად დაინიშნა. ახალი ეპარქია 10 მღვდელსა და 10 სამწყოს აერთიანებს. იუსტიციის სამინისტრომ ეპარქია ოფიციალურად 8 თებერვალს დაარეგისტრირა.

ამ დროს, სამეზობლოში…

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენა ლიეტუვის სამეზობლოშიც სუსტდება. უკრაინის გარდა, სადაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს  და რამდენიმე ავტოკეფალური ეკლესიის მიერ აღიარებული, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია საქმიანობს, რუსეთის ეკლესია სხვა ქვეყნებშიც დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. ლატვიაში ადგილობრივი კანონების მიხედვით ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთისგან დამოუკიდებელი გახდა (თუმცა, ამ ეტაპზე, კანონიკური წესებით ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებელი სამყაროსთვის კვლავ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილად ითვლება). ადგილობრივ ხელისუფალთა მხარდაჭერით ესტონეთში და მოლდოვაშიც ძლიერდება სხვა საპატრიარქოებს დაქვემდებარებული რელიგიური სტრუქტურების გავლენა.

რას უნდა ველოდოთ?

ლიეტუვაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს რელიგიური სტრუქტურის დაფუძნება ბალტიისპირეთის რელიგიურ „ფრონტზე“ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მორიგი ძლიერი დარტყმაა, რაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენას არა მხოლოდ ლიეტუვაში, არამედ ბალტიისპირეთის რეგიონშიც შეასუსტებს.

უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და უკრაინაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გააქტიურება მოსკოვსა და კონსტანტინოპოლს შორის პაექრობას კიდევ უფრო გაამწვავებს, რაც მართლმადიდებელ სამყაროში დაპირისპირების მუხტის შენარჩუნებას შემდგომ ათწლეულებშიც ხელს შეუწყობს.

მსგავსი/Related

Back to top button