USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე საქართველოს სტუმრობს
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობის ბიუროს ხელმძღვანელი, შენონ გრინი პარლამენტის თავმჯდომარეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს, ასევე არჩევნების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
12 თებერვალს, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე, აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს შეხვდა, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა განიხილა და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ძალისხმევის მიმართ, რომ ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.
USAID-ის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, ადმინისტრატორის მოადგილემ პაპუაშვილს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. შენონ გრინმა აღნიშნა, რომ „ამერიკა გააგრძელებს საქართველოსთან პარტნიორობას, ქვეყნის უსაფრთხოების, დემოკრატიის, კეთილდღეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას“.
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მას „მეგობრული საუბარი“ ჰქონდა აშშ-ის ადმინისტრატორის მოადგილესთან საქართველო-USAID-ის თანამშრომლობაზე, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის განხორციელებაზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის სფეროებზე. „მადლიერი ვარ USAID-ის ძლიერი მხარდაჭერისთვის საქართველოს საქმეში“, – დაწერა პაპუაშვილმა Twitter-ზე.
13 თებერვალს აშშ-ის ადმინისტრატორის მოადგილე ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილსა და მის მოადგილეს გიორგი შარაბიძეს შეხვდა. „გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების შესახებ“, – იტყობინება ცესკო.
„დღევანდელი შეხვედრით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ აშშ ყოველთვის იყო და რჩება ჩვენი საარჩევნო პროცესებისა და ინსტიტუციის მხარდამჭერად“, – განაცხადა კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. „ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მათთან მჭიდრო თანამშრომლებას და მიმდინარე საარჩევნო საკითხებზე საერთაშორისო პარტნიორების დროულ და პერმანენტულ ინფორმირებას“.
შენონ გრინი არჩევნების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა. „შეხვედრაზე ისაუბრეს USAID-ის მხარდაჭერაზე, რომელიც არჩევნებზე მოკლე და გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის საკითხს ეხება“, – განაცხადა USAID-ის საქართველოს წარმომადგენლობამ 13 თებერვალს. „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტ როლს ასრულებს ქვეყნის დემოკრატიის განმტკიცებაში, მათ შორის ამომრჩეველთა განათლებასა და არჩევნების მონიტორინგის პროცესში“.
ცოტა ხნის წინ USAID-ი საქართველოს ხელისუფლებისა და პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკის სამიზნე გახდა, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტების გამო. 2023 წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) განაცხადა, რომ USAID-ის მიერ დაფინანსებული ტრენერები საქართველოში არეულობის გაღვივებაში მონაწილეობდნენ. მოგვიანებით იმავე თვეს, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ USAID-ის ზოგიერთი პროგრამა ხელს უწყობს „ექსტრემიზმსა“ და „პოლარიზაციას“. 2024 წლის იანვარში პარლამენტის თავმჯდომარემ კვლავ გააკრიტიკა USAID-ი სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მხარდაჭერის გამო.
ასევე წაიკითხეთ:
- 26/10/2023 – USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე: მცდარია განცხადებები, რომ USAID „რევოლუციის მხარდაჭერია“
- 25/10/2023 – USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში საქართველოს ეწვია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)