ახალი ამბები

USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე: მცდარია განცხადებები, რომ USAID „რევოლუციის მხარდაჭერია“

ელჩმა ერინ მაქიიმ, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, 26 ოქტომბერს უარყო „ქართული ოცნების“ ბრალდებები, რომ USAID საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ქვეყანაში „ექსტრემისტებს აფინანსებს“.

ელჩმა მაქიიმ განაცხადა, რომ „უპირველეს ყოვლისა, USAID მუშაობს სხვადასხვა საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რათა დემოკრატიული პროცესის გაძლიერებასა და გაუმჯობესებას დაეხმაროს“. მისი თქმით, წარმატებული დემოკრატიის საფუძველია თავისუფალი, სამართლიანი და უსაფრთხო არჩევნები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თითოეული მოქალაქის ხმა გაგონილი იყოს. „ნებისმიერი მტკიცება, რომ შეერთებული შტატები USAID-ის მეშვეობით მხარს უჭერს რევოლუციას, ცალსახად მცდარია და გულწრფელად რომ ვთქვათ, დეზინფორმაციაა“, – აღნიშნა მან.

„სამწუხაროდ, სწორედ ასეთი იყო რეაქცია, და ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ორგანიზაციას, რომელიც წარმოადგენს ქართველ ხალხს, რომ დაიცვას საკუთარი უფლებები. ჩვენი მიზანია დავიცვათ და შევინარჩუნოთ დემოკრატიული პროცესი და უზრუნველვყოთ, რომ შედეგი იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და შედეგი იყოს უცილობელი, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს“, – დასძინა ელჩმა.

ელჩი ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ კრიტიკას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი პროგრამები საქართველოში არეულობის მოწყობას ახალისებს. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა 24 ოქტომბერს, რომ USAID-ის ზოგიერთი პროგრამა „ექსტრემიზმსა“ და „პოლარიზაციას“ ახალისებს.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button