skip to content
ახალი ამბები

USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში საქართველოს ეწვია

ელჩი ერინ მაქიი, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, სომხეთის შემდეგ საქართველოს ეწვია. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ადმინისტრატორის მოადგილე ერინ მაქიი ამერიკის დელეგაციას უხელმძღვანელებს თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე“, რაც „კიდევ უფრო გაამყარებს აშშ-ს პარტნიორობას საქართველოსთან, რომელიც წარმოადგენს ევრო-ატლანტიკური სავაჭრო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკისა და ენერგეტიკულ ცენტრს“.

ვიზიტის დროს ადმინისტრატორის მოადგილე ერინ მაქიი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება, რაც „კიდევ უფრო გაამყარებს USAID-ის პარტნიორობას საქართველოსთან, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია გრძელდება“. საქართველოში ყოფნისას ელჩი მაქიი ოფიციალურად  გახსნის USAID-ის „განათლება მომავლის“ პროგრამას, რომელიც USAID-სა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ახალი პარტნიორობის ფარგლებში იწყება და მასწავლებლების მომზადების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ადმინისტრატორის მოადგილე ასევე შეხვდება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს, ჟურნალისტებს, განათლების და ბიზნესის წარმომადგენლებს.

ეს ადმინისტრატორის მოადგილის მეორე ვიზიტია საქართველოში, ის პირველად ქვეყანას 2022 წლის ნოემბერში ეწვია.

USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილის ვიზიტს წინ უძღოდა არეულობის გამოწვევის თაობაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ბრალდებები აშშ-ის პროგრამების მიმართ.  ცოტა ხნის წინ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ USAID-ის ზოგიერთი პროგრამა „ექსტრემიზმს“ და „პოლარიზაციას“ ახალისებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button