skip to content
ახალი ამბები

რუსეთის საგარეო უწყება უკრაინიდან რუსეთში საქართველოს გავლით ასაფეთქებლების სავარაუდო გადატანის შესახებ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ 7 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე უკრაინიდან რუსეთში საქართველოს გავლით ასაფეთქებელი მოწყობილობების სავარაუდო გატანის შესახებ. ზახაროვამ უკრაინა დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს და მის ტერიტორიას (მაშინ ადამიანების იყვნენ) იყენებს ყველა ის, ვისაც პოსტსაბჭოთა სივრცეში სიტუაციის დესტაბილიზაცია სურს და ტერორისტულ მეთოდებს იყენებს“.

ზახაროვამ განაცხადა, რომ „ეს არის კიდევ ერთი ეპიზოდი, რომელიც კიევის რეჟიმის ნამდვილ არსს ასახავს“. ის, მისი თქმით, არის დასავლეთის მიერ წახალისებული „ბანდფორმირება“, რომელიც აბსოლუტურ დაუსჯელობას გრძნობს და „ტერორის პრაქტიკის განხორციელებას განაგრძობს“, პირველ რიგში, რუსეთის სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ.

„შეგახსენებთ საერთაშორისო ტერორიზმის მძვინვარებას ჩრდილოეთ კავკასიაში, როდესაც საერთაშორისო ტერორისტებს სწორედ საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაჰქონდათ ან ცდილობდნენ გადაეტანათ იარაღი, საბრძოლო მასალა, ფული და ნარკოტიკები, რომლის გარეშეც ტერორიზმი მაშინაც და ახლაც, როგორც კიევის რეჟიმის მაგალითი აჩვენებს, აღარ არის „სრული“ თავისი მახასიათებლებით“.

რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა ასევე განაცხადა, რომ „ისინიც გვახსოვს, ვინც ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო ტერორისტების გადმოსროლის უკან იდგა“ და დასძინა, რომ ის ადამიანები, „ვინც ამ მებრძოლებს და ექსტრემისტებს იღებდნენ ვაშინგტონსა და ლონდონში, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საქართველო საერთაშორისო ტერორიზმის სატრანზიტო პუნქტად გადაქცეულიყო“.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) 5 თებერვალს განაცხადა, რომ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მან რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო. სუს-მა განაცხადა, რომ ხსენებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით მიმდინარე წლის 19 იანვარს საქართველოში შემოიტანეს საკონტროლო გამშვები პუნქტით „სარფი“ უკრაინის მოქალაქის მფლობელობაში არსებული მინივენის ტიპის ავტომობილით და იგეგმებოდა მისი გატანა რუსეთის ფედერაციაში, კონკრეტულად ქალაქ ვორონეჟში, საკონტროლო გამშვები პუნქტის „დარიალი“ მეშვეობით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button