ახალი ამბები

მარია ზახაროვა საქართველოს სუვერენიტეტის, აფხაზეთისა და ჟენევის დისკუსიების შესახებ

აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროსთან“ ონლაინკონსულტაციების დროს, რომელსაც რეგიონის მთავარი დიპლომატი, ინალ არძინბა და სოხუმელი ჟურნალისტები ესწრებოდნენ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ საქართველოს სუვერენიტეტის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და აფხაზეთის შესახებ საკუთარ მოგონებებზე ისაუბრა.

საქართველოს სუვერენიტეტის შესახებ 

„საქართველოს განვიხილავთ როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, რომელმაც ძალიან რთული გზა გაიარა და ახლაც არცთუ მარტივ გზას გადის“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

მან დასავლეთი საქართველოში „დამანგრეველი იდეოლოგიის“ შეტანასა და მის საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. „დასავლეთი არა მხოლოდ ერეოდა ამ ქვეყნის საქმეებში, არამედ ცდილობდა, საკუთარი სცენარით შეეცვალა, როგორც საქართველოს, ისე მთლიანი რეგიონის განვითარება“, – განაცხადა ზახაროვამ.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მისი თქმით, საქართველო „საკუთარ სუვერენულ პოლიტიკას“ ატარებს, რომელიც განსხვავდება იმ პოლიტიკისგან, რომელიც დასავლეთს სურს.

ზახაროვამ აღნიშნა, რომ ასეთი „ნამდვილი სუვერენიტეტის“ ქონა, მიუხედავად იმისა ეთანხმება ამას რუსეთი თუ არა, ძალიან მნიშვნელოვანია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული სახელმწიფო სუვერენულ საგარეო პოლიტიკას ატარებდეს, რადგანაც სწორედ ესაა იმის ტესტი, არის თუ არა სახელმწიფო, ქვეყანა, ხალხი სუვერენული, თუ ეს მხოლოდ ფიქციაა“, – განაცხადა პრესსპიკერმა.

„ბოლო დროს ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, როდესაც თითოეულმა უნდა უპასუხოს კითხვას — ვცეკვავთ სხვის დაკრულზე, თუ ნამდვილად დამოუკიდებელნი და სუვერენულები ვართ, ვიცხოვრებთ თუ არა ყოველთვის შევიწროებისა და შიშის ქვეშ… მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცისთვის ოკეანის მიღმა ეს ხელსაყრელია? თუ შეგვიძლია დავიცვათ საკუთარი სუვერენიტეტი მომავალი განვითარებისთვის?“, – დასძინა მან.

ჟენევის დისკუსიებისა და გაუქმების კულტურის შესახებ 

უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე თანათავმჯდომარეების მიერ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის გადადებაზე დასმულ კითხვაზე, მარია ზახაროვამ ამგვარი გადაწყვეტილება დასავლეთის „გაუქმების კულტურას“ დაუკავშირა და ამას „ბავშვური“ საქციელი უწოდა.

„როგორც ბავშვი მალავს სახეს ხელებით და ამბობს, რომ „ვერავინ მხედავს, სახლში ვარ“… სწორედ ამას აკეთებს დასავლეთი და ამბობს „სახლში ვართ“, ხელებით სახეს მალავს, თვალებს ხუჭავს და ფიქრობს, რომ ამით ვიღაცა გააუქმა“, – განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, „ტოლერანტობის, სიტყვის თავისუფლებისა და პლურალიზმის საფარქვეშ“, დასავლეთი უარყოფს ყველაფერს, რაც მსოფლიოს შესახებ მათ წარმოდგენაში არ ჯდება.

მანდარინებსა და ევკალიპტებზე

ზახაროვამ აფხაზეთთან დაკავშირებულ მოგონებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრაქტიკულად აფხაზეთში გაიზარდა, რადგანაც მისი მშობლები მის ბავშვობაში რეგიონს ხშირად სტუმრობდნენ.

„ყველაფერი მიყვარს, რაც აფხაზეთის ბუნებასთან, კულტურასთან არის დაკავშირებული. კავკასიის გაგება და შეგრძნება სწორედ აფხაზეთიდან დავიწყე“, – აღნიშნა მან.

„იმის გაგება და შეგრძნება, თუ რას წარმოადგენს კავკასია, სწორედ მას შემდეგ დავიწყე, რაც მშობლებთან ერთად სოხუმს და მის შემოგარენს ვესტუმრე“, – დასძინა ზახაროვამ.

„ყველაზე ძალიან მიყვარს ზღვისა და ევკალიპტების ეს შესანიშნავი კომბინაცია, ეს სუნი ბავშვობიდან ყველაზე საყვარელია. სხვათა შორის, პირველად ვნახე, როგორ ყვავის მანდარინი, მანდარინის ყვავილების ეს ნატიფი არომატი“, – ხაზი გაუსვა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button