skip to content
ახალი ამბები

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 იანვარს განაცხადა, რომ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორად გიორგი მინდიაშვილი დაინიშნა. მინდიაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა და მან ამ თანამდებობაზე გიორგი ოსაძე ჩაანაცვლა. შსს-ს ინფორმაციით, ოსაძე საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პრორექტორის პოზიციაზე გააგრძელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე გიორგი მინდიაშვილი შსს-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. იგი ასევე წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

2023 წლის ივლისში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა გოგა რაზმაძემ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში ხელმძღვანელობას მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაში დასდო ბრალი. ნოემბერში რაზმაძემ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა, რომ ის სამინისტროდან დაითხოვეს.

ჯერჯერობით უცნობია აქვს თუ არა დეპარტამენტის უფროსის შეცვლას რაიმე კავშირი მაშინდელ მოვლენებთან. „სამოქალაქო საქართველომ“ კომენტარისთვის შსს-ს მიმართა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button