skip to content
ახალი ამბები

ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 16 იანვარს დელეგაციასთან ერთად შვეიცარიაში, დავოსის ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობისთვის გაემგზავრა. პრემიერ-მინისტრი რამდენიმე პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას და კერძო კომპანიებთან და მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

პრემიერ-მიისტრმა პირველი შეხვედრა თურქულ კომპანია Koç Holding-ის აღმასრულებელ თავმჯდომარესთან ლევენთ ჩაკიროღლუსთან გამართა. საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაღრმავებას IT და ტურიზმის სექტორებში.

პრემიერ-მინისტრის მაღალი დონის შეხვედრები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრეზიდენტს ისააკ ჰერცოგს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა განიხილა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გმობს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ისააკ ჰერცოგმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევების თაობაზე. 

პანელური დისკუსიები

17 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით „ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ“. ღარიბაშვილმა მთელ მსოფლიოში ტყვიით მოწამვლის შესამცირებლად გაზრდილი ძალისხმევის აუცილებლობაზე ისაუბრა და ამ სფეროში საქართველოს პროგრესს გაუსვა ხაზი.

18 იანვარს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში “ევრაზიის ახალი განთიადი”. თავის გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობას და პროექტის მიმართ ჩინეთის ინტერესზე გაამახვილა ყურადღება. ღარიბაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მზადყოფნას მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის, მათ შორის ანაკლიის პორტის, რკინიგზის, აეროპორტებისა და გზების მოდერნიზების მიმართ.

ღარიბაშვილის თქმით, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა წლის განმავლობაში დასრულდება, ხოლო სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივები ორ წელიწადში განხორციელდება.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. მან კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის გამო და რეგიონში მშვიდობის დამყარებისკენ მოუწოდა. ამ კონტექსტში, ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას მალე მოეწერება ხელი.

საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა  შეხვედრა გამართა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰანკე ბრუინს სლოტთან. შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ პარტნიორობას და ნიდერლანდების მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპის საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც დამატებით სტიმულს აძლევს ქვეყანას რეფორმების გასაგრძელებლად, ევროპული მომავლის უზრუნველყოფისთვის. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ აღნიშნული მიმართულებით და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს შემდგომი პროგრესისთვის. 

მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მზარდ ტენდენციაზე,  საქართველოში ნიდერლანდების მხრიდან ინვესტიციების დადებით პოტენციალზე. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის  მიმართ.

ვიზიტის ფარგლებში დარჩიაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან. მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან  დაკავშირებული საკითხები, მათ შორის  ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებს,  ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებისა და კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიურ პოტენციალი. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და გამოწვევებს.   ყურადღება გამახვილდა  რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარების აუცილებლობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button