ახალი ამბები

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე ომებს, ურწმუნოებასა და ხელოვნურ ინტელექტს ეხმიანება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია II თავის ყოველწლიურ საშობაო ეპისტოლეში ისეთ საკითხებს ეხება, როგორიცაა ომები, ურწმუნოება და ხელოვნური ინტელექტი. 

ეპისტოლეში ნახსენებია სამყაროს “წინააღმდეგობრივი” ბუნება, თუმცა ამასთან გამოკვეთილია, რომ დღევანდელ ომებსა და კონფლიქტებს კაცობრიობის განადგურება შეუძლიათ: “ამიტომ ყველას, ჩვენი შესაძლებლობებისამებრ, გვმართებს ზრუნვა მშვიდობისთვის. ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი და მთელი მსოფლიო.”

ეპისტოლეში ასევე საუბარია რწმენის საკითხზე: “ბოლო საუკუნეებში შესუსტდა ჭეშმარიტი რწმენა და იმძლავრა უღმერთობამ,” – ნათქვამია ეპისტოლეში. ასევე აღნიშნულია, რომ ადამიანები ფიქრობენ, თითქოს მათი ინდივიდუალური მორალი და შეხედულებები განსაზღვრავს მათ რწმენას; მაშინ, როდესაც რწმენა უნდა განსაზღვრავდეს მორალსაც და შეხედულებებსაც. 

ეპისტოლეში ასევე ნათქვამია: “დღეს, როგორც არასდროს, გაჩნდა რეალური საშიშროება იმისაც, რომ ადამიანის ეგოცენტრულობამ საფრთხე შეუქმნას იმ მიზანს, რისთვისაც საერთოდ დავიბადეთ, რადგან მსოფლიო ტექნოლოგიურად ვითარდება, მაგრამ მას ჩვენი სულიერი წინსვლა ჩამორჩება და ვდგებით მრავალი ფსიქოლოგიური და ბიოეთიკური გამოწვევების წინაშე.” უფრო მეტიც, ეპისტოლე ეხება ხელოვნურ ინტელექტსაც, რომელზეც ნათქვამია, რომ “მას აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში და მთლიანად შეცვალოს ჩვენი ყოველდღიურობა, თუმცა ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.” 

ეპისტოლეში წამოჭრილია კითხვა, შეძლებს თუ არა ადამიანი ქრისტიანული ცხოვრების წესის შეთავსებას ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფონზე; და შეძლებს თუ არა ადამიანი გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი ღვთის სადიდებლად, თუ პირიქით, უფრო მეტად განეშორება ღმერთს. 

ეპისტოლე ამბობს, რომ უახლოეს მომავალში ხელოვნური ინტელექტი შექმნის ახალ რეალობას, რომლისთვისაც საზოგადოება მომზადებული უნდა შეხვდეს; ამისათვის კი მნიშვნელოვანია იმ ფსიქოლოგებისა და სპეციალისტების შეხედულებების გაცნობა, რომელთაც ხელოვნურ ინტელექტთან აქვთ შეხება. “ერთი რამ კი ცხადია: თითოეული ჩვენგანი უნდა ისწრაფოდეს პიროვნული სრულყოფილებისკენ, რაც უპირველეს ყოვლისა, ღვთის შეცნობის და მისი ჭეშმარიტების წვდომის სურვილს გულისხმობს,” – ნათქვამია ეპისტოლეში. ეპისტოლეში ასევე ხაზგასმულია, რომ ღმერთი ლოგიკურ კატეგორიებზე მაღლა დგას, რომელსაც ადამიანების კოლექტიური ცოდნაც კი ვერასდროს მისწვდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button