სააღდგომო ეპისტოლეში პატრიარქი ომის, მშვიდობის, თავისუფლებისა და პოლარიზაციის შესახებ საუბრობს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თავის სააღდგომო ეპისტოლეში, რომელიც 15-16 აპრილის ღამეს სამების საკათედრო ტაძარში გაჟღერდა, პოლარიზაციისა და აგრესიული მეტყველების საშიშროებაზე ისაუბრა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ „ჩვენს საზოგადოებაში ქვეყანაზე ზრუნვის მოტივით, სამწუხაროდ, მრავალი მხრიდან აქვს ადგილი კატეგორიულ აზროვნებას და მძლავრობს აგრესიული მეტყველება, რაც მოსახლეობაში მკვეთრ პოლარიზებას იწვევს“. მისივე თქმით, „ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რამდენად საშიშია ასეთი დამოკიდებულება სიტყვასთან… რომელიც თავის გავლენას, პირველ რიგში, მათზე ახდენს, ვისგანაც იგი წარმოითქმის, შემდეგ კი აისახება სხვებზე და საერთოდ გარემოზე“.
პატრიარქმა განაცხადა, რომ „ჩვენს დროშიც მრავლად არიან ადამიანები, რომელთაც ათეისტური აზროვნება აქვთ და მიაჩნიათ, რომ ღმერთი არ არსებობს, არ არსებობს არც ქრისტეს აღდგომა და არც საუკუნო ცხოვრება“. „მათი აზრით, ჩვენს გონებას დღეს თუ არა ხვალ შეუძლია ყველა კითხვას გასცეს პასუხი და ჩაანაცვლოს ღვთის ყოვლისშემძლეობაც“, – აღნიშნა პატრიარქმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ასეთ სულისკვეთებას ხელს უწყობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების „არნახული წარმატებები და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ჩვენს დროში“. მაგრამ „ისიც ფაქტია, რომ მრავალ უდიდეს მკვლევარს სწორედ მეცნიერულმა აღმოჩენებმა დაანახა კავშირი ქმნილებასა და ღმერთს შორის, დაანახა რომ სამყარო არ შეიძლება იყოს შემთხვევითობის შედეგი“.
თავის ეპისტოლეში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თავისუფლების შესახებაც უსაუბრა და განაცხადა, რომ „ქრისტიანული ცხოვრება, პირველ რიგში, გულისხმობს, მართებული წარმოდგენა გვქონდეს, თუ როგორ გამოვიყენოთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საჩუქარი, – თავისუფალი ნება, ანუ ჩვენი თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა ნებისმიერ სიტუაციაში“. მან იქვე დასძინა, რომ „სამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოების ნაწილი სწორედ ამ მდგომარეობაშია და თავისუფლებას მიიჩნევს ყველაფრის უფლებად, რაც მორწმუნე ადამიანისათვის კატეგორიულად მიუღებელია“.
„ჩვენთვის თავისუფლება ნიშნავს საკუთარი თავის შეცნობას, სრულყოფისაკენ სწრაფვას, ჩვენი სულის სიღრმეში ღვთის ხატად შექმნილი ჩვენი დაფარული „მე“-ს პოვნას“, – განაცხადა პატრიარქმა და დასძინა, რომ „ჭეშმარიტად თავისუფალი პიროვნება თავისუფალია ეგოიზმისგან და მისი ცხოვრება სიყვარულზე, ზნეობასა და სათნოებაზეა დამყარებული. ასეთ ადამიანთა სიმრავლე ქვეყნის სიძლიერეა“.
ილია მეორემ ვრცლად ისაუბრა ომისა და მშვიდობის შესახებ. მისი თქმით, „ჩვენ ვცხოვრობთ რთულ პერიოდში, ფეთქებადსაშიშ დროში, როდესაც ბირთვული კატასტროფის საფრთხე რეალურია; ამიტომაც განსაკუთრებით ვფიქრობთ მშვიდობაზე, რომელიც არის ძვირფასი საღვთო ძღვენი“. პატრიარქმა აღნიშნა, რომ „მხოლოდ მშვიდობიანობის დროს არის შესაძლებელი ნათლად გავაცნობიეროთ ჩვენი დანიშნულება და ღვთივმომადლებული უნარი წარმოვაჩინოთ; ხოლო იმ გარემოში, სადაც ადგილი აქვს მტრობას, ძალადობას, უსამართლობას, მშვიდობა ვერ დაივანებს“.
ილია მეორემ ასევე განაცხადა, რომ საუკუნეთა მანძილზე საქართველო მტერთა შემოსევებს იგერიებდა და მშვიდობა მუდამ სანუკვარი ჰქონდა. „დღესაც ქვეყანა უმძიმეს პერიოდს გადის და, ძალისამებრ ჩვენისა გვმართებს, ვიზრუნოთ ჩვენი მშვიდობიანი ხვალინდელი დღისათვის, ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისათვის, ჩვენს ძმებთან, – აფხაზებთან და ოსებთან, მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძვლის შექმნისთვის“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ლოცულობს მშვიდობისთვის უკრაინასა და მთელს მსოფლიოში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)