ახალი ამბები

მედია კოალიცია დამოუკიდებლობის დაკარგვის გამო საზოგადოებრივ მაუწყებელს აკრიტიკებს

მედიის ადვოკატირების კოალიციამ 19 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც  გადაცემების დახურვა საზოგადოებასთან სათანადო კომუნიკაციისა და ახსნა-განმარტების გარეშე „კიდევ უფრო აძლიერებს შეფასებას, რომ მაუწყებელი მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, ზეგავლენის ქვეშ არის, ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მისიას, იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, ობიექტური და მიუკერძოებელი მედია, და ის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოუმზადებელი ხვდება“.

მედიის ადვოკატირების კოალიცია აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელობამ გადაცემების დახურვა საჯარო ახსნა-განმარტების გარეშე გადაწყვიტა და მის შემდგომ განცხადებაში მხოლოდ ის იყო ნათქვამი, რომ ცვლილებები ფინანსური რესტრუქტურიზაციის გამო მოხდა. კოალიციას აინტერესებს, რატომ დასახელდა ფინანსური რესტრუქტურიზაცია გადაცემების დახურვის მთავარ მიზეზად, იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების არსებული მოდელი და მისი ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება ორი წლის განმავლობაში, 2026 წლამდე.

„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მორიგ ჯერზეც არ და ვერ შეძლო ანგარიშვალდებულების მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილება“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში. „კრიტიკული იყო საზოგადოების დამოკიდებულება, მათ შორის, გორგილაძის გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებაში ცნობილია საკუთარი კრიტიკული შეფასებებით “ქართული ოცნების” ცალკეული გადაწყვეტილებების მიმართ, როგორიც იყო, მაგალითად, “რუსული კანონის” მიღება“.

კოალიციამ ხაზი გაუსვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული. „მაუწყებლის პროგრამები უნდა იყოს მიუკერძოებელი, ობიექტური და პლურალისტური, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახურება და დემოკრატიულ დისკურსს უწყობს ხელს. გამჭვირვალობისა და სათანადო განმარტებების გარეშე პროგრამების დახურვა, განსაკუთრებით იმ გადაცემებისა, რომელთა ავტორები ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევიან, ამცირებს მაუწყებლის მიმართ ნდობის ხარისხს და ამყარებს ეჭვებს მის პოლიტიკურ მიკერძოებულობასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია შეშფოთებით აღნიშნავს იმ მოვლენებს, რომლებიც პროგრამის დახურვას უძღოდა წინ, როგორებიცაა მმართველი პარტიის მიერ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს გაუქმება და მცდელობა,  შეეცვალა დაფინანსების მოდელი.  „მართალია, აღნიშნული გადაწყვეტილება არ იყო სისრულეში მოყვანილი და საბოლოოდ სხვა მოდელზე მოხდა შეთანხმება, თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილებაც არ იყო საჯარო დისკუსიის და ფართო კონსენსუსის საგანი“, – აცხადებს კოალიცია.

კოალიციის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისა და მმართველი პარტიის დამოკიდებულებამ და ქმედებებმა „ნოყიერი ნიადაგი შექმნეს მაუწყებელში ხელისუფლების სასარგებლო პოლიტიკური ჩარევისა და მანიპულაციისთვის“. „ტელევიზია არ ფუნქციონირებს, როგორც ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული მედია, არის ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ და ეს განსაკუთრებით საშიშია იმ ფონზე, როდესაც ვუახლოვდებით კრიტიკულ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს და სამეურვეო საბჭოს, „უზრუნველყოს მაუწყებლის პლურალისტური და ობიექტური საინფორმაციო პოლიტიკა, მედიის საქმიანობის გამჭვირვალობა, რეალური ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ და მისი მონაწილეობა დიალოგში“.

კოალიცია ასევე მოუწოდებს მმართველ პარტიას „შეწყვიტოს ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევა, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დისკრედიტაცია და ხელი შეუწყოს პლურალისტურ გარემოს შექმნას ქვეყანაში“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button