skip to content
ევროპამთავარი თემა

არჩევნები სერბეთში: გაფრთხილება ვუჩიჩს?

რა ხდება?

დღეს 17 დეკემბერს, სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ტარდება. პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის მმართველ სერბეთის პროგრესულ პარტიას (SNS) პროევროპული პარტიების კოალიცია უპირისპირდება. პირველად დიდი ხნის შემდეგ, ოპოზიცია ახალი სახეებითაა წარმოდგენილი და სერიოზული სამოქალაქო საყრდენი გააჩნია. ვუჩიჩის საქმე ეროვნულ დონეზე არცთუ ცუდად მიდის, თუმცა ბელგრადელებს და დიდი ქალაქების მოსახლეებს იგი დიდად გულზე არ ეხატებათ. ოპოზიციისათვის ეს კარგი შანსია.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

  • აღნიშნული არჩევნების შედეგების მიუხედავად, ალექსანდარ ვუჩიჩის პრეზიდენტობა ავტომატურად არ შეწყდება. თუმცა, იგი მიიჩნევს, რომ დეკემბრის საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები არაპირდაპირ გადაწყვეტს თანამდებობაზე მისი დარჩენა-არდარჩენის საკითხს;
  • ძალიან მნიშვნელოვანია ბელგრადის არჩევნები. დედაქალაქში სერბეთის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი ცხოვრობს. სახელმწიფოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით ნახევარიც ბელგრადში გამომუშავდება. წარსული გამოცდილებით, რომ აქ გამარჯვებას მალე ეროვნულ დონეზე წარმატებაც მოჰყვება ხოლმე.
  • ბელგრადში ტრადიციულად ძლიერია შედარებით ლიბერალური საზოგადოება და ვუჩიჩს საქმე ნამდვილად არ აქვს კარგად. მას დედაქალაქის ავტორიტეტული ყოფილი მერი და ამჟამად ოპოზიციური “თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტიის” თავმჯდომარე, პოლიტიკის ვეტერანი დრაგან ჯილასი უპირისპირდება. ზოგადადაც, მართალია სერბულ ოპოზიციას ერთსულოვანს ვერ ვუწოდებთ, თუმცა მათი ფრაგმენტაციის ხარისხი წინა წლებთან შედარებით შემცირებულია;
  •  ამ არჩევნებს დიდი გავლენა ექნება ევროკავშირისა და სერბეთის ურთიერთობების დინამიკასა და საბოლოოდ, ბელგრადის გაწევრიანების პერსპექტივაზე. ბრიუსელი ვიქტორ ორბანის მეგობარი ვუჩიჩის მთავრობას მედია თავისუფლების უხეშ დარღვევასა და სხვა არადემოკრატიულ მაქინაციებში ადანაშაულებს. ევროპელები ყურადღებით აკვირდებიან სერბეთში მიმდინარე მოვლენებს;
  • უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრით გამოწვეული კრიზისის ფონზე, კიდევ უფრო საყურადღებოა ბალკანეთში მიმდინარე ამბები. კოსოვოს საკითხი შორსაა გადაწყვეტისაგან და მასზე სერბეთის სუვერენიტეტის საკითხი საარჩევნო დღის წესრიგის უმთავრეს საკითხებს შორისაა.

ვინ მართავს სერბეთს?

სერბეთში ფაქტობრივად ნახევრად საპრეზიდენტო სისტემაა, სადაც პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციებს ინაწილებენ. თანამდებობის პირების დანიშვნაში პრეზიდენტთან ერთად ჩართულია ეროვნული ასამბლეა, რომელიც 250 წევრისაგან შედგება. აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით სერბეთში დარღვეულია კანონის უზენაესობისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპები, რაც ნიშნავს, რომ ალექსანდარ ვუჩიჩის ხელში არაპროპორციულად დიდი ძალაუფლებაა. პრემიერი ანა ბრნაბიჩი ტექნოკრატიული ფიგურაა, თანაც ვუჩიჩის ერთგული.

ამომრჩევლები დილიდან მივიდნენ საარჩევნო უბნებზე. ფოტო: ფოტონეტი/მარკო დრაგისლავიჩი

ვუჩიჩი გამოცდილი და წარმატებული პოლიტიკოსია, რომელმაც მოახერხა ხელისუფლების სათავეში აცოცება მას შემდეგ, რაც თითქოს საბოლოოდ ჰქონდა წახდენილი რეპუტაცია სლობოდან მილოშევიჩის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ეჭვმიტანილი იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის მოკავშირეობის გამო. ერთ დროს ყველასგან გარიყული, კეთროვანი პარტიის მეორე პირმა მოახერხა მისი რეპუტაციის გამოსწორება და როგორც სერბების, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მისაღებ პოლიტიკოსად გახდომა. ამის ერთ-ერთი მიზეზი მანამდე არსებული დემოკრატიული კოალიციის შიდაბრძოლები, უგერგილობა და კორუფცია იყო. მეორე კი ის ბოღმა, რაც სერბებს დასავლეთის წინააღმდეგ აქვთ ჩაგუბებული მათი დედაქალაქის ნატოს მიერ დაბომბვის გამო. ჯერ დედაქალაქ ბელგრადში გამარჯვების შემდეგ, ვუჩიჩი 2012 წლიდან ჯერ პრემიერ-მინისტრის, შემდეგ კი უკვე პრეზიდენტის რანგში მართავს ქვეყანას. მისი სერბეთის სახალხო პარტია (SNS) მის კონტროლს არსებული მედია იმპერიის წყალობით არწმუნებს სერბებს, რომ თუკი ვინმე ვუჩიჩის ძალაუფლებას საფრთხეს უქმნის, უეჭველად “უცხოელების მართულია.”

საბედისწერო გასროლები

ვუჩიჩის მმართველობის სისტემა იმდენად მტკიცე და მონოლითური ჩანდა, რომ სერბების უმრავლესობას ხელი ჰქონდა ჩაქნეული. თუმცა წლევანდელმა ტრაგედიებმა მოულოდნელი კატალიზატორის როლი შეასრულა.

კონფლიქტების ისტორიისა და იარაღის საკუთრებისადმი შემწყნარებლური კანონმდებლობის გამო, აქამდე სერბეთი იარაღის მფლობელი სამოქალაქო პირთა რაოდენობით, შეერთებული შტატებისა და იემენის შემდეგ, მესამე ადგილს იკავებდა. მაფიოზურ კლანებს შორის იარაღით საქმის გარჩევა დროდადრო ხდებოდა ხოლმე, თუმცა 2023 წლამდე მასობრივი სროლები შედარებით იშვიათი იყო. მაისში კი იარაღით ხოცა-ჟლეტის ორი ფრიად ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, რამაც მოსახლეობის აღშფოთება და მასშტაბური პროტესტი გამოიწვია.

სერბულმა ოპოზიციამ ვუჩიჩი და მისი მოკავშირეები სიძულვილის ენისა და ძალადობის კულტურის პოპულარიზაციაში დაადანაშაულა, რაც სიმართლისაგან შორს არაა. სერბეთის ტაბლოიდები ცნობილნი არიან სისხლიანი ისტორიების მოყოლით, იარაღის გაღმერთებით, მოძალადეების გმირებად დასახვითა და მმართველი პარტიის ოპონენტების მიმართ მუქარით. ამგვარ ატმოსფეროში მხოლოდ ერთი ნაპერწყალი ჭირდება სასტიკ დანაშაულს, რაც ბელგრადის ერთ-ერთ ცენტრალურ სკოლას დაატყდა თავს, როცა მოზარდმა მოსწავლემ თანატოლები დახოცა.

Nine dead in elementary school shooting in Belgrade - The Japan Times
2023 წლის მაისში, ბელგრადის ცენტრალურ სკოლაში მოზარდმა მამამისის იარაღით სკოლის მცველი და თანაკლასელები დახოცა. ფოტო: afp

მოქალაქეები მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ და ქალაქის გუჩები ხალხით გადაივსო. ვუჩიჩი შეეცადა ამ ვითარებიდან გამომძვრალიყო: მან “სერბეთის განიარაღების” პირობა დადო და ხალხს მოუწოდა, თოფები ჩაგვაბარეთ, ხელს არ გახლებთო. ამავე დროს, შეთქმულების თეორიაც გამოაცხო და “უკრაინული მაიდნის სერბეთში თავიდან აცილების” მოამაგედ დასახა თავი.

თუმცა პროტესტი არ წყდებოდა. ალბათ იმის შიშით, რომ მისი პარტიის პოზიციები კიდევ უფრო გაუარესდებოდა, ხოლო აქამდე დაქსაქსული ოპოზიცია შეიკვრებოდა, ვუჩიჩმა ძველი ფანდი გამოიყენა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამ წელნახევრის განმავლობაში ეს უკვე მესამე არჩევნები იქნება სერბეთში. 2020 წელს ქვეყანამ ახალი პარლამენტი, 2022-ში კი პრეზიდენტი აირჩია. ვუჩიჩისათვის ვადამდელი არჩევნებით მანიპულირება არახალია და მას ხშირად ადანაშაულებენ, რომ თუკი მომავალში საფრთხეს ელის, აწმყოში, სანამ ჯერ კიდევ შანსი აქვს, სწორედ მოსახლეობის არჩევნებზე ნაადრევი მიყვანით იმყარებს ნიადაგსო. ფაქტია, რომ ვუჩიჩის პარტიული მანქანა საათივითაა აწყობილი, ხოლო მედიის კონტროლი თითქმის ტოტალური აქვს. ოპოზიციის დაქსაქსვა – ზოგის დაშინებით, ზოგის ფულით, ზოგისთვის კი კომპრომატების გამოყრით – აქამდე ყოველთვის იოლად გამოსდიოდა.

ერთ-ერთი ვერსიით, ის, ეროვნული და ადგილობრივი არჩევნების ერთდროულად ჩატარებით შესაძლოა მუნიციპალიტეტებში, განსაკუთრებით ბელგრადში მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობდეს.

ასევე, ამავდროულად სრულიად შესაძლებელია, რომ წინასაარჩევნო პროცესების გაჩაღებით ვუჩიჩმა დროის მოგება სცადა, რადგან არ სურდა დროული გადაწყვეტილებები მიეღო ისეთ მწვავე საკითხებზე, როგორც მაგალითად რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთება. მართლაც, ვუჩიჩს ერთდროულად ევროკავშირთან და რუსეთთან მეგობრობა აღარ გამოსდის. ბრიუსელი მისგან მკაფიო არჩევანის გაკეთებას ითხოვს. მისი მეზობელი ორბანისგან განსხვავებით, ვუჩიჩი იდეოლოგიურ ლიდერობას არ იჩემებს – მისთვის შედეგი, ხელისუფლებაში დარჩენაა მთავარი. სერბების დიდი ნაწილი და მმართველი პარტიის მეგობარი ფულიანი ძიებიც ევროკავშირთან კარგი ურთიერთობით ეკონომიკიურად ძალიანაც ხეირობენ.

ანალიზი: ვის რა შანსი აქვს?

მაისის ტრაგედიული მოვლენების შემდეგ, სერბეთში შეიქმნა კოალიცია – “სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ.” მასში ერთიანდებიან “თავისუფლებისა და დემოკრატიის პარტია,” “მწვანე მემარცხენეთა ფრონტი, “ “სერბეთის ხალხის მოძრაობა” და ა.შ. რაც მთავარია, კოალიცია პროევროპული განწყობებითა და კორუფციასთან შეურიგებლობით ხასიათდება. კვლევებით ამ კოალიციას დაახლოებით 40 პროცენტიანი რეიტინგი აქვს, ვუჩიჩი და მისი მოკავშირეები კი 49 პროცენტით ლიდერობენ. ამის მიუხედავად, ოპოზიციას ამხელა მხარდაჭერა წლებია არ ჰქონია. ამდენად არსებობს შანსი, რომ ოპოზიცია სერბეთის მმართველი პარტიის პოზიციებს შეარყევს. ბელგრადში კი ვუჩიჩის საქმე გამოკითხვების თანახმად საერთოდ ვერაა კარგად და აქ მას უფრო აქვს სანერვიულო, ვიდრე, ოპოზიციას.

თუმცა, ვუჩიჩის დაჩრდილვა თუ შეუძლებელი არა, ძალიან რთულია. იგი ყველგანაა და მას ყველა იცნობს. სერბეთის პრეზიდენტმა სერბული მედია საკუთარი იმიჯის შენებისაკენ მომართა და შედეგიანადაც. მხოლოდ წელს, მას 250-ზე მეტი სატელევიზიო მიმართვა ჰქონდა და სწორედ ასეთი ძალისხმევის დამსახურებაა, რომ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტს იგი კვლავ საარჩევნო კანდიდატი ჰგონია. სინამდვილეში კი, ოფიციალურად საკუთარი პარტიის ლიდერიც კი აღარ არის.

Vucic out': Serbian protesters keep heat on government | Reuters
ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა ბელგრადის ქუჩებში საბედისწერო სროლების შემდეგ, მთავრობის მხრიდან ძალადობის წახალისების წინააღმდეგ. ფოტო: როიტერსი

მედია მხარდაჭერის ფუფუნება არ აქვს პროევროპულ ოპოზიციას. სერბეთის ხელისუფლება აქტიურად დევნის მათ ხმას როგორც სატელევიზიო სივრციდან, ისე ონლაინ მედიაშიც კი. ტელევიზიები ვუჩიჩმა დიდი წინააღმდეგობის გარეშე, ფინანსური მეთოდებით ჩაიგდო ხელში – ჯერ ლიცენზიები გაუძვირა, მერე რეკლამებზე წვდომა შეუზღუდა, მერე კი გაკოტრებული მედიები მმართველი პარტიის მეგობრებმა იყიდეს. ქვეყანაში ასევე ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს მარეგულირებელ ორგანოს, რომელიც მმართველი პარტიის დანამატია და თუკი რომელიმე საინფორმაციო საშუალება არ მოეწონება, წამსვე გამაკოტრებელ სანქციებს ადებს.

მეორე მხრივ, ვითარება უიმედო არაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2012 წლის შემდეგ, რეალურად ახლაა პირველი შემთხვევა, როცა მოქალაქეებს SNS-ის პოტენციური ალტერნატივა გაუჩნდათ ზემოხსენებული პროევროპული ოპოზიციური კოალიციის სახით. ჩანს, სერბებს პროევროპული პარტიები ერთად უფრო მოსწონთ, ვიდრე ცალ-ცალკე. მას შემდეგ, რაც 2012 წლის მარცხის კვალდაკვალ “დემოკრატიული პარტია” დაიშალა, ვუჩიჩის კომფორტის ზონაც საკმაოდ ფართო იყო და აქამდე მისი სახლში გამშვები რეალური ძალა ჰორიზონტზე არ ჩანდა. ახლა მთლად ასეც აღარაა საქმე.

ვუჩიჩის წინააღმდეგ იბრძვის მემარჯვენე, მკვეთრად პრორუსული ფრთაც. თუმცა, პროევროპული ძალებისაგან განსხვავებით, მათ ძალების გაერთიანება ვერ შეძლეს და ორი სხვადასხვა, “ეროვნული ყრილობისა” და “იმედის” კოალიციებით არიან წარმოდგენილი. მათი შანსებისა და როლის შესახებ დებატები არ წყდება. ვფიქრობ, გამორიცხული არაა ისინი “kingmaker” პარტიებადაც მოგვევლინონ, თუმცა ჯერ ამაზე მსჯელობა ნაადრევია.

თუმცა, საერთო ჯამში ოპოზიცია აშკარად მოძლიერდა და ამ მომატებულ ძალას ხელისუფლებაც გრძნობს. ალბათ ამიტომაცაა, რომ ოპოზიციის დაშინება, მათზე ფიზიკური თავდასხმები და შანტაჟი, მათ შორის პირადი ცხოვრების კადრებით, წინასაარჩევნო პერიოდის ყოველდღიურობად იქცა. ქვეყანაში ძალიან დაძაბული წინასაარჩევნო გარემოა და არავინ იცის, როგორი 17 დეკემბრის არჩევნების შემდეგ როგორი ორშაბათი გათენდება ქვეყანაში.

რას უნდა ველოდეთ?

მსგავსი ვითარება ავტორიტარული ტენდენციების მქონდე ცენტრალურ ევროპულ ქვეყნებში უკვე მრავალჯერ გათამაშდა. ოპოზიციის ტაქტიკა მსგავსია: შეკავშირება, ერთმანეთთან წინააღმდეგობაზე და კანდიდატების კონკურენციაზე უარის თქმა, სატელევიზიო ბლოკადის ხალხთან პირდაპირი კონტაქტით გარღვევა, ახალი სახეებისა და სამოქალაქო, არაპარტიულ მოძრაობებთან საერთო ენის გამონახვა.

წინა არჩევნებზე, გაერთიანებულმა და თითქოს იმედისმომცემმა ოპოზიციამ ვერ შეძლო ვიქტორ ორბანის პოზიციების შერყევა სამაგიეროდ, წარმატებას მიაღწიეს მსგავსი ტაქტიკით მოქმედმა ჩეხმა და, სულ ბოლოს, პოლონელმა ოპოზიციონერებმა.

მთავარი კითხვაა, რა მოხდება, თუკი ვუჩიჩის პარტიამ ეროვნული მასშტაბით გაიმარჯვა, მაგრამ დედაქალაქი და რამდენიმე დიდი ქალაქი წააგო. ბელგრადის დაკარგვა სერბეთის სადავეების დაკარგვად დაუჯდა მილოშევიჩს (არჩევნებში, რომელიც მან ეროვნული მასშტაბით მოიგო) და მოგვიანებით – დემოკრატიულ პარტიას, როცა ვუჩიჩმა ბელგრადიდან დაიწყო მისი რღვევა.

თუმცა, მაინც ცხადია, რომ ქვეყანა ცვლილების პირასაა. ვუჩიჩის ძალაუფლების ხარისხი მინიმუმ შეიცვლება, საგარეო პოლიტიკაში კი სერბეთს, ვუჩიჩისა თუ ვინმე სხვის მიერ, რუსეთსა და ევროკავშირს შორის ერთერთის არჩევა მოუწევს.

სტატია მომზადებულია POLITICO-ს, Le Monde-ს, Euronews-ს, Euroactive-ს, Reuters-ს, Balkan Insight-ს მასალებზე დაყრდნობით.

მსგავსი/Related

Back to top button