skip to content
ევროპაევროპის მოამბე

ევროპის მოამბე: 16 ოქტომბერი

პოლონეთის გარდამტეხი არჩევნები

15 ოქტომბერს, პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. პოლონეთის საარჩევნო ადმინისტრაციის საბოლოო მონაცემებით, 35,38%-ით პირველ ადგილზე გავიდა მოქმედი სახელისუფლებო პარტია “კანონი და სამართლიანობა.” თუმცა, ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, ოპოზიციურმა პარტიებმა – “სამოქალაქო კოალიცია” (30,7%), “მესამე გზა” (14,4%) და “ახალი მემარცხენეები” (8,6%) – კაჩინსკის “კანონისა და სამართლიანობის” პარტიას უმრავლესობა ხელიდან გამოაცალეს. ამ საარჩევნო შედეგებით, ოპოზიციურმა პარტიებმა პოლონეთის 460 ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით 250 მანდატი უნდა მიიღონ, მაშინ როდესაც პირველ ადგილზე გასული “კანონი და სამართლიანობა” ულტრა-მემარჯვენე “კონფედერაციასთან” გარიგების შემთხვევაშიც კი, მხოლოდ 210-211 მანდატს დააგროვებს.


ვადამდელი არჩევნები სერბეთში

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა ოპოზიციისა და ხალხის დიდი ნაწილის მოთხოვნა შეისმინა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღად 17 დეკემბერი გამოაცხადა. მას შემდეგ, რაც მაისის დასაწყისში, სერბეთი ორი ძალზე ტრაგიკულ ინციდენტის მომსწრე გახდა, რომლის შედეგადაც 17 ადამიანი (ძირითადად, სკოლის მოსწავლეები) დაიღუპა, ვუჩიჩი და მისი “პროგრესული პარტია” ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მოექცნენ. პრეზიდენტ ვუჩიჩსა და მის ხელისუფლებას, როგორც ოპოზიცია, ისე მოსახლეობის დიდი ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღის მიშვებულ კონტროლსა და ზოგადად, ძალადობის კულტურის წაქეზებაში ადანაშაულებს. მასიური დემონსტრაციების წნეხის ქვეშ, ვუჩიჩის მთავრობამ ცეცხლსასროლი იარაღის ლიცენზიების მასიური გაუქმება და დიდი რაოდენობით იარაღის ამოღებაც მოახდინა, თუმცა ამ ზომებმა პოლიტიკური კრიზისი ვერ განმუხტა და საქმე მაინც ვადამდელ არჩევნებამდე მივიდა.


აღმოსავლეთი საჩოთირო საქმეა”

გასულ კვირაში ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ყურადღება ძირითადად ახლო აღმოსავლეთისკენ იყო მიპყრობილი, სადაც ისრაელზე საშინელ ტერორისტულ თავდასხმას რეგიონში სერიოზული სამხედრო ესკალაცია მოჰყვა. ისრაელზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის მასშტაბმა და სისასტიკემ ევროკავშირი პალესტინელებთან ურთიერთობების საფუძვლიანი გადახედვაზე დააფიქრა და აიძულა პალესტინელებისთვის დახმარების პროექტები დროებით შეეჩერებინა. ევროკავშირის ქვეყნებმა ისრაელზე ტერორისტული თავდასხმა ცალსახად დაგმეს და ისრაელის თავდაცვის უფლება ყველას გასაგონად აღიარეს, თუმცა ისრაელის სამართლიანად გაბრაზებულ ხელისუფლებას ჰუმანიტარული სამართლისა და ომის კანონების დაცვის აუცილებლობაზეც მიანიშნეს – “ჰამასის” განადგურება, პალესტინელი მოსახლეობის განადგურებაში არ უნდა გადაიზარდოსო.  


დასავლურ განწყობებში შემჩნეული სომხეთი

გასულ კვირას, სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ხელი მოაწერა რომის სტატუტთან სომხეთის შეერთებას, რომლის თანახმადაც სომხეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელშემკვრელი მხარე გახდა. პრეზიდენტის ხელმოწერამდე, რომის სტატუტი სომხეთის პარლამენტმაც დაამტკიცა. ეს ის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოა, რომელმაც უკრაინელი ბავშვების გენოციდში ეჭვმიტანილ ვლადიმირ პუტინის სახელზე დაკავების ორდერი გასცა. მოსკოვში, სომხეთის ეს ნაბიჯი არამეგობრულად შეაფასეს და ფაშინიანის ხელისუფლება პროდასავლურ განწყობებში დაადანაშაულეს. პროდასავლურ განწყობებში შემჩნეული და რუსეთზე გულმოსული ნიკოლ ფაშინიანი არც 12 ოქტომბერს ბიშკეკში გამართულ დსთ-ს სამიტზე გამოჩენილა.


პუტინის ბიშკეკური თერაპია

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძებნილი ვლადიმირ პუტინი წლეულს, თავისი პირველი უცხური ვიზიტით ყირგიზეთს ეწვია, სადაც დსთ-ს ქვეყნების მეთაურთა სამიტს დაესწრო. ყირგიზეთში პუტინს მხოლოდ დსთ-ს ქვეყნების გახუნებულ ლიდერებთან გასაუბრების სურვილი როდი ამოძრავებდა, მათ ის ტრადიციისამებრ, ვიდეო კავშირის საშუალებითაც მშვენივრად მოიკითხავდა. ბიშკეკში სტუმრობით, რუსეთის გარიყული პრეზიდენტი შეეცადა დასავლეთისთვის შეეთვალა –  თქვენი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერი ცალ ფეხზე მკიდია და ძველებურად შემიძლია მოგზაურობაო.  ყირგიზეთი მართლაც რომის სტატუტის ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარეა და წესით, ბიშკეკში ჩასული პუტინი ყირგიზ სამართალდამცავებს უნდა დაეკავებინათ, შემდეგ კი, საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაეცათ, თუმცა ამის ნაცვლად, ყირგიზეთის თავკაცმა, სადირ ჯაფაროვმა მას გულთბილად უმასპინძლა.


ყარაბაღის თავზე აზერბაიჯანის დროშა ფრიალებს

დსთ-ს სამიტიდან დაბრუნებული აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი სომხებისგან დაცლილ მთიან ყარაბაღში ჩავიდა და ხანკენდიში (სომხური სტეპანაკერტი) აზერბაიჯანის დროშა პირადად აღმართა. აზერბაიჯანის ლიდერმა სახელმწიფო დროშები აღმართა ასევე ყარაბაღის სხვა საკვანძო ქალაქებშიც და სარსანგის წყალსაცავის ტერიტორიაზე. ორიოდე კვირის წინ, აზერბაიჯანმა სწრაფი სამხედრო ოპერაციის შედეგად, მთიან ყარაბაღზე კონტროლი სრულად აღადგინა, სეპარატისტების არაერთი “სახელოვანი” ლიდერიც დააკავა და პასუხისგებაში მისცა. ბოლო წარმატებებით შეგულიანებულმა ალიევმა ყარაბაღში ჩასვლითა და სახელმწიფო დროშების აღმართვით, ცოტა ხნის წინ მოპოვებული გამარჯვება საბოლოოდ გაიფორმა.


დივერსია ფინურ-ესტონურ გაზსადენზე

ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელმა წყალქვეშა გაზსადენმა “BalticConnector” ისე გაჟონა, რომ სპეციალისტები იძულებული გახდნენ გაზსადენის მუშაობა შეეჩერებინათ. გამოძიება არკვევს თუ რამ გამოიწვია გაზსადენის ესოდენ სერიოზული დაზიანება, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, გაზსადენი გარე ზემოქმედების შედეგად დაზიანდა. გაზსადენის მწყობრიდან გამოსაყვანად საჭირო ტექნიკური შესაძლებლობა და მოტივაცია კი, რეგიონის ქვეყნებიდან მხოლოდ ერთს – რუსეთს აქვსო – ამბობენ ჰელსინკიში. ფინელი ექსპერტები ეჭვობენ, რომ რუსეთმა ფინეთი ნატო-ში გაწევრიანების გამო დასაჯა და ევროპასაც ზამთრის სეზონის დადგომის წინ თავი შეახსენა. მართალია, გაზსადენის  აღდგენას 2-3 თვე მაინც დასჭირდება, თუმცა “BalticConnector”-ის დროებით შეჩერება არც ფინეთსა და არც ესტონეთში გაზის მიწოდების მნიშვნელოვან შეფერხებას არ გამოიწვევს.

მსგავსი/Related

Back to top button