მთავარი თემა

სერბეთი ნაადრევი არჩევნებისთვის ემზადება

რა ხდება?

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა დაადგინა, რომ ქვეყანაში 17 დეკემბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მოსახლეობაში დაგროვილი საპროტესტო მუხტის მიუხედავად, მმართველი პარტია, სავარაუდოდ კონტროლის შენარჩუნებს.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

  • სერბეთი დასავლეთ ბალკანეთის საკვანძო ქვეყანაა, რომელიც “სერბეთის პროგრესული პარტიის” (SNS) მეთაურობით 2012 წლიდან ავტორიტარული მიმართულებით ვითარდება. ვუჩიჩის სერბეთი ევროპაში ერთგვარ კარიბჭედ იქცა რუსეთის, ჩინეთის და ახლო აღმოსავლეთის ავტორიტარული რეჟიმებისათვის.
  • ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ვუჩიჩს უპრეცედენტოდ ფართო საზოგადოებრივმა უკმაყოფილებამ აიძულა. მმართველი პარტიის კონტროლის შესუსტება ძალაუფლებაზე სერბეთში უფრო დემოკრატიული და პრო-ევროპული კურსის საწინდარად შეიძლება იქცეს. ევროკავშირის გაფართოების შემდეგი ეტაპი რთული წარმოსადგენია სერბეთის გარეშე.
  • მეორე მხრივ, პოლიტიკური კრიზისი ზრდის უსაფრთხოების რისკებსაც. ვუჩიჩს აქვს ცდუნება, საზოგადოებრივი პროტესტი საერთო მტრის ხატის შექმნით ჩაახშოს. უკანასკნელ ხანებში კოსოვოში ვითარების უკიდურესი ესკალაცია ამ მიმართულებით საყურადღებო მოვლენაა, მით უფრო, რომ სერბეთი ყურადღებით აკვირდება მთიანი ყარაბაღის პრეცედენტს.

ანალიზი

უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნები სერბეთში 2022 წლის 3 აპირლს გაიმართა, რომელშიც მანდატების უმრავლესობა, როგორც მოსალოდნელი იყო, „პროგრესულმა პარტიამ“ მოიპოვა და სამთავრობო კოალიციაც ჩამოაყალიბა, სადაც მას წამყვანი როლი აქვს მემარცხენე, იუგოსლავიის ყოფილი კომპარტიის ნამსხვრევებთან ერთად. კაბინეტის წევრები არიან ასევე ხორვატული და ბოსნიაკური უმცირესობის წარმომადგენლები.

განვლილი ათი წლის განმავლობაში, ვუჩიჩმა განამტკიცა პარტიული კონტროლი ქვეყნის ცხოველქმედების ყველა სფეროზე და დაიქვემდებარა სახელმწიფო ინსტიტუტები. ოპოზიცია დაქსაქსულია და მის ლიდერებს ხშირად ესხმიან თავს სამთავრობო გავლენის მყოფ მედიაში. არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებდნენ მმართველი ძალის მიერ წახალისებულ ძალადობის კულტზე და იმაზე, რომ სახელმწიფო ორგანიზაციების შეზრდა მაფიოზურ და ოლიგარქიულ სტრუქტურებთან, რაც სერბეთში ჯერ კიდევ ბალკანეთის ომების წლებიდან წარმოადგენდა პრობლემას, კიდევ უფრო გაღრმავდა.

სერბეთის მმართველი კოალიცია (დააწკაპუნეთ)

  • სერბეთის პროგრესული პარტია (SNS)
  • სოციალ-დემოკრატიული პარტია (SDPS)
  • სოციალისტების მოძრაობა (SPS)
  • სახალხო პარტია (SNP)
  • ერთიანი სერბეთი (JS)
  • სერბეთის პენსიონერთა გაერთიანებული პარტია (PUPS)

ტრაგედია და აღშფოთება

2023 წლის 3 მაისს, ბელგრადის ცენტრში 13 წლის მოზარდი საკუთარ სკოლას თავს დაესხა და ცეცხლსასროლი იარაღით 10 ადამიანი მოკლა. 5 მაისს მეორე მასობრივ, დედაქალაქთან ახლოს, 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ ტრაგედიის შემდეგ ქვეყანას სპონტანური, მასობრივი საპროტესტო აქციები მოედო და მალე საერთო სახელწოდებით – „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ – ორგანიზებული ხასიათი მიიღო. დემონსტრანტები განათლების მინისტრის, ბრანკო რუჟიჩის, შინაგან საქმეთა მინისტრის, ბრატისლავ გაშიჩისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის, ალექსანდარ ვულინის გადადგომას მოითხოვდნენ.

სერბეთის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, სამოქალაქო სექტორმა და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა მმართველი გუნდი ზიზღისა და ძალადობის წაქეზებასა და პოპულარიზაციაში დაადანაშაულა, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

შესაბამისად, მოთხოვნებს შორის ძალადობრივი შინაარსის გამავრცელებელი პრო-სატელევიზიო არხებისთვის სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმება და დაძაბულობის ხელშემწყობი პრო-სამთავრობო გაზეთების აკრძალვაც გაჟღერდა.

კონკრეტული პირების გადადგომის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო გამოსვლა, სერბეთის პრეზიდენტისა და მისი მოკავშირებიის მხირდან მოთხოვნების შესრულებაზე სასტიკი უარის მიღების შემდეგ, მასშტაბურ ანტი-სამთავრობო პროტესტში გადაიზარდა.

მთავრობის რეაქცია

ორი მასობრივი მკვლელობის კვალობაზე სპონტანურმა პროტესტმა მთავრობა შეაცბუნა, თუმცა ვუჩიჩი შეეცადა, ვითარება მისთვის სასარგებლოდ შემოებრუნებინა. მთავრობამ აქცენტი რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის შეზღუდვის აუცილებლობასა და არარეგისტრირებულის ჩამორთმევაზე გადაიტანა და ქვეყნის „განიარაღების“ პირობა დადო.

აღნიშნულმა დაპირებებმა მოსახლეობაში უკმაყოფილების ჩახშობა ვერ მოახერხა. მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ქუჩაში გამოსული ადამიანების რაოდენობა უფრო გაიზარდა.

ალექსანდარ ვუჩუჩმა მუხტის დაგდებისა და ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების დისკრედიტაციის მიზნით, ოპოზიციურს პარტიებს პრეზიდენტის მოკვლისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დასდო ბრალი. ამას გარდა, პრემიერ-მინისტრმა, ანა ბრნაბიჩმა ოპოზიცია „სროლების პოლიტიზირებაში“ დაადანაშაულა.

თუმცა, მთავრობის მანევრებმა არ გაჭრა. 2023 წლის 11 სექტემბერს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა მაზობრივი სახალხო აქციების ფონზე, პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს წლის ბოლომდე საპარლამენტო და დედაქალაქ ბელგრადის ასამბლეის არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით მიმართეს. მზარდი ზეწოლის შედეგად, პრეზიდენტმა 17 დეკემბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.

სერბეთის პოლიტიკური ლანდშაფტი

ალექსანდარ ვუჩიჩი და „სერბეთის პროგრესული პარტია“

ვუჩიჩის პოლიტიკური კარიერა 1993 წლიდან იწყება, როდესაც ის ულტრამემარჯვენე „რადიკალური პარტიის“ სიით საკანონმდებლო ორგანოს წევრი გახდა. 1998-2000 წლებში, მილოშევიჩის ზეობისას, ვუჩიჩი ინფორმაცის მინისტრის თანამდებობას იკავებდა და სწორედ მის სახელს უკავშირდება ჟურნალისტებისა და მედია საშუალებებისთვის წინააღმდეგ უმკაცრესი რეპრესეიები.

“რადიკალური პარტია“ 1991 წლიდან არსებობს და „დიადი სერბეთის“ შექმნას უჭერდა მხარს. მილოშევიჩის რეჟიმის დამარცხების შემდეგ ის კეთროვან პარტიად ითვლებოდა. თუმცა, 2000-იან წლებში, დემოკრატიული კოალიციის კორუფციამ ვითარება შეცვალა. 2008 წელს პარტიის ჰააგიდან გათავისუფლებულ ლიდერს, ვოისლავ შეშელსა და მის ვიცე-პრეზიდენტ, ტომისლავ ნიკოლიჩს შორის განხეთქილება მოხდა, როცა ნიკოლიჩმა ევროკავშირის წევრობას დაუჭირა მხარი. ნიკოლიჩი „რადიკალური პარტიიდან“ გააძევეს, თუმცა მან მალევე “პროგრესული პარტია” შექმნა, რომელსაც ვუჩიჩიც მალე შეუერთდა.

ოპოზიციაში მყოფი SNS 2011 წელს დემოკრატიულად ცნობილი მმართველი კოალიციის წინააღმდეგ დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს ჩაუდგა სათავეში, რომლებმაც ჯერ ბელგრადი, შემდეგ კი მთელი სერბეთი მოიცვა. ეკონომიკური პრობლემებით, მთავრობის კორუფციითა და ევროკავშირისკენ სვლის ნელი ტემპით იმედგაცრუებულმა მოახლეობამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მხარი „პროგრესულ პარტიას“ დაუჭირა, რომლის მთავარი დაპირებაც ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, კრიმინალთან და კორუფციასთან ბრძოლა იყო.

თავად ვუჩიჩი, 2012-2013 წლებში თავდაცვის მინისტრის, 2012-2014 წლებში პრემიერ-მინისტრის მოადგილის, 2014-2017 წლებში პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2017 წლიდან სერბეთის პრეზიდენტია.

2023 წლის 21 ოქტომბერს „პროგრესული პარტიის“ შექმნის 15 წლისთავზე ვუჩიჩმა თქვა, რომ პარტიამ, რომელიც „სერბეთის ყველაზე აგრესიული პოლიტიკური ორგანიზაციაა, ქვეყანას ყველაზე ლამაზი რამ, მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა მოუტანა.“

პარტიის აქტივშია ეკონომიკური ზრდა, რომელიც ძირითადად სამშენებლო და ინფრასტრუქტურის სექტორში რუსული, ჩინური და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან კაპიტალის შემოდინებას უკავშირდება. ვუჩიჩი ბელგრადში სამშენებლო ბუმით და ცათამბჯენების მშენებლობით ამაყობს, რასაც ძველი უბნები შეეწირა.

საგარეოპოლიტიკურ ასპარეზზე ვუჩიჩი ფრთხილი მოთამაშეა და ვლადიმირ პუტინთან და ჩინეთის რეჟიმთან სიახლოვეს, ბრიუსელის მიმართ პერიოდული დათმობებით და თანამშრომლობით აბალანსებს. ამავე დროს, “პროგრესული პარტიასთან” დაახლოებული მედია სერბულ ნაციონალიზმს ადიდებს, ანტიდასავლურ კამპანიებს აწარმოებს, ომის დაწყების შემდეგ კი მკვეთრად პრო-რუსულ პოზიციაზეა.

საპროტესტო აქციები, როგორც წნეხი ხელისუფლებაზე

2012 წელს ქვეყანაში კორუფციის აღმოფხვრის მიზნით მოსული პოლიტიკური ძალა წლების განმავლობაში არაერთ კორუფციულ სკანდალში გაეხვა. „პროგრესულ პარტიას“ კანონის უზენაესობის აღმოფხვრაში, დემოკრატიის პრინციპების ხელყოფაში, არჩევნების გაყალბებაში, პოლიტიკურ ინსტიტუტებზე ზეწოლაში, ოპონენტების დაშინებაში, მედია საშუალებებისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხელყოფაში, კორუფციის აყვავებაში და ბევრ სხვა ცოდვაში ადანაშაულებენ.

2012 წელს „პროგრესული პარტიის“ ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, სერბეთში პროტესტი არ შეწყვეტილა, რასაც სხვადასხვა მიზეზი თუ საბაბი ჰქონდა:

  • 2016 წელს: დედაქალაქის ძველ, სავსკი-ვენაცის უბანის დანგრევა, რასაც ერთ-ერთი ობიექტის მცველის, სლობოდან ტანასკოვიჩის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალება მოჰყვა.
  • 2016 წელსვე საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების ბრალდებით;
  • 2017 წელს: ალექსანდერ ვუჩიჩის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების „მოპარვა“; 
  • 2018-2020 წლები: თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე, ბორკო სტეფანოვიჩზე. მიტროვიცაში ეთნიკურად სერბი პოლიტიკოსის, ოლივერ ივანოვიჩის მკვლელობა, რასაც უაღრესად მასშტაბური და ხანგრძლივი პროტესტი გამოიწვია.  
  • 2020 წელი: კოვიდ პანდემიის სუსტი მართვა არასწორი მენეჯმენტი, კომენდანტის საათის დაწესება, ქვეყნის ჩაკეტვა, ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობის გაყალბება;
  • 2021 წელი: მთავრობის მიერ კონსგლომერატ „Rio Tinto”-სათვის ლითიუმის მოსაპოვებლად გაცემული ნებართვა, მძიმე გარემოსდაცვითი შედეგებით
  • 2023 წელი: ორი მასობრივი მკვლელობა, რომელსაც ჯამში 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ხელისუფლება მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებს ქვეყანაში არსებული „დემოკრატიის ზეიმით“ ხნის, რომელიც სერბეთის თითოეულ მოქალაქეს საკუთარი აზრის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, თავისუფლად დაფიქსირების საშუალებას აძლევს.

მმართველი გუნდის სტრატეგია ქუჩაში გამოსული უკმაყოფილო მოსახლეობის გადაღლა და მოთხოვნებზე სასტიკი უარის თქმით, სახლებში უკვე მუხტდავარდნილი და უიმედოდ განწყობილი პროტესტანტების დაბრუნებაა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში გამართული საპროტესტო გამოსვლებიდან მხოლოდ ორმა, 2020 წელს კოვიდ პანდემიის დროს და 2021 წელს Rio Tinto-სთვის ლითიუმის მოპოვებისთვის საჭირო ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულმა აქციებმა გამოიღო შედეგი. ყველა სხვა შემთხვევაში მმართველმა გუნდმა მოსახლეობის „გადაღლა“ წარმატებით მოახერხა.

ვინაა ოპოზიციაში?

სერბეთის ოპოზიცია საკმაოდ დაქსაქსულია და შიდა დაპირისპირებებით გამოირჩევა, რაც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაგროვილი უთანხმოებების ბრალიცაა და ვუჩიჩის რეჟიმის მიერ ამ დაპირისპირების წაქეზებისაც. სერბებს ცუდად ახსოვთ ე.წ. “დემოკრატიული კოალიციის” მმართველობის წლებისას არსებული არაეფექტურობა და კორუფცია.

დემოკრატიული ფლანგი

შედეგად, 2022 წელს, როცა „პროგრესულმა პარტიამ“ 44.27%-ის (120 მანდატი) მოპოვება შეძლო, მეორე ადგილზე გასული ოპოზიციური ალიანსი – „სერბეთის გამარჯვებისთვის გაერთიანებულები“ ხმების მხოლოდ 14.09%-ს (38 მანდატი) დასჯერდა.

ზემოთ აღწერილი მუდმივი სახალხო პროტესტის მიუხედავად, “პროგრესული პარტიის” გამარჯვებიდან პირველ წლებში ოპოზიცია სრულიად დემორალიზებული და უნიათო იყო. ალტერნატივის შექმნის პირველი სერიოზული მცდელობა 2018 წლის სექტემბერში, ვეტერანი პოლიტიკოსის, ბელგრადის ყოფილი მერის, დრაგან ჯილასის მეთაურობით მოხდა. შეიქმნა „ალიანსი სერბეთისთვის“ (SZS), რომელიც იდეოლოგიურად ერთმანეთისგან განსხვავებული 11 პარტიისგან შედგებოდა.

მათ შორის იყო ევროსკეპტიკური „სახალხო პარტია“, რომელიც სამხედრო ნეიტრალიტეტს უჭერს მხარს და ევროკავშირში შესვლის წინააღმდეგი იყო. აქვე იყვნენ პროევროპული „დემოკრატიული პარტია” (DS), „თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტია“ (SSP), „თავისუფალ მოქალაქეთა მოძრაობა“ (PSG), “მოძრაობა ცვლილებისათვის“ (PZP), „სერბეთის გაერთიანებული პროფკავშირები“, „სამშობლო“, „მოძრაობა თავისუფალი სერბეთისთვის“ (PSS), ასევე სერბეთში მცხოვრები უნგრელების, მაკედონიელების და ვლახების წარმომადგენელი პოლიტიკური პარტიები.

ალიანსმა 2020 წლის აგვისტომდე გაძლო და კოალიციის წევრ პარტიებს შორის არსებული უთანხმოების გამო არჩევნების შემდეგ დაიშალა. თუმცა პარტიათა ნაწილმა მალევე ახალი კოალიცია – „სერბეთის გაერთიანებული ოპოზიცია“ შეიქმნა, რომელმაც სულ რამდენიმე თვე იარსება და ორ ბლოკად გაიყო – ერთი ნაწილი „თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტიის – SSP“, ხოლო მეორე ნაწილი „სახალხო პარტიის“ გარშემო გაერთიანდა. 2021 წლის ნოემბერში, წინასაარჩევნოდ შეიქმნა ახალი კოალიცია – „სერბეთის გამარჯვებისთვის გაერთიანებულები“ – რომელიც 2022 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე დაიშალა.

ანტიდემოკრატიული ფლანგი

ოპოზიციურ ფლანგზე უხვად არიან ულტრა-ნაციონალისტური და ევროსკეპტიკური, არსით ხშირად ანტიდემოკრატიული პარტიები. მათ შორის აღსანიშნავი არიან: „სერბეთის ახალი დემოკრატიული პარტია – NDSS“, „მოძრაობა სერბეთის სამეფოს აღდგენისთვის – POKS“, რუსეთუმე, სლავური დერჟავნიკების გაერთიანება „დვერი“ და „ფიცისმცველთა პარტია – SSZ.“ ამბობენ, რომ მათი ნაწილი განსაკუთრებით „დვერი“ სერბული სპეცსამსახურების მხრიდან იმართება და მმართველი პარტიის დამრტყმელი ძალის და ევროკავშირისთვის საფრთხობელას ფუნქციას ერთდროულად ასრულებენ.

კომუნისტური ლიგისა და იუგოსლავიის მშრომელთა სოციალისტური ალიანსის შერწყმის შედეგად შეიქმნა „სოციალისტური პარტია“, რომელიც მმართველი „პროგრესული პარტიის“ მიერ შექმნილი კოალიციის წევრი ფორმალურად არ არის, მაგრამ 1990 წლიდან დღემდე, 2003-2007 წლების გამოკლებით, არჩევნებში გამარჯვებულ ყველა პარტიასთან ახერხებს საერთოდ ენის გამონახვას და მთავრობაში მოხვედრას.

რას უნდა ველოდეთ ვადამდელ არჩევნებზე?

ოპოზიციის დაქსაქსულობის ფონზე, სერბეთში მმართველი პარტიის მიერ პროტესტის ჩახშობის საუკეთესო გზა არა მოთხოვნების შესრულება, არამედ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.

მედიის კონტროლის მიმდინარე დონეს თუ გავითველისწინებთ, პრო-სახელისუფლებო პროპაგანდის გავრცელებით, მმართველ პარტიას ხმების უმრავლესობის მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს.

დანაწევრებული ოპოზიცია, რესურსების არარსებობის გამო ძირითად აქცენტს მხოლოდ დედაქალაქ ბელგრადზე აკეთებს და რომელმაც მმართველი გუნდის წინააღმდეგ მყარი, იდეოლოგიურად ჰომოგენური ერთობის შექმნა ვერ მოახერხა.

მართალია, რესურსების დედაქალაქზე მიმართვამ 2022 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შედეგი გამოიღო და ბელგრადში ოპოზიციურმა ალიანსმა უფრო მეტი ხმის მოპოვება შეძლო, ვიდრე მმართველმა გუნდმა. ამას გარდა, აღნიშნულმა გაერთიანებამ, ალიანსის წევრებს შორის არსებული უთანხმოების მიუხედავად, მეორე ადგილზე გასვლა და „პროგრესული პარტიის“ მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას ხელი შეუშალა.

ოღონდაც, მმართველი გუნდის გავლენა მხოლოდ მცირედით კლებულობს – 2014 წელს „პროგრესულმა პარტიამ“ 250 მანდატიდან 158 მიიღო, 2016 წელს – 131 და 2020 წელს – 188 მანდატი მიიღო, 2022 წლის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების შედეგად მან 120 მანდატი მოიპოვა. მუდმივი კოალიციური პარტნიორების საშუალებით SNS-ს სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბება არ უჭირს.

17 დეკემბრამდე დარჩენილი მცირე დროის გათვალისწინებით, საეჭვოა, რომ მმართველი ძალის წინააღმდეგ იმდენად მტკიცე ერთობის ჩამოყალიბება მოხერხდეს, რომ მომავალი არჩევნები სერბეთისთვის გარდამტეხი აღმოჩნდეს.

მიმოხილვა მოამზადა ხატია დავლიანიძემ

Back to top button