skip to content
ახალი ამბები

კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ დასრულების შემდეგ ზურაბიშვილმა ხელმოწერები ევროკავშირის ელჩს გადასცა

საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროპული საბჭოს გადამწყვეტი გადაწყვეტილების მიღებამდე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 13 დეკემბერს ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის მის მიერ ინიცირებული კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში შეგროვებული ხელმოწერები გადასცა.

კამპანიის ფარგლებში გამართულ ბოლო შეხვედრაზე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მიიწვია როგორც საქართველოს მოქმედი, ისე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები (პრემიერ-მინისტრები, საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვ.), ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები და უცხოელი დიპლომატები. ევროკავშირის მხარდამჭერი კამპანიის შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ წევრებიც იყვნენ მიწვეულნი, თუმცა მათ მისვლაზე უარი განაცხადეს.

ბოლო შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი და პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი.

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კამპანია 8 ნოემბერს დაიწყო მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. კამპანიის ფარგლებში, ქართული საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს პეტიციას და ევროპელ ლიდერებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ მოუწოდეს. თითოეულ შეხვედრაზე ზურაბიშვილი სიტყვით გამოდიოდა და საქართველოსთვის ევროპული მომავლის მნიშვნელობას უსვამდა ხაზს.

15 ნოემბერს კამპანიას წნორის ადგილობრივი მოსახლეობა და ,,ცოდნის კაფე“ შეუერთდნენ;

16 ნოემბერს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას შეურთდნენ;

22 ნოემბერს ორბელიანების სასახლეში მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც პრეზიდენტმა ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს უმასპინძლა;

25 ნოემბერს, ქალაქ გორში ვიზიტისას, ზურაბიშვილმა სიტყვით გამოვიდა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ხელმოწერების კამპანიის მნიშვნელობას;

26 ნოემბერს ორბელიანების სასახლეში მორიგი შეხვედრა გაიმართა, ამჯერად ყველა ქართული მედიის წარმომადგენლებთან;

27 ნოემბერს ორბელიანების სასახლეში გაიმართა შეხვედრა სამეცნიერო და აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლებთან;

28 ნოემბერს ყვარელში პრეზიდენტი ზურაბიშვილი აშშ-ს ელჩთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან და ნატოს წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ყვარლის ევროკლუბის” დაარსების 4 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. იმავე დღეს ზურაბიშვილმა მორიგი შეხვედრა გამართა ქალაქ თელავში, სადაც სიტყვით მიმართა 15 ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას და ახალგაზრდობას. ისინიც შეუერთდნენ კამპანიას;

29 ნოემბერს ზურაბიშვილმა მორიგი შეხვედრა გამართა ქალაქ წნორში, სადაც „ცოდნის კაფეს“ ესტუმრა, შეხვდა და მიმართა ახალგაზრდებს და ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებმაც ხელი მოაწერეს პეტიციას. იმავე დღეს ზურაბიშვილი სოფელ მელაანში ჩავიდა; იგი ადგილობრივ არაფორმალური განათლების ცენტრ „მელოს“ ეწვია და ახალგაზრდებს შეხვდა, რომელთაც ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.

30 ნოემბერს ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა;

3 დეკემბერს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში შშმ პირებს უმასპინძლა;

4 დეკემბერს პრეზიდენტმა ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა;

5 დეკემბერს, მოხალისეობის საერთაშორისო დღეს, ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მოხალისეებს უმასპინძლა;

6 დეკემბერს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდა სპორტსმენებს უმასპინძლა;

10 დეკემბერს ზურაბიშვილმა მორიგი, ამჯერად ონლაინ შეხვედრა გამართა ევროკავშირის ქვეყნებში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

13 დეკემბერს ორბელიანების სასახლეში ბოლო შეხვედრა გაიმართა საქართველოს მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button