ახალი ამბებიდაწვრილებით

„ჩვენი ხმა ევროპას“ – პრეზიდენტმა ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ ხელმოწერების კამპანია დაიწყო

8 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია მისცა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, უცხოელ დიპლომატებთან ერთად, ორბელიანების სასახლესთან ხელმოწერების კამპანიის ,,ჩვენი ხმა ევროპას“ დაწყების ღონისძიება გამართა და ქართველ ხალხს მიმართა.    

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვა

ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. პრეზიდენტმა ქართველ ხალხს და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს ევროკომისიის გადაწყვეტილება მიულოცა: „ეს დღე თქვენ გეკუთვნით! ეს დღე საქართველოს მიღწევაა!“

მან ასევე გაიხსენა გამოჩენილი ქართველი წინაპრები, რომლებიც ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებთან არიან დაკავშირებულნი და ამ დღეს მათი დღე უწოდა. ხაზი გაუსვა რა ქართველი ხალხის მნიშვნელობას, პრეზიდენტმა განაცხადა: „ყველაზე უფრო მეტად ეს დღე თქვენი დღეა, რადგან ქართველი ხალხის ურყევი ნების გამოხატვა ლხინსა და ჭირში, ომის, ოკუპაციისა და სხვა ზეწოლის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა, თავისი გზა აირჩია და აღარ უყოყმანია ამ გზაზე“. პრეზიდენტის თქმით, ევროპის გარდა, „ყველა სხვა გზა მონობამდე და ჩვენი თავის დაკარგვამდე მიდის. ეს ქართველ ხალხს არ ესწავლება“.

„ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს! ეს არის ჩვენი პასუხი ოკუპაციას! ეს არის ჩვენი პასუხი ყველა მის უღირსობაზე და ეს ყველას გამარჯვებაა, ვინც ამას ებრძოდა, ვინც ამას გაუმკლავდა და დღევანდელ დღეს, აქ, ჩვენთან ერთად არიან, რადგან ისინი ამ დღისთვის იბრძოდნენ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.   

თავის გამოსვლაში, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან მიულოცა უკრაინისა და მოლდოვას ლიდერებს ევროკომისიის რეკომენდაცია მათთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად ვივლით ამ ჯერ კიდევ გრძელ გზაზე… სამივე ქვეყანა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები აღმოვჩნდებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მართალია ევროკომისიის რეკომენდაცია „საბოლოო გადაწყვეტილების ძალიან დიდი ნაწილია“, ევროპულ საბჭოზეა დამოკიდებული მიანიჭებს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსს დეკემბრის შუა რიცხვებში.   „ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც აქამდე, ხვალ და მომდევნო კვირებში, იმ საქმეში, რაც ამ საბოლოო გადაწყვეტილებას გვაშორებს, ყველანი ერთიანნი უნდა ვიყოთ, ყველა ჩართულნი და ერთად პასუხისმგებელნი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საკუთარ როლზე საუბრისას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის განაგრძობს მუშაობას საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მისი თქმით, იგი 10 ნოემბერს „პარიზის მშვიდობის ფორუმს“ დაესწრება, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდეენტთან შარლ მიშელთან ერთად კრიზისებისას და კონფლიქტების შესახებ საპანელო დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას. მოსალოდნელია, რომ ამავე ფორუმს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება. „ამ მხრივ, ნებსით თუ უნებლიედ, ორივეს დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა გამოგვივა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ხაზი გაუსვა რა ერთობის მნიშვნელობას, პრეზიდენტმა ხელმოწერების კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ დაწყება გამოაცხადა. „ვისაც სურვილი აქვს დღესაც შესაძლებელია ხელი მოაწეროს ამ მიმართვას, ხვალიდან კი, ხელმოწერებისთვის გავხსნით ორბელიანების სასახლეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მიმართვის ხელმოწერა ელექტრონულადაც იქნება შესაძლებელი. 

ქვემოთ მოცემულია მიმართვის ტექსტი:

ჩვენი ხმა ევროპას

,,ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები,მოგმართავთ თქვენ – ევროპის ლიდერებს – დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე. გვსურს მოგაწვდინოთ ჩვენი, ხალხის ერთობლივი ხმა და დაგანახოთ ჩვენი ერთობლივი სულისკვეთება.მოგმართავთ, მიანიჭოთ ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თანახმად საქართველოსა და მისი ხალხის მრავალწლიანი მიზანმიმართული სწრაფვისა და ურყევი ნებისა. საქართველოს ხალხის გამოხატული ნება ვერ შეარყია ვერცერთმა ურთულესმა გამოწვევამ – ვერც ომმა და ვერც ოკუპაციამ. ჩვენი წარსულით და საერთო ღირებულებებით დიდი ხანია ერთნი ვართ. მაშასადამე, ჩვენი მომავალი თქვენთანაა, ევროპაშია და ამას ალტერნატივა არ გააჩნია!საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი პირობის თანახმად, ძალისხმევას არ დავიშურებთ და არაფერს დავაკლებთ ჩვენს მიზანს: სხვადასხვა პოლიტიკური მსოფლმხედველობის მიუხედავად, ერთობის ძალით ხელს ვაწერთ ამ პეტიციას და ვითხოვთ კანდიდატის სტატუსს“.

პრეზიდენტმა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. „მათი როლი ძალიან დიდია, რადგან ისინი უკვე არიან ევროპაში, ან სხვაგან, მაგრამ ძირითადად ევროპაში…. ეს არის ქვეყნის მომავალი და არ შეიძლება ისინი ამ წამოწყების სრულად მონაწილენი არ იყვნენ“.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ორბელიანების სასახლეში გაიმართება დარგობრივი და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების შეხვედრები. „სხვადასხვა ჯგუფები მოვლენ სასახლეში, ხელს მოაწერენ და გამოხატავენ თავიანთ ევროპულობას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.  

ზურაბიშვილის თქმით, ხელმოწერის პროცესი „ღიაა ყველასათვის. პოლიტიკური თუ რელიგიური მსოფლმხედველობის მიუხედავად, ყველამ უნდა მოაწეროს ხელი, რადგან ეს ყველას მომავალია, ეს საქართველოს მომავალია“.

ტექსტის წაკითხვის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა მიმართვას,  როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, რის შემდეგაც ხელმოწერის საშუალება დამსწრე საზოგადოებასაც მიეცა.

ორბელიანების სასახლესთან გამართულ ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ, მათ შორის ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი და დიპლომატები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან.

ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მიმართვა

სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, მათ შორის პრეზიდენტ ზურაბიშვილს, თუმცა „პირველ რიგში, საქართველოს ხალხს“ ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია მიულოცა. „თქვენ მტკიცედ და თანმიმდევრულად უჭერდით მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას“, – განაცხადა ელჩმა და დასძინა: „ეს არის ევროკავშირის მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესისა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ საზოგადოების მნიშვნელოვანი მხარდაჭერის დიდი აღიარება“.

მან 6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზეც ისაუბრა. „იმედი მაქვს, რომ ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაცია ასევე უბიძგებს ოკუპირებულ რეგიონებს, რომ ქვეყნის დანარჩენ ნაწილს დაუახლოვდნენ, და საბოლოოდ დაეხმარება საქართველოს ტრაგიკული დაყოფის მშვიდობიან აღდგენას“, – განაცხადა ელჩმა.

ჰერჩინსკის თქმით, ევროკომისიის გადაწყვეტილებაში ასევე ხაზგასმულია, რომ „ევროკავშირი ხედავს საქართველოს, როგორც მთავარ პარტნიორს რეგიონში, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სამეზობლოში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში“.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დადებითი რეკომენდაციის მიუხედავად, საქართველოს ჯერ კიდევ სჭირდება შემდგომი რეფორმები ევროკავშირთან დასაახლოებლად, რადგან ერთ-ერთი შემდეგი ნაბიჯი არის დეკემბერში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, მიენიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. „ჩემი ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ყველა თქვენთაგანისთვის იქნება, რომ ახლა არის დრო, გაერთიანდეთ და გაააერთიანოთ ძალები საქართველოს ევროინტეგრაციისთვის“, – განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ „ევროკავშირის გაფართოებამ ბოლო წლებში აჩვენა: თუ არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი, ყველა რეფორმა შეიძლება სწრაფად განხორციელდეს და პროცესი შეიძლება ძალიან სწრაფად წავიდეს წინ და ეს არის ის, რასაც საქართველოს და თქვენ ყველას გისურვებთ“.

„საქართველოს ხალხის ხმა ბრიუსელში ხმამაღლა და მკაფიოდ ისმოდა, ახლა დროა, პოლიტიკურმა ლიდერებმა ქართველი ხალხის განწყობები გაითვალისწინონ და ერთად იმუშაონ მნიშვნელოვანი რეფორმების დაჩქარებაზე, რაც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის აუცილებელია“, – განაცხადა ელჩმა.

აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის მიმართვა

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა მიულოცა ქვეყანას და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „მიესალმება ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ“.

მან ასევე განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს მუშაობას საქართველოს მხარდასაჭერად „ევროკავშირთან, ქალბატონ პრეზიდენტთან, საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს ხალხთან ერთად“.

ელჩმა დანიგანმა ამერიკელი და ნატოს ჯარისკაცების გვერდით თავისუფლებისთვის დაღუპული ქართველები გაიხსენა და ქვეყანას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

გამოსვლის დასასრულს, ელჩმა აშშ-ის, ევროკავშირისა და საქართველოს საერთო მომავლის იმედი გამოთქვა. „ეს არის დიდი დღე ყველა ჩვენგანისთვის ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში და გულწრფელად ვულოცავ საქართველოს ხალხს“, – განაცხადა ელჩმა დანიგანმა.

ორბელიანების სასახლის წინ გამართული ღონისძიება ევროკავშირის ჰიმნით დასრულდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button