ახალი ამბები

სახელმწიფო უნივერსიტეტები პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ევროკავშირის მხარდამჭერ კამპანიას თავს არიდებენ

„ჩვენი ხმა ევროპას“ ხელმოწერების კამპანიის მიმდინარეობისას, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც რეგულარულად მართავს შეხვედრებს სხვადასხვა საზოგადო მოღვაწეებთან, რამდენიმე ქართულმა სახელმწიფო უნივერსიტეტმა ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ ლექციის წაკითხვასა და ხელმოწერების შესაგროვებლად მათი სივრცის გამოყენებაზე უარი უთხრა.

კამპანია „ჩვენი ხმა ევროპას“ მოუწოდებს ევროპელ ლიდერებს, დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. კამპანია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 8 ნოემბერს, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის შემდეგ წამოიწყო.

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

27 ოქტომბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს წერილით მიმართა და 3 ნოემბერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საჯარო ლექციისთვის სივრცის გამოყოფა სთხოვა. წერილში, რომელიც „სამოქალაქო საქართველოს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიაწოდა, ნათქვამია, რომ პრეზიდენტი „ისაუბრებს საქართველოს ევროპული არჩევანის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე და იმ უდიდეს სამომავლო შესაძლებლობებზე, რომლებსაც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის წარმატება განაპირობებს“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის თქმით, თსუ-სგან ოფიციალური პასუხი არ მიუღია, თუმცა, მას არაოფიციალურად განუმარტეს, რომ ჰაერის კონდიცირების სისტემის გაუმართაობის გამო ლექციისთვის ადგილი ვერ გამოინახა. უნივერსიტეტს სხვა თარიღი ლექციისთვის არ შეუთავაზებია.

30 ნოემბერს, პრეზიდენტმა წუხილი გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ „ამ უზარაზარი ეროვნული თანხმობის მიმართ რაღაც გულგრილობაა“.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თსუ-ს რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, „გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ამ ძალიან მარტივ განაცხადს –  თუ წაიკითხეთ ეს განცხადება, ამაზე მარტივი და ამაზე არაპოლიტიკური არაფერი არსებობს და რექტორი უარს ამბობს, რომ შიგნით [უნივერსიტეტის შენობაში] ვითომც რაღაც პოლიტიკური ღონისძიება არ შეიძლება“.

რექტორის უარის შემდეგ, უნივერსიტეტის შესასვლელთან ხელმოწერებისთვის მაგიდა დაიდგა. კითხვაზე, ხელს უშლის თუ არა ხელისუფლება მის კამპანიას, ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს უპასუხა, რომ „ვერავინ ვერ შეაფერხებს ხალხის კამპანიას… ხალხის ნებას ვერავინ შეაჩერებს“.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ უნივერსიტეტს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან არანაირი ოფიციალური წერილი არ მიუღია ხელმოწერის კამპანიისთვის ფართის გამოყოფის მოთხოვნით. „მე იმის თქმა მინდა, რომ თუ ეს იყო პრეზიდენტის იმ ინიციატივის გაგრძელება, რასაც ის ახორციელებს ორბელიანების სასახლეში, მაშინ ხომ წესია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ავტონომიის მქონე უნივერსიტეტს ერთი ფარატინა ქაღალდი მაინც გამოუგზავნოს“, – აღნიშნა სამუშიამ.

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ საჯარო ლექციის გამართვაზე პრეზიდენტს უარი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტმაც უთხრა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა შალვა კირთაძემ განაცხადა: „ამ პერიოდში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება საგამოცდო პერიოდი, ლექციები არ არის, სტუდენტები არ დადიან და ეს ბავშვები მოდიან მხოლოდ გამოცდებზე და უკანვე მიდიან სამეცადინოდ სახლში და აქედან გამომდინარე, არ არის სასურველი პერიოდი იმისთვის, რომ ჩატარდეს ესეთი ღონისძიება“. რექტორმა განმარტა, რომ უნივერსიტეტს ანალოგიური პოზიცია ექნებოდა სხვა ოფიციალური პირის, მათ შორის პრემიერ-მინისტრის შემთხვევაშიც, თუ ის გამოცდების პერიოდში ითხოვდა ღონისძიების ორგანიზებას.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტს საჯარო ლექციის გამართვაზე უარი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტმაც უთხრა. ამ თემაზე, სტუდენტური მოძრაობის „თავისუფლებისთვის“ დამფუნებელმა, ნიკო მანაგაძემ ტელეკომპანია „მთავარს“ უთხრა, რომ თსუ-სთან და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, სალომე ზურაბიშვილს უარი ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტმაც უთხრა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button