ახალი ამბები

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის რესპუბლიკას სტუმრობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთში იმყოფება. ვიზიტი ევროპულის საბჭოს გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე იმართება და მისი მიზანია ევროკავშირის მხარდაჭერის მოპოვება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

შეხვედრა ჩეხეთის პრეზიდენტთან

11 დეკემბერს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის ჩეხ კოლეგას, პეტრ პაველს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. შეხვედრებზე საუბარი შეეხო ევროკავშირის გაფართოებას, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ევროპული საბჭოსგან სულ რამდენიმე დღეში ელოდება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩეხეთის პრეზიდენტმა მკაფიო მხარდაჭერა დააფიქსირა საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში და საქართველოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ,,ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ევროპულ ქვეყანას, რომლებიც ჯერჯერობით ამ სისტემის მიღმა არიან და მივცეთ იმედი“, – განაცხადა პეტრ პაველმა.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა: „მადლობას ვუხდი პრეზიდენტ პეტრ პაველს ჩეხეთის სრული და მტკიცე მხარდაჭერისთვის, რადგან ამ კვირაში საქართველოს კანდიდატის სტატუსზე გადამწყვეტ გადაწყვეტილებას ველით. საქართველოს პრეზიდენტის ეს ისტორიული პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩეხეთში ნიშნავს ჩვენს ქვეყნებს შორის ურყევ კავშირს“.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ასევე შეხვდა დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, მარკეტა პეკაროვას.

რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციასთან დაკავშირებით მარკეტა პეკაროვამ განაცხადა, რომ 2008 წელს დასავლური სამყაროს პასუხი არ იყო საკმარისად ძლიერი და არც რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას გაეცა სათანადო პასუხი.

„ჩვენ უკვე ვიმკით ამ პასუხის გაუცემლობის ნაყოფს უკრაინის დიდ ნაწილში თითქმის ორწლიანი კონფლიქტის სახით“, – აღნიშნა მარკეტა პეკაროვამ.

რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, მან განაცხადა, რომ არსებობს ბევრი სფერო, სადაც საქართველოს შესაბამისობა უნდა გაუმჯობესდეს. პეკაროვამ აღნიშნა, რომ ჩეხეთის პარლამენტმა შესთავაზა საქართველოს დახმარება საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით და ეს ევროკავშირის წევრობის გზაზე ჩეხეთის გამოცდილებით ახსნა.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილება მისი იმპიჩმენტის პროცესის შემდეგ ევროპის დედაქალაქებში ვიზიტების გაგრძელების შესახებ უარყოფითად შეაფასეს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ეს იქნება პირდაპირი, უხეში და ღია დარღვევა არა მხოლოდ კონსტიტუციის, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების“ და და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას „ქართული სახელმწიფოს მტრობა“ უწოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button