skip to content
ახალი ამბები

განახლება: პრეზიდენტი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ლობირების მიზნით ვიზიტებს იწყებს

მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო ვიზიტები ევროპულ დედაქალაქებში ევროკავშირის ლიდერებთან შესახვედრად, რათა დაარწმუნოს ისინი, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წლის ბოლომდე მიანიჭონ.

1 სექტემბერს ზურაბიშვილი ევროსაბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. მიშელი მიესალმა ზურაბიშვილის ძალისხმევას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე პროგრესის მიღწევის კუთხით. მან აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივის მინიჭების შესახებ ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს და დასძინა: „საჭიროა შემდგომი რეფორმები – მართლმსაჯულება, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია. ასევე ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება“.

ევროპული საბჭოს პრესრელიზის თანახმად, ლიდერებმა განიხილეს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები, რეგიონში განვითარებული მოვლენები და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის შედეგები საქართველოსა და სამხრეთ კავკასიისთვის.

პრეზიდენტმა მიშელმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის როლი საკანონმდებლო კონტროლში, ასევე, ცალკეული პირების შეწყალების უფლების გამოყენების კუთხით და განსაკუთრებით დადებითად შეფასდა მისი ძლიერი პოლიტიკური აქცენტი ევროკავშირი-საქართველოს დღის წესრიგზე.

პრეზიდენტმა მიშელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს მდგრადობის გაზრდის ერთგული.

ერთი დღით ადრე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა შტაინმაიერს მათი შეხვედრისთვის, რომლითაც დაიწყო მისი ევროპული ტურნე და აღნიშნა: „გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება. ქართველ ხალხს სჯერა თავისი ევროპული მომავლის“.

6 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სოციალურ მედიაში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად გადაღებული ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსზე ძალიან სასარგებლო საუბარი ჰქონდა მასთან.  

მაკრონი აცხადებს, რომ ბედნიერია, რომ საქართველოს პრეზიდენტს პარიზში უმასპინძლა. მისივე თქმით, მათ უსაუბრეს საქართველოს, კანდიდატის სტატუსის, ასევე ქვეყნისა და რეგიონის მომავლის შესახებ. საფრანგეთის პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოხატა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართ და აღნიშნა, რომ მას მიაჩნია, რომ ქართველი ხალხის მომავალი ევროპაშია. მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტს მხარდაჭერა აღუთქვა.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button