ახალი ამბები

არასამთავრობოები საელჩოებთან შეხვედრებს იწყებენ და სტატუსის მოლოდინში სახალხო მარშს აანონსებენ

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე, ათობით ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აქტიური პრო-ევროპული კამპანია წამოიწყო და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოებთან შეხვედრებს მართავს. შეხვედრების დროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ელჩებს თავიანთ ერთობლივ წერილებს გადასცემენ. წერილების ადრესატი იმ ქვეყნის მთავრობაა, რომელთა ელჩებსაც ისინი ხვდებიან.

ევროპული საბჭო 14-15 დეკემბერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს. მანამდე, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა.

შეხვედრები დიპლომატიურ მისიებთან

28 ნოებერს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში საბერძნეთის ელჩს შეხვდნენ და წერილი გადასცეს, რომლის ადრესატიც საბერძნეთის მთავრობაა.

„ჩვენ ვთხოვთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და მათი მთავრობის მეთაურებს, რომ კომისიის რეკომენდაცია დატოვონ ძალაში. ჩვენ, რა თქმა ვიცით, რამდენი გამოწვევა აქვს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ, ამავდროულად, ვთვლით, რომ ეს არის შანსი ჩვენი ქვეყნისთვის და აუცილებლად, ჩვენ ქართულ საზოგადოებას, ქართველ ხალხს უნდა მოგვეცეს შანსი, რომ დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა.

„გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა. მას [ელჩს] გადავეცით 70 ორგანიზაციის მიერ ხელმოწერილი წერილი, რომელიც მან საბერძნეთის ხელისუფლებას უნდა გადასცეს. ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი და მაქსიმალურად ვიცოდეთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მივიღებთ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და სწორედ ამას ემსახურება ჩვენი კამპანიები, შეხვედრები და საელჩოებში ვიზიტები“, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, ნოდარ ჩაჩანიძემ.  

29 ნოემბერს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა ლიეტუვისა და ესტონეთის ელჩებთან, რა დროსაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ელჩებს ერთობლივი წერილი გადასცეს.

„ევროპული საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წინ, მნიშვნელოვანია საქართველოდან ერთიანი ხმა ესმოდეს ევროკავშირს და მათ შორის, ჩვენი მიზანია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ყველა ელჩს კიდევ ერთხელ გადავცეთ სამოქალაქო საზოგადოების ურყევი პოზიცია, რომ საქართველოს გამოუცხადოს მხარდაჭერა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და საქართველომ მოიპოვოს სტატუსი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს დადებითი რეკომენდაცია ევროპული კომისიის მიერ, ჯერ კიდევ ყველაფერი დასრულებული არ არის და წინ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები,  რასაც სწორედ ასეთი ერთიანობის ჩვენება სჭირდება“, – განაცხადა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარემ, ედუარდ მარიკაშვილმა.

30 ნოემბერს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებს შეხვდნენ.

შეხვედრის შემდეგ, გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ არასამთავრობოებმა მას 80 ორგანიზაციის მიერ ხელმოწერილი წერილი გადასცეს. ელჩის თქმით, გერმანიის სურვილია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპული საბჭო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

9 დეკემბრის მარში

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოებთან შეხვედრების გარდა, ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 9 დეკემბერს სახალხო მარში დააანონსეს. მათი თქმით, მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება. ისინი ასევე აპირებენ გიგანტური ევროკავშირის დროშის ევროპის მოედანზე გადმოფენას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button