skip to content
ახალი ამბებიდაწვრილებით

სოციალური სამართლიანობის ცენტრი: თავდაცვის კოდექსში ცვლილებები დისკრიმინაციულ მიდგომას აუარესებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 28 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის ახალ კოდექსში ცვლილებების შეფასება გამოაქვეყნა.  

საქართველოს პარლამენტმა 21 სექტემბერს ახალი თავდაცვის კოდექსი მიიღო. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ დაჩქარებული წესით განხილული ახალი კანონპროექტი „კიდევ უფრო ამძიმებს იმ წვევამდელთა უფლებრივ მდგომარეობას, რომლებიც რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებს სამხედრო სამსახურზე“. 29 ნოემბერს ცვლილებების ორი მოსმენით განხილვაა დაგეგმილი.

წუხილები თავდაცვის კოდექსში ცვლილებების თაობაზე

  • სამხედრო სამსახურის ალტერნატიული შრომითი სამსახურით ჩანაცვლებაზე უარის თქმის სასამართლოში გასაჩივრების წესები

მოქმედი კანონი წვევამდელს უფლებას აძლევს, რომ  სამხედრო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილება 15 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს. იმავე ვადის ფარგლებში შეუძლიათ სასამართლოში გასაჩივრება იმ პირებს, რომელთაც უარი ეთქვათ სამხედრო სამსახურის ალტერნატიული შრომითი სამსახურით ჩანაცვლებაზე.

თუმცა, უახლესი საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ღნიშნული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ შეაჩერებს მის მოქმედებას და პირი, სასამართლო დავის პარალელურად, სამხედრო სამსახურს მაინც გაივლის.

სასამართლოში გასაჩივრების უფლება საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული. ამიტომ, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ამბობს, რომ „წვევამდელის მიერ საკითხის გასაჩივრება გაწვევაზე გადაწყვეტილების დროებითი შეჩერების გარეშე, მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება და უფლების პრაქტიკული რეალიზების შესაძლებლობას არ შეძლებს“.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი სასამართლოში საქმის განხილვის სპეციალურ და მოკლე ვადებს აწესებს, იმ ფონზე, როცა სასამართლოებში ჩანს საქმეთა განხილვის გაჭიანურების მასობრივი ტენდენცია (მაშინაც კი, როცა კანონი საქმეთა განხილვის  ვადებს ადგენს), ეს მექანიზმი ვერ დააზღვევს არსებულ პრობლემას.

ცვლილებების ინიციატორები განმარტებით ბარათში მიუთითებენ, რომ სასამართლოში საერთო წესით ადმინისტრაციული საქმისწარმოება გრძელვადიანი პროცესია, რაც საშუალებას აძლევს „ფიქციურ რელიგიურ ორგანიზაციებს“ არაკეთილსინდისიერად გამოიყენონ ჩანაწერი და დაეხმარონ ცალკეულ პირებს, თავი აარიდონ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას. თუმცა, სოციალური სამართლიანობის ცენტრი აღნიშნავს, რომ ამგვარი საკანონმდებლო ცვლილებები მყარ სამართლებრივ დასაბუთებას უნდა ეხმიანებოდეს, მთავრობის მიერ წარმოდგენილი განმარტება  კი „ზედაპირულია“. „მიგვაჩნია, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან  დაპირისპირების შედეგი უფროა, ვიდრე ადამიანის უფლებების პატივისცემიდან გამომდინარე პირობა“, – ნათქვამია შეფასებაში.

„აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების გატარება არსებითად დააზიანებს წვევამდელების უფლებრივ მდგომარეობას და ყოველდღიურობას და კიდევ ერთი უკანდახევა იქნება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და რელიგიის თავისუფლების გარანტირების გზაზე საქართველოში“, – აცხადებს ორგანიზაცია.

მოქმედი ახალი თავდაცვის კოდექსის პრობლემები

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ახალმა თავდაცვის კოდექსმა არსებითად დააზიანა არადომინანტური რელიგიური ორგანიზაციების სასულიერო პირებისა და წევრების უფლებრივი მდგომარეობა ქვეყანაში. ამიტომ, ცვლილებები კიდევ უფრო ამწვავებს არსებულ პრობლემებს, აცხადებს ორგანიზაცია.

  • არადომინანტური რელიგიური ორგანიზაციების მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციული მიდგომა

თავდაცვის ახალი კოდექსის მიღებამდე საქართველოს მოქალაქეს შეეძლო სამხედრო სამსახურის გადავადება, თუ მღვდლად ეკურთხებოდა ან სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ, შეღავათები მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებს შეეხოთ. შესაბამისად, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ამბობს, რომ „თავდაცვის კოდექსის ახალი მოწესრიგება ცალსახად არღვევს თანასწორობის პრინციპს და მნიშვნელოვნად აუარესებს სხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელი სასულიერო პირების უფლებრივ მდგომარეობას“.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ განსხვავებული მოპყრობა მართლმადიდებლური ეკლესიისა და სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლების მიმართ არ არის სამკარისად დასაბუთებული. „სახელმწიფოს შეეძლო უფლებით სარგებლობის ბოროტად გამოყენების შესაძლო ინდივიდუალური შემთხვევები სხვაგვარად აღეკვეთა და არა ბლანკეტური მიდგომით, რომელმაც რელიგიურ ორგანიზაციებს შორის უფლებრივი ასიმეტრია კიდევ ერთხელ შექმნა და უფრო გააღრმავა“, – ნათქვამია შეფასებაში.

„ცალსახაა, რომ თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებები უხეშად არღვევს თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს და რელიგიური თანასწორობის მიმართულებით მდგომარეობას ქვეყანაში აუარესებს“, – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

  • პირის აღმსარებლობისა და მღვდელმსახურების შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების არამიზნობრივი დამუშავების საფრთხე

„ახალი თავდაცვის კოდექსის საფუძველზე, სახელმწიფოსათვის შესაძლებელი ხდება არამიზნობრივად შეაგროვოს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი პირის რწმენის შესახებ“, – აღნიშნავს ორგანიზაცია შეფასებაში და დასძენს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანამდე, იკრძალებოდა პირის აღმსარებლობის შესახებ მონაცემთა დამუშავება.

 ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ პირის აღმსარებლობის შესახებ მონაცემთა დამუშავება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლით განმტკიცებულ პრაქტიკასა და სტანდარტებს. მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის რეგულაციის მე-9 მუხლზე დაყრდნობით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ამბობს, რომ „კანონმდებლობის ჰარმონიზაცია“, რაც საქართველოს კანონის გაცხადებული მიზანია, ვერ ამართლებს სენსიტიურ მონაცემთა დამუშავებას.

„ეს რეგულაცია გააჩენს მაღალ რისკებს რელიგიური ორგანიზაციების კონტროლის, რომელიც ერთ-ერთი მძიმე გამოწვევაა არადომინანტურ რელიგიურ ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში“, – ნათქვამია შეფასებაში.

დასკვნები და რეკომენდაციები

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ „წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდასთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებები დისკრიმინაციულია და პირადი ცხოვრების უფლებაში არამართლზომიერ ჩარევას წარმოადგენს. უახლესი ცვლილების პაკეტი კი, წარმოდგენილ საკანონმდებლო ხარვეზს უფრო მეტად აღრმავებს და პირს ართმევს  სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებზე უფლების რეალური რეალიზების შესაძლებლობას“.

ორგანიზაცია მოუწოდებს  საქართველოს პარლამენტს „გადახედოს თავდაცვის კოდექსსა და უკვე 15 ნოემბერს წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიღების აუცილებლობას და  აღმოფხვრას კანონისა და წარდგენილი კანონპროექტის ჩანაწერების დისკრიმინაციული მიდგომები, რომლებიც უხეშად არღვევს ადამიანების და რელიგიური ორგანიზაციების კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button