პრეზიდენტმა საქართველოს თავდაცვის კოდექსს ხელი მოაწერა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 12 ოქტომბერს „ხარვეზების მიუხედავად“ ხელი მოაწერა საქართველოს თავდაცვის კოდექსს, განაცხადა, სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა, დავით თევზაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
თევზაძის თქმით, მოთხოვნა, რომ წვევამდელებმა სავალდებულო სამხედრო სამსახური მხოლოდ თავდაცვის ძალებში გაიარონ დაასრულებს იმ „მავნე პრაქტიკას, რომელიც წლების მანძილზე იყო დამკვიდრებული, როდესაც სავალდებულო სამსახურის გავლა ახალგაზრდებს სხვადასხვა უწყებებში, ძირითადად, საყარაულო ჯიხურებში უწევდათ, რის გამოც მათი დამოკიდებულება ჯარის მიმართ საგრძნობლად უარყოფითი გახდა“.
„ამავე ტექსტში, გარკვეულწილად მოწესრიგდა სასულიერო პირების მიერ ალტერნატიული სამხედრო სამსახურის გავლის საკითხი, თუმცა, სამხედრო ვალდებულების მოხდასთან დაკავშირებით, საჭიროა მუშაობის გაგრძელება, რათა მეტად გათვალისწინებული იყოს კონფესიებს შორის სასურველი თანასწორობის პრინციპი“, – აღნიშნა თევზაძემ.
პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა, ჯერ კიდევ ყოველწლიურად გასაწვევი მცირე რიცხობრივი კონტინგენტი არ ესატყვისება არც რეალურ დემოგრაფიულ მონაცემებს, არც ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. „ასევე დამაფიქრებელია, მით უმეტეს არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რომ თავდაცვის სისტემის გააზრებისას, თავდაცვის კოდექსში ადგილი არ აღმოჩნდა საზღვაო თავდაცვის ძალებისთვის და საზღვაო სივრცეზე სტრატეგიული და ოპერატიული ამოცანების გადაწყვეტა საზღვაო პოლიციის იმედადაა დარჩენილი“, – აღნიშნა მან.
თევზაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „გაურკვეველია კოორდინაცია დღეს მოქმედ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს შორის, რამაც საომარი მდგომარეობის მართვისას შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნას“.
საქართველოს პარლამენტმა 21 სექტემბერს მესამე მოსმენით 80 ხმით სადავო თავდაცვის კოდექსი მიიღო. ახალი კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია სავალდებული სამხედრო სამსახურის რეორგანიზაცია. განახლებული კოდექსის მიხედვით, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება, ყველა წვევამდელი ამიერიდან მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაივლის სავალდებულო სამსახურს.
ამასთან, ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ, სამხედრო სამსახურისგან მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები გათავისუფლდებიან, ვინაიდან სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის 2002 წელს დადებული კონსტიტუციური შეთანხმებით, მართლმადიდებელი სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისგან.
ასევე წაიკითხეთ:
- 21/09/2023 – პარლამენტმა თავდაცვის კოდექსი მიიღო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)