ახალი ამბები

„ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავს პოლიტიკოსები ეხმიანებიან

23 ნოემბერს 2003 წლის „ვარდების რევოლუციიდან“ 20 წელი გავიდა. „სამოქალაქო საქართველო“ რევოლუციასთან დაკავშირებით მმართველი პარტიისა და ოპოზიციის განცხადებებს გთავაზობთ.

მმართველი გუნდი

შალვა პაპუაშვილი, „ქართული ოცნება“, პარლამენტის თავმჯდომარე: „[ნაციონალური მოძრაობის მიერ ვარდების რევოლუციის 20 წლისთავის აღნიშვნის შესახებ] გამოდის, რომ ისინი საბოლოო ჯამში  აღნიშნავენ კაცთმოძულე სისტემის ჩამოყალიბების იუბილეს, რაც ძალიან მძიმეა. ამ ქვეყანაში ბევრი ადამიანია, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლი იყო და რა თქმა უნდა, ამის წარმოჩენა რაღაც დღესასწაულად არის… „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის  მსხვერპლების დაცინვა“.   

მიხეილ სარჯველაძე, „ქართული ოცნება“: „[ნაციონალური მოძრაობის მიერ ვარდების რევოლუციის 20 წლისთავის აღნიშვნაზე] ამ დღის აღნიშვნა და პომპეზურობის მიცემა, მე ვფიქრობ,  ერთგვარ პოლიტიკურ ამორალურობას შეიცავს, იმავდროულად ეთიკურსაც. იმიტომ, რომ… არაერთი ოჯახი გაუბედურდა და უზარმაზარი ტრაგედიის მსხვერპლი გახდა და შესაბამისად, ძალიან დიდია ჩვენი საზოგადოების ნაწილი, რომელსაც არაფერი ეზეიმება დაკავშირებული ამ პოლიტიკურ პროცესებთან… როგორც ჩანს, რეალურად არც აქვთ აღქმული, რომ რეალურად დააშავეს და ბოდიში აქვთ მოსახდელი საქართველოს იმ უზარმაზარი ნაწილისთვის… რომელიც მართლა ტერორის პირობებში ცხოვრობდა“.

ოპოზიცია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „დღეს, [23 ნოემბერს] არა მხოლოდ დამოუკიდებელი საქართველოს, არამედ ჩვენი რეგიონის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენიდან 20 წელი გავიდა. „ვარდების რევოლუცია“ ეს იყო ღირებულებითი ცვლილება, რომელმაც მთელი ქართული საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერება შეცვალა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახადა.  2003 წლის 23 ნოემბერი პოსტსაბჭოთა სივრცეში ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების ათვლის წერტილად ითვლება. “ვარდების რევოლუციამ” ქართველ ხალხს დაუბრუნა რწმენა, რომ დამოუკიდებლად შეგვიძლია წარმატებული და დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა. არშემდგარი ქართული სახელმწიფო მსოფლიოში ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა გახდა, რომელსაც თბილისში ჩამოსული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდა.

ზურაბ ჭიაბერაშვილი „ევროპული საქართველო“, ვარდების რევოლუციის მონაწილე: „დღეს საქართველო ვერ ისაუბრებდა ევროკავშირის წევრობაზე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე,  სტატუსზე, რომ არ ყოფილიყო ვარდების რევოლუცია და ის, ლიბერალური, დემოკრატიული   რეფორმები, რომელიც ვარდების რევოლუციის ხელისუფლებამ, პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობით განახორციელა. დღეს, რაზეც დგას ჯერ კიდევ ჩვენი სახელმწიფო, დგას იმ მყარ ფუნდამენტზე, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ შეიქმნა“.

ზვიად ძიძიგური, კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე, ვარდების რევოლუციის მონაწილე: „როცა განუსაზღვრელი ძალაუფლება რომელიმე კონკრეტულ პარტიას ან კონკრეტულ პირს უვარდება ხელში, ამის შემდეგ იწყება… საკუთარ საზოგადოებასთან, ხალხთან გაუცხოება და ეს დაემართა სააკაშვილს და მის ხელისუფლებას მომდევნო წლებში, თორემ პირველ წლებში როცა დაიწყო რეფორმები, პოლიციის რეფორმა, ბიუჯეტის შევსების პროცესი, ბიზნესმა გადასახადების გადახდა დაიწყო, გაზი, შუქი მოვიდა, გზების მშენებლობები დაიწყო, რა თქმა უნდა ხალხში ამას პოზიტიური გამოხმაურება ჰქონდა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button