TI საქართველო: მაუწყებლების შემოსავლები შემცირდა, სარეკლამო ბაზარზე სახელისუფლებო მედია დომინირებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის ყოველწლიური კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2019 წლიდან ყოველწიულად იზრდებოდა სატელევიზიო სარეკლამო შემოსავალი. თუმცა, 2022 წელს, ზრდის ტენდენცია შეიცვალა.
კვლევაში ნათქვამია, რომ 2022 წელს, ტელე-რადიო მაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავალი, წინა წელთან შედარებით, 7.6%-ით შემცირდა და 79.9 მლნ ლარი შეადგინა. უშუალოდ ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 7.8%-ით შემცირდა. დოკუმენტის თანახმად, სატელევიზიო მაუწყებლების ჯამური სამაუწყებლო შემოსავლის 67.5% სწორედ რეკლამა და სპონსორობა იყო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ სარეკლამო შემოსავლების კლება, დიდწილად, მაუწყებლობის შესახებ კანონის “მსუსხავმა ეფექტმა” გამოიწვია. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, თითქმის 4-ჯერ შემცირდა მაუწყებლების მიერ აზარტული თამაშების რეკლამიდან მიღებული შემოსავალი.
მაუწყებლების შემოსავლები შემცირდა
მაუწყებლობა საქართველოში არამომგებიან ბიზნესად რჩება. ორგანიზაციის თქმით, „2021 წელს მაუწყებლობიდან მიღებული ხუთი ყველაზე შემოსავლიანი ტელევიზიიდან მოგება არცერთს ჰქონია და 2021 წელი კვლავინდებურად ზარალით დაასრულეს“.
მაუწყებლების შემოსავლები
კვლევის თანახმად, სარეკლამო შემოსავლისგან განსხვავებით, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა მაუწყებლების ჯამური შემოსავალი და 281.4 მლნ ლარი შეადგინა.
კერძო ტელევიზიებიდან ყველაზე მეტი ჯამური შემოსავალი კვლავ ტელეკომპანია “ფორმულამ” მიიღო; შემდეგ მოდის სახელისუფლებო ტელევიზია „იმედი“ და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი „მთავარი არხი“.
გასულ წელს, მილიონ ლარამდე ჯამური შემოსავალი მიიღო ღიად პრორუსული და ანტიდასავლური დღის წესრიგის მქონე ტელევიზია „ალტ ინფომ“. შემოსავლის 99.8% მაუწყებლის 50%-იანი წილის მფლობელის, ციალა მორგოშიას მიერ შეწირული თანხაა. ანტიდასავლური დღის წესრიგის მქონე ტელეკომპანია “ობიექტივის” შემოსავლებმა 830,144.27 ლარი შეადგინა, რომლის 52.8% (438,442.27 ლარი) კომერციული რეკლამის წილი იყო. 2022 წელს, 5,058,697.91 ლარის ჯამური შემოსავალი ჰქონდა, ტელეკომპანია “პოსტვ-ის”, საიდანაც 84.2% (4.821,950) რეკლამაზე მოდიოდა, დანარჩენი (236 747 ლარი) კი – სხვა არასამაუწყებლო შემოსავალზე, ტექნიკურ მომსახურებასა და ფასიან სოციალურ რეკლამაზე.
სარეკლამო შემოსავლების კუთხით „იმედი“ ლიდერობს
2022 წელს, სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი ნაწილი (27,329,246 ლარი), წინა წლის მსგავსად, „იმედის ჰოლდინგმა” მიიღო, რაც სატელევიზიო მაუწყებლების საერთო სარეკლამო შემოსავლების 37.1%-ია. შემდეგ მოდის „მთავარი არხი“ 10 მლნ ლარით. „რუსთავი 2“-მა 9 მლნ ლარი, „ტვ პირველმა“ 5.8 მლნ ლარი, ხოლო „ფორმულამ“ 5.7 მლნ ლარი მიიღო.
პოლიტიკური პარტიების სარეკლამო ხარჯები და ფასიანი სოციალური რეკლამა
აუდიტის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, კვლევაში ნათქვამია, რომ 2022 წელს, პოლიტიკურმა პარტიებმა რეკლამაში ჯამში 1.1 მლნ ლარი დახარჯეს, რაც საერთო ხარჯების 17%-ია.
გასულ წელს რეკლამაში ფული ჯამში სულ შვიდმა პარტიამ დახარჯა, მათგან ყველაზე დიდი თანხა – 688,325 ლარი მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ”, ყველაზე ნაკლები კი – 14 482 ლარი “მოქალაქეებმა”. გასულ წელს, პოლიტიკურმა პარტიებმა თანხები ძირითადად ინტერნეტრეკლამაზე, ბილბორდებზე, სარეკლამო შინაარსის მასალის ბეჭდვასა და მსგავსი ტიპის სარეკლამო მომსახურებაზე დახარჯეს. “ქართული ოცნების” მიერ რეკლამაზე დახარჯული თანხების დიდი ნაწილი მოდიოდა: სოციალურ ქსელ Facebook-ზე, ინტერნეტრეკლამასა და ბილბორდებზე.
2022 წელს, ჯამში სულ 362,878 ლარის ფასიანი სოციალური რეკლამა განათავსეს. თანხის დიდი ნაწილი – 269.9 ათასი ლარი პროსახელისუფლებო მაუწყებლებმა – “რუსთავი 2-მა” და “პოსტვ-მ” მიიღეს, დანარჩენი კი (92,986 ლარი) – სხვა მაუწყებლებმა, ნათქვამია დოკუმენტში.
ასევე წაიკითხეთ:
- 04/10/2022 – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ 2021 წლის სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)