ახალი ამბები

კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის მოუწოდებს მთავრობას გაემიჯნოს ანტიდასავლურ გზავნილებს

კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის 10 ნოემბერს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც  საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციასა და დეზინფორმაციის მიმართულებით ახალ დათქმას ეხმიანება. კოალიცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, „გაემიჯნოს ანტიდასავლურ გზავნილებს და მათ გამავრცელებელ ჯგუფებს, გამოიყენოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტების რესურსი დანიშნულებისამებრ და, სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობით, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებისთვის“. კოალიცია გამოთქვამს მზადყოფნას, „ითანამშრომლოს ყველა მხარესთან ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების მიზნით“.

კოალიციამ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლა მიულოცა და განაცხადა, რომ „ქვეყნის დასავლური ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის  ისტორიული არჩევანია, რომლის ურყევი ნება ბოლო წლებშიც არაერთხელ დააფიქსირა ქართულმა საზოგადოებამ“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკომისია შეთანხმდა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი კონკრეტული დათქმებით მიენიჭოს. ამ დათქმების ნაწილი 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის გაგრძელებაა, რომლებიც ჯერ სრულად არ არის განხორციელებული. დათქმების ნაწილი კი ახალია და ეხება ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასა და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლას.   

როგორც ევროკომისიამ განაცხადა, მას შემდეგ, რაც უკრაინა და მოლდოვა კანდიდატი ქვეყნები გახდნენ, ხოლო საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღო, ეს სამი ქვეყანა უცხოური საინფორმაციო მანიპულაციებისა და ჩარევის (FIMI) კამპანიების სამიზნე გახდა.  საქართველოში დეზინფორმაციის კამპანია იმის წარმოჩენას ცდილობდა, რომ დასავლეთი საქართველოდან რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას ცდილობს. კოალიციის თქმით, ამას ადასტურებს კოალიციის წევრი ორგანიზაციების მიერ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული ანგარიშებიც, რომელთა მიხედვით, „ანტიდასავლურ კამპანიაში გარე აქტორებთან ერთად, ჩართული არიან პროსახელისუფლებო ჯგუფებიც“.

განცხადებას ხელს აწერენ: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI); ფრანკლინის კლუბი; ღია სივრცე კავკასია (COS); დემოკრატიის მცველები; მედიის ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი (CMIS); საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია; მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC); აი, ფაქტი – Ifact; დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button