ახალი ამბები

ადგილობრივმა ქალმა პროტესტის ნიშნად საოკუპაციო ხაზთან გაბმული მავთულხლართი დაჭრა

სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ, ლუდა სალიამ რუსი ოკუპანტების მიერ გაბმული მავთულხლართი დაჭრა. ამ ქმედებით იგი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს გამოეხმაურა, რომელმაც სოფელ მლეთაში ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის სიახლოვეს რუსეთის საოკუპაციო ძალების გამოჩენასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ფეისბუქზე“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას, დეკანოზი მედიის ინფორმაციას გამოეხმაურა ლომისის ტაძართან რუსეთის საოკუპაციო ძალების გამოჩენის თაობაზე და მედია საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მედიამ ჯერ აჩვენა რუსი ჯარისკაცების კადრები ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიასთან მლეთის მახლობლად, ხოლო შემდეგ სოფელ კირბალში დალუქული ლომისის ეკლესიის ფოტოები [გავრცელებული ინფორმაციით, დაბნეულობა იმან გამოიწვია, რომ საქართველოში რამდენიმე ეკლესიაა ლომისის სახელწოდებით].

შემდეგ ჯაღმაიძემ იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც საოკუპაციო ძალებმა მიმდინარე წლის ივნისში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის ლომისის ეკლესიის კარი აჭედეს და განაცხადა, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ „ვიღაცამ ააფრიალა იქ ქართული დროშა, რაც გახდა მიზეზი, რომ რუს სამხედროებს მკაცრი ზომები მიეღოთ“.

„დაუფიქრებელი, მოუზომელი, ვითომ პატრიოტიზმის სახელით და პათოსით ააფრიალეს ქართული დროშა და საერთოდ დაიკეთა ის ტაძარი“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

ვიდეოში ჯაღმაიძე ამბობს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების პატრული კვირაში ერთხელ ან ორჯერ ადის მლეთის ლომისას მახლობლად. „მათ მორიგეობა აქვთ აქ და ამოდიან და გუშინდელი გავრცელებული კადრებიც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა. უცნაურობა ის იყო, რომ რუსმა სამხედროებმა აქ ამოსვლისას დრონი ააფრინეს, თუმცა ესეც არ არის იშვიათი შემთხვევა, ბაზიდან ყოველთვის შეუძლიათ დრონის აფრენა“, – განაცხადა დეკანოზმა.

შემდეგ მან სიტყვა ლომისის ტაძრის წინამძღვარს, მამა დავით ბურდულს გადასცა, რომელმაც განაცხადა: „მე მინდა ვთხოვო ჟურნალისტებს, რომ როდესაც რაიმე რეპორტაჟს აკეთებენ, ძალიან ფრთხილად გააკეთონ ეს რეპორტაჟი იქიდან გამომდინარე, რომ ეს ე.წ. დროებით საზღვარია  და ძალიან სიფრთხილეა საჭირო, რომ ზედმეტი გაღიზიანება არ გამოვიწვიოთ… ისინი [საოკუპაციო ძალები] სულ ამოდიან, ჩვენ არანაირ დაძაბულობას არ გვიქმნიან და ყოველთვის თბილად, სიყვარულით და მერე მიდიან“.

ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას ლუდა სალიამ განაცხადა, რომ „საშინლად გააღიზიანა“ ჯაღმაიძის განცხადებამ. მისივე თქმით, „ასეთი პათოსი და მიდგომა დამღუპველია საქართველოსთვის და უსიტყვო კაპიტულაციას ნიშნავს“. მან ასევე განაცხადა, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მან მავთულხლართი გადაჭრა. „და დროშასაც ვაფრიალებ იქვე. რამდენიც არ უნდა გააბათ, ყოველთვის დავჭრი, ოკუპანტებო! ეს ჩვენი სოფელია, ჩვენი შარაგზა და არ გაქვთ უფლება სოფელი რომ შუაში გაგვიყავით და მავთულხლართი გააბით“, – განაცხადა მან.

დეკანოზის განცხადებასთან დაკავშირებით, ლუდა სალიამ განაცხადა: „ნაცვლად იმისა, რომ ლაპარაკობენ დროშები ჩამოვხსნათ და რუსი არ გავაღიზიანოთ, იქნებ სჯობდეს, საპატრიარქო რუსეთის საპატრიარქოს დაელაპარაკოს, რომ წართმეული ტაძრები დაგვიბრუნონ“.

დღესვე მოგვიანებით, ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ასევე გააპროტესტეს ჯაღმაიძის განცხადება და მლეთაში ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის მახლობლად ქართული დროშა აღმართეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button