MDF-ის ანგარიში საქართველოში ანტიქართული და ანტილგბტქი მობილიზების შესახებ
არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) მიერ საქართველოში ანტიქართული და ანტილგბტქი მობილიზების შესახებ 7 მარტს გამოქვეყნებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ მედიამონიტორინგის შედეგად, გენდერული და ლგბტქი კუთვნილების თემაზე 987 დისკრიმინაციული შინაარსის შემთხვევა გამოავლინა.
მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც 2022 წლის 15 აგვისტო-15 ნოემბრის პერიოდში ჩატარდა, ორგანიზაცია 10 ტრადიციულ მედიას დააკვირდა და Facebook-ის 149 ანგარიში შეისწავლა.
ანგარიშის მიხედვით, ტრადიციულ მედიაში გამოვლენილი სექსისტური სიძულვილის ენის/სტერეოტიპების 193 შემთხვევების უმრავლესობა უშუალოდ გენდერის თემას უკავშირდებოდა და მეტწილად ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ იყო მიმართული. აქედან 22.9% ოპოზიციონერ ქალებს, 14.9% არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და აქტივისტებს, 14.5% დიპლომატებსა და დასავლელ პოლიტიკოსებს.
638 ჰომოფობიური გზავნილიდან 453 ტრადიციულ მედიაში გამოვლინდა, 185 კი – სოციალურ მედიაში (Facebook).
ანტილიბერალურ და კრემლისტურ განწყობებზე საუბრისას, სხვებთან ერთად, ორგანიზაცია პარტია „პატრიოტთა ალიანსთან“ დაკავშირებულ ტელეკომპანია „ობიექტივს“, „კონსერვატიულ მოძრაობასთან დაკავშირებულ „ალტ ინფოს“, ასევე გამოცემა – „ასავალ-დასავალს“, „ალიას“ და „საქართველო და მსოფლიოს“ ასახელებს.
მობილიზება იდენტობის, ღირებულებების, ოჯახის ინსტიტუტისა და ბავშვების დასაცავად
გაანალიზებული 398 კომენტარიდან ღირებულებების (32.4%) და იდენტობის (31.7%) დაცვის თემა თითქმის თანაბრად დომინირებდა. ღირებულებების თემაზე ყველაზე მეტი გზავნილი ანტიდასავლური შინაარსის იყო, სადაც კრემლისტური აქტორები მცდარი დილემის ტექნიკის გამოყენებით, დასავლეთის საპირწონედ, რომელიც მსოფლიოს „ლგბტიზაციისთვის“ იბრძვის, მართლმადიდებელ რუსეთს სახავდნენ.
ოჯახთან დაკავშირებულ თემატიკაში აბორტის შესახებ გზავნილები დომინირებდა, რა დროსაც ფეხმძიმობის ყველა ფორმით შეწყვეტა ცოდვად და მკვლელობად განიხილებოდა.
ბავშვებისთვის საფრთხედ ლიბერალები და ლგბტქი ადამიანები, ასევე ჰომოსექსუალობის პროპაგანდა სახელდებოდა. თემატიკის დიდი წილი ფორმალურ თუ არაფორმალურ განათლებაში თანასწორობის საკითხებისა და სექსუალური განათლების სწავლებას და ანტიდისკრიმინაციულ კანონს ეხებოდა, რომელიც ბავშვთა უფლებების ხელმყოფად იყო წარმოჩენილი
კანონმდებლობა
პარლამენტში რეგისტრირებული საკანონმდებლო ინიციატივებიდან, რომლებიც 8 მოქმედ კანონში ცვლილებების შეტანას შეეხებოდა, 1 აბორტს უკავშირდებოდა, 1 რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას, 6 კი – გენდერული და სექსუალური იდენტობის ნიშნით ამ ჯგუფების უფლებების ხელყოფას ითვალისწინებდა.
ამასთან, აქტუალური განსჯის საგანი იყო მაუწყებლობის შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებები, რაც სიძულვილის ენის მედიის თვითრეგულირებიდან რეგულირებაში გადატანას გულისხმობს და ქრისტიანების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად იყო ინტერპრეტირებული, ასევე ევროკავშირის მიერ თავსმოხვეულად წარმოჩენილი.
უცხოეთის მხრიდან ინფორმაციით მანიპულირება/ჩარევა და გენდერული დეზინფორმაცია
ანგარიშში გაანალიზებულია ორი ტიპის დეზინფორმაცია: უცხოეთის მხრიდან ინფორმაციით მანიპულირება/ჩარევა (FIMI) და გენდერული დეზინფორმაცია, რომლის სამიზნეც ქალები, ლგბტქი პირები და პოლიტიკოსები იყვნენ ჰომოფობიურ კონტექსტში.
FIMI-ს შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც კრემლისტურმა აქტორებმა ამერიკელი კონგრესმენის ჯეიმი რესკინის დამახინჯებული განცხადება გაავრცელეს. „მითების დეტექტორმა“ Facebook-ზე ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში ამ შინაარსის 212 რუსულენოვანი და 62 ქართულენოვანი დეზინფორმაციის შემთხვევა გამოავლინა.
საანგარიშო პერიოდში, გენდერული დეზინფორმაცია სამ შემთხვევაში გამოვლინდა. ორი ასეთი შემთხვევის სამიზნე უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა იყო. მესამე შემთხვევა კი – თბილისის მერის კახა კალაძის მიერ დიზაინერ დემნა გვასალიასთვის თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებას უკავშირდებოდა, რასაც გვასალიას სექსუალური იდენტობის გამო ჰომოფობიური შეფასებები მოჰყვა.
ასევე წაიკითხეთ:
- 22/09/2021 – მედიის განვითარების ფონდი: საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდა მომძლავრდა
- 16/11/2020 – MDF-ის ანგარიში ანტიდასავლურ გზავნილებზე, სიძულვილის ენასა და ყალბ ინფორმაციაზე
- 11/09/2020 – მედიის განვითარების ფონდმა სიძულვილის ენის შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა
- 22/07/2020 – „მედიის განვითარების ფონდმა“ ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)