ახალი ამბები

ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი გაათავისუფლეს

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე, რომელიც 25 ივნისს ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს, 16 ოქტომბერს პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, სერგო შუბითიძემ მისთვის წარდგენილი ბრალდება აღიარა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით მიუსაჯა, რაც პირობითად ჩაეთვალა, მას ასევე გამოსაცდელი ვადა ამავე ოდენობით განესაზღვრა.

ყოფილი გამომძიებლის ადვოკატმა განმარტა, რომ შუბითიძისთვის შეფარდებული მუხლი ნაკლებად მძიმე იყო, რის გამოც იგი სასამართლომ გაათავისუფლა.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი, გაუჩინარებიდან 4 დღის შემდეგ იპოვეს. პროკურატურამ იმავე წლის დეკემბერში გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად თვითმკვლელობა დაასახელა, საქმე დახურა და ძიება შეწყვიტა. გარდაცვლილის ოჯახი მაშინ პოლიციას უმოქმედობასა და არაკეთილსინდისიერ პრაქტიკაში ადანაშაულება და მთელი ამ ხნის განმავლობაში, თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავდა. ისინი ბაჩალიაშვილის მკვლელობის სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობდნენ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბაჩალიაშვლის გარდაცვალების საქმეზე ტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება ივნისში დაიწყო. პროკურატურის განმარტებით, გამოძიების საფუძველი სერგო შუბითიძის მიერ ტელეკომპანია „ფორმულასთვის“მიცემული ინტერვიუ გახდა, სადაც იგი ამბობდა, რომ მას ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის შესახებ გამოძიების ოფიციალური ვერსიის არ სჯერა და რამდენიმე საეჭვო გარემოებაზე ამახვილებდა ყურადღებას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button