პოლონეთი: საკვანძო არჩევნები
რა ხდება?
დღეს, 15 ოქტომბერს, პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
“ცვლილება უკეთესობისკენ გარდაუვალია,” თქვა ვარშავაში გამართული “მილიონი გულის” საპროტესტო მარშით იმედმოცემულმა დონალდ ტუსკმა. მემარცხენე-ცენტრისტული ოპოზიციური სამოქალაქო კოალიციის (KO) ლიდერი ძალ-ღონეს არ იშურებს მმართველი მემარჯვენე კანონისა და სამართლის (PiS) პარტიის სახლში გაშვებისათვის, თუმცა არც ამ უკანასკნელის მეთაური იაროსლავ კაჩინსკი ზოგავს თავს და გაშმაგებით უტევს ტუსკს.
წინასაარჩევნო კამპანიამ უკიდურესად პოლარიზებულ გარემოში ჩაიარა და ჩანს, არც არჩევნების შემდგომი დღეები იქნება მარტივი. ტუსკი თუ კაჩინსკი – ესაა მთავარი კითხვა, რომელზე საბოლოო პასუხის გასაღებიდ, შესაძლოა, მომცრო პარტიებს ჰქონდეთ.
რატომაა ეს მნიშვნელოვანი?
- უკვე რვა წელია, რაც პოლონეთს “კანონისა და სამართლის” პარტია მართავს. თუკი ეს ძალა ქვეყნისთვის უპრეცედენტო, მიჯრით მესამე ვადით შეინარჩუნებს ხელისუფლებას, კრიტიკოსები შიშობენ, რომ შესაძლოა დემოკრატიული პოლონეთის იდეა დასამარდეს. იაროსლავ კაჩინსკის მმართველ პარტიას როგორც კორუფციაში, ისე მედიისა და სასამართლოს მიტაცებაში ადანაშაულებენ;
- პოლონეთის არჩევნების შედეგს დიდი გავლენა ექნება ვარშავას ურთიერთობებზე ბრიუსელსა და ბერლინთან. კანონისა და სამართლის პარტია, ვერ ემეგობრება ვერც ევროკავშირს, და ვერც მის ლოკომოტივს, გერმანიას. ვითარება პოლონეთის წინასაარჩევნო ციებ-ცხელების კონტექსტში კიდევ უფრო შემაშფოთებელი ჩანს, მით უფრო, რომ ოპოზიცია კაჩინსკის პირობებში Polexit-ის საფრთხეზეც საუბრობს;
- პოლონეთის განგრძობითი მხარდაჭერა ძალიან სჭირდება კრემლის იმპერიალიზმის წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინას. რუსეთს ვერც ტუსკი ჰგუობს და ვერც კაჩინსკი, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით რადიკალ კონფედერატებზე, რომლებმაც შესაძლოა გადამწყვეტი როლი შეასრულონ პოლონეთის ახალი ხელისუფლის დანიშვნაში.
გაეცანით ჩვენს სხვა სტატიებს პოლონეთის არჩევნების შესახებ:
- პოლონეთის წინასაარჩევნო უკრაინოფობია
- სწორება მარჯვნივ: პოლონეთი არჩევნების გზაზე
- “Lex Tusk”: პოლონეთის კანონი რომელიც მის მოკავშირეებს გულზე დაადგათ
ანალიზი: ვის რა შანსი აქვს?
წინასაარჩევნო პერიოდში ფრიადი დარაზმვა შეიმჩნევა ამომრჩევლებს შორის. იმასაც ვარაუდობენ, რომ დღეს არჩევნებზე თავისუფალი პოლონეთის ისტორიის მანძილზე ყველაზე მეტი ამომრჩეველი გამოცხადდეს.
არჩევნების მთავარი მონაწილეები იაროსლავ კაჩინსკის მმართველი კანონისა და სამართლის პარტია (PiS), დონალდ ტუსკის სამოქალაქო კოალიცია (KO), გაერთიანება “მესამე გზა,” რადიკალი მემარჯვენე “კონფედერატები” და “მემარცხენეები” არიან.
ჯერჯერობით, ჩანს, რომ პირველ ადგილს მმართველი PiS დაიკავებს, რადგან იგი წინასაარჩევნო რეიტინგების მიხედვით შვიდი საპროცენტო პუნქტით უსწრებს KO-ს, რომელსაც სავარაუდოდ ამომრჩეველთა დაახლოებით 30 პროცენტი დაუჭერს მხარს.
გამარჯვების მიუხედავად PiS სავარაუდოდ, ვერ მიიღებს მიიღებს მთავრობის დამოუკიდებლად დაკომპლექტებისათვის საჭირო ხმებს და შესაბამისად, კოალიციური მთავრობის მიმართულებით მუშაობა მოუწევს.
საქმე სწორედ ისაა, თუ რომელი მცირე პარტია მიიღებს საჭირო ხმებს. თუკი იაროსლავ კაჩინსკი მართლაც გავა პირველ ადგილას და კონფედერატებთან თანამშრომლობას გადაწყვეტს, სავარაუდოა, რომ მათი სიმბიოზი თავიდანვე მკვდრადშობილი იქნება. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ თავად კონფედერატები დროდადრო აცხადებენ, რომ არ სურთ კაჩინსკისთან შეკვრა. არჩევნების წინადღეს კი კაჩინსკიმ კონფედერატებს ისე შეუტია, რომ პოსტ-საარჩევნო ალიანსი კიდევ უფრო ნაკლებად შესაძლებელი აღმოჩნდა.
მეორე მხრივ, დონალდ ტუსკის თაოსნობით ოპოზიციის გამარჯვების შესაძლებლობა არცთუ მცირეა. თუკი POLITICO-ს მონაცემებს დავეყრდნობით, ტუსკის სავარაუდო კოალიციურ პარტნიორებს, მემარცხენეებსა და “მესამე გზას” საპარლამენტო ბარიერის გადალახვისა და სათითაოდ ხმათა დაახლოებით 10 პროცენტის მოპოვების შანსი აქვთ, რაც კაჩინსკისათვის დიდი თავისტკივილი შეიძლება გახდეს.
ოღონდ, თუკი ტუსკის მცირე პარტნიორები საკანონმდებლო ორგანოში ბარიერის გადალახვის პრობლემის გამო ვერ შევლენ (კოალიციებისთვის ბარიერი 8, ხოლო ცალკეული პარტიებისთვის 5 პროცენტია), კაჩინსკი არაპროპორციულად დიდი რაოდენობის სკამებს გაინაღდებს სეიმში.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ, როგორც ოპონენტები შიშობენ, მმართველ პარტია აკონტროლებს მედიასა და სასამართლოს. პრეზიდენტიც მთავრობის კაცია. შესაბამისად, გამარჯვების შემთხვევაშიც კი, ოპოზიცია მარტივად ვერ ჩაიგდებს ხელში მართვის სადავეებს.
სამკვდრო-სასიცოცხლო წინასაარჩევნო კამპანია
დონალდ ტუსკსა და იაროსლავ კაჩინსკის ერთმანეთი პიროვნულად სძულთ და შესაბამისად, ეს არჩევნები მათთვის უფრო მეტია, ვიდრე პოლიტიკა. ერთ დროს კომუნისტების წინააღმდეგ ამხედრებული ამბიციური ახალგაზრდების თანამოაზრეობა დამაბრმავებელ ქიშპში გადაიზარდა და მთელი ოცდამეერთე საუკუნის პოლონეთის პოლიტიკურ ცხოვრებას წამლავს.
იაროსლავ კაჩინსკი დონალდ ტუსკს, “ნამდვილ ეშმაკად,” ერთდროულად გერმანიისა და რუსეთის გავლენის აგენტად მიიჩნევს და პოლიტიკა იქით იყოს, ტყუპისცალი ძმისა და ცხოვრების მთავარი მეგზურის, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მკვლელობაში თანამონაწილეობასაც კი აბრალებს. თავის მხრივ, დონალდ ტუსკი კაჩინსკის პოლონეთის დამანგრეველ ავტორიტარად სახავს და დატუსაღებით ემუქრება.
ორივე ლიდერის მთავარ მიზანს ერთმანეთის ჩამოშორება წარმოადგენს. ამიტომ, წინასაარჩევნო კამპანია დიდწილად პირადი შეურაცხყოფების კორიანტელით გამოირჩეოდა.
ტუსკისა და კაჩინსკის ურთიერთობის დარად, პოლარიზებულია პოლონეთის მოსახლეობაც. დიდ ქალაქებში ძირითადად პროევროპულ ტუსკს უჭერენ მხარს, მათ მიღმა კი მოსახლეობას კი მეტი საერთო აქვს უფრო კონსერვატიული შეხედულებების კაჩინსკისთან.
შეუცვლელი ლიდერებით გაბეზრებული, ოპოზიციურად განწყობილი ახალგაზრდები ხშირად საერთოდ არც მიდიან არჩევნებზე. საინტერესო სწორედ ის არის, თუ რა მოხდება ახლა – გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ან ხმას ამოიღებს, ანდა მათი სიჩუმე შეიძლება გამაყრუებელი აღმოჩნდეს.
ანტისაიმიგრაციო პოლიტიკა: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს
მმართველმა კანონისა და სამართლის პარტიამ წინასაარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი ანტისაიმიგრაციო ხაზით წაიყვანა. კაჩინსკის გუნდი პოლონელებს აზიელებისა და აფრიკელებისაგან “დაცვას” ჰპირდება. პარტიამ მიგრანტებისაგან “თავდაცვისთვის,” ბელარუსთან საზღვარზე კედელიც კი ააგო, რომელსაც პოლონური იდენტობის შენარჩუნების განსხეულების სიმბოლოდაც იყენებს.
როგორც ხშირად ხდება ხოლმე, აღმოჩნდა, რომ სავარაუდოდ თავად კანონისა და სამართლის პარტია ქმნის არალეგალური მიგრაციის პრობლემას.
სულ რამდენიმე კვირის წინ, სრულიად ევროკავშირმა შეიტყო, რომ თურმე იმავე აფრიკასა და აზიაში პოლონეთის საკონსულოები, შესაძლოა, არც მეტი, არც ნაკლები, ვიზებს 5000 დოლარად ყიდდნენ. სხვადასხვა მონაცემებით, ამ გზით ათობით ათასმა ადამიანმა შეაღწია უკანონოდ პოლონეთის, შემდგომ კი ევროკავშირის დანარჩენი სახელმწიფოებისა და აშშ-ს ტერიტორიაზეც კი.
ცხადია, ამ ინფორმაციით ისარგებლა კაჩინსკის მიერ ანტიეროვნულ, ანტიპოლონელად მონათლულმა დონალდ ტუსკმა და გულმიცემულად შეუტია ოპონენტებს.
თუმცა, პოლონეთის პოლიტიკის დამკვირვებელთა გასაოცრად, ამ სკანდალს დიდი გავლენა არ ჰქონია ამომრჩევლის ნებაზე. ყოველ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოკითხვებში არ ასახულა.
მაგრამ, იმას კი ვხედავთ, რომ ბრიუსელი და ბერლინი ნამდვილად გაბრაზდნენ. თან სწორედ ამ კონტექსტში, გერმანიამ პოლონეთთან არსებული, თითქოს კარგად დავიწყებული საზღვრის კონტროლი გააძლიერა, რადგან არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ პოლონეთის ვიზების მქონე ადამიანები, პირველად სწორედ მის მდიდარ მეზობელს მიაშურებდნენ ხოლმე.
რას შეიძლება ველოდეთ?
ეგზიტ პოლების შედეგები დღეს საღამოს 21:00 საათზე უნდა უნდა გახდეს ცნობილი, თუმცა, თუკი არჩევნებზე რეალურად მიცემული ხმების განაწილება გამოკითხვების მსგავსი იქნა, შესაძლოა ოფიციალური შედეგებისთვის სამშაბათამდე მოგვიწიოს ლოდინი.
პრეზიდენტმა პარლამენტი შედეგების გამოცხადებიდან 30 დღეში უნდა მოიწვიოს და დაასახელოს პრემიერობის კანდიდატი. მიუხედავად იმისა, რომ ის არაა ვალდებული მოგებული პარტიის ლიდერი დაასახელოს, ჩამოყალიბელული ტრადიციის თანახმად, ანდჟეი დუდა პირველ ადგილზე გასულ კაჩინსკის დაასახელებს.
ამის შემდეგ, პრემიერობის კანიდატი მთავრობის შემადგენლობას წარმოადგენს, რომელიც პრეზიდენტმა ახალი პარლამენტის შეკრებიდან მაქსიმუმ 14 დღეში უნდა დაამტკიცოს.
პრეზიდენტის მიერ დამტკიცების შემდეგ, მთავრობამ პროგრამა უნდა წარუდგინოს პარლამენტს და ნდობის მანდატი ითხოვოს, რისთვისაც დეპუტატების უმრავლესობა სჭირდება. ამგვარი კენჭისყრა, ყველაზე გვიანი, ნოემბრის ბოლოს შედგება.
თუკი მთავრობამ ნდობა ვერ მოიპოვა, პარლამენტს 14 დღე აქვს პრემიერის ახალი კანდიდატის შესარჩევად, რომელიც უკვე ახალ მთავრობას დააკომპლექტებს და ნდობის მანდატისთვის წარადგენს.
თუკი პარლამენტმა პრემიერობის კანდიდატი ვერ შეარჩია, ანდა მეორე კაბინეტმაც ვერ მიიღო ნდობის მანდატი, პრეზიდენტს მეორე შანსი აქვს, წარადგინოს პრემიერი და მთავრობა. მათაც 14 დღის მანძილზე უნდა მოახერხონ პარლამენტის ნდობის მიღება.
თუკი ეს მცდელობაც გაცუდდა, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და ახალ არჩევნებს 45 დღის განმავლობაში დანიშნავს.