skip to content
ევროპამთავარი თემა

პოლონეთის წინასაარჩევნო უკრაინოფობია

რა ხდება?

გუშინ, 3 ოქტომბერს, კიივში ევროკავშირის საგარეო მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. პარალელურად, სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო მრეწველობის წარმომადგენლები უკრაინასთან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და ამ საქმეზე 5 მილიარდი ევრო გამოიყო. ოღონდ კიივში არც პოლონეთის საგარეო მინისტრი ჩანდა (მან მოადგილე მიავლინა) და არც პოლონური სამხედრო მრეწველობის წარმომადგენლები.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

  • პოლონეთი უკრაინის უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერია. ომის დაწყების პირველი დღიდანვე, ვარშავამ ასეულობით ათასი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო. უკრაინისათვის დასავლური სამხედრო დახმარების 90% სწორედ პოლონეთის ტერიტორიიდან შედის. ორ მეზობელს შორის ურთიერთობის გაციებას შეუძლია სერიოზულად დაასუსტოს უკრაინა.
  • პოლონელი ლიდერები აღიარებენ, რომ უკრაინასთან “საერთო სტრატეგიული ინტერესები აქვთ,” თუმცა საარჩევნო პოლიტიკის გამო კონფლიქტის გამოწვევა და მის გარშემო შეთქმულების თეორიების შეთხზვა “კანონისა და სამართლიანობის” პოლონური მმართველობის ფუნდამენტურ სისუსტეზე მიუთითებს – ევროკავშირთან არსებული ღრმა კონფრონტაცია ვარშავას კიივის საწინააღმდეგოდ უბიძგებს.

რატომ გაირბინა შავმა კატამ კიივსა და ვარშავას შორის?

20 სექტემბერს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი აღარ უზრუნველყოფს კიივისთვის იარაღის მიწოდებას, რადგან ახლა ორიენტირებულია „ყველაზე თანამედროვე იარაღით საკუთარი ქვეყნის შეიარაღებაზე“.

მიუხედავად იმისა, რომ მისი არაერთი კოლეგის, მათ შორის, თავად პრეზიდენტის განმარტებით, სინამდვილეში ის მხოლოდ ახალ შეიარაღებას გულისხმობდა და არა უკვე მიმდინარე კონტრაქტებს, უკრაინასა და მის ერთგულ მეგობარს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაცივდა, რაც გუშინდელ შეხვედრაზე საგარეო მინისტრის არყოფნამაც დაადასტურა.

მაშ, რატომ აიყარა გული მეზობელზე გული პოლონეთმა?

მარცვლეულის განხეთქილება

მას შემდეგ, რაც უკრაინის საზღვაო პორტების უმრავლესობა რუსეთმა სამხედრო ძალით დაიკავა, ქვეყანაში მარცვლეულის უზარმაზარი მარაგი დაგროვდა მაშინ, როცა მსოფლიოში მარცვლეულის დიდი დეფიციტია. 2022 წლის ივნისში ევროკავშირმა გადაწყვიტა, უზრუნველეყო მარცვლეულის გადინება სახმელეთო გზით, ბულგარეთის, პოლონეთის და რუმინეთის გავლით. თუმცა, სარკინიგზო და საგზაო ტრანსპორტის ნაკლებობის გამო, იმის მაგივრად, რომ მარცვლეული მესამე სამყაროს ბაზრებზე გასულიყო, სადაც დიდი მოთხოვნაა, შეიქმნა საფრთხე, რომ ის ამ სამი სატრანზიტო ქვეყნის ბაზარზე დარჩებოდა და ადგილობრივ მწარმოებლებს დაჩაგრავდა. ფერმერების პროტესტები პოლონეთშიც დაიწყო. 2023 წლის 15 აპრილს პოლონეთმა უკრაინულ საქონელზე ემბარგო დააწესა რათა, როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმა განაცხადა, “ევროპისთვის თვალი აეხილა” არსებულ პრობლემაზე.

ევროკავშირი დროებით ღონისძიებებს მაისში დაეთანხმა, თუმცა სექტემბერში გადაწყვიტა, რომ “ადგილობრივი ბაზრის დესტაბილიზაციის საფრთხე ხუთ საზღვრისპირა ქვეყანაში აღარ არსებობს” და დრებითი შეზღუდვები მოხსნა.

პოლონეთი (უნგრეთსა და სლოვაკეთთან ერთად) ეურჩა რიგის მიმცემს და დამატებით შემოიღო აკრძალვები უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტზე.

საპასუხოდ, უკრაინამ განაცხადა, სარჩელი შეიტანა პოლონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში წარსადგენად, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ურთიერთობები ამ ორ სახელმწიფოს შორის.

ამას დაემატა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება: 19 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა „ზოგიერთი ევროპელი მეგობრის“ ქმედებებს შემაშფოთებელი უწოდა, რომლებიც მარცვლეულის გამოყენებით ცდილობენ მოჩვენებითად გამოიყენონ სოლიდარობა „პოლიტიკურ თეატრში“. მისი თქმით, „ისინი ამით ეხმარებიან მოსკოვს სცენის მოწყობაში.“ გაკეთებული განცხადებების გამო პოლონეთში უკრაინის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს „მკაცრი პროტესტის“ გამოსახატად.

დაძაბული ტონი

მაშინ, როდესაც რუმინეთმა და ბულგარეთმა (ნაწილობრივ, სლოვაკეთმაც) უკრაინასთან მარცვლეულზე ამტყდარი უთანხმოება ევროკავშირის შუამავლობით, საქმიანად მოაგვარეს, პოლონეთის ლიდერებმა არჩიეს, დაძაბულობა გაემძაფრებინათ.

ჯერ კიდევ კონფლიქტის დასაწყისში, პრეზიდენტმა დუდამ კი სცადა თითქოს დაძაბულობის განელება, მაგრამ ზელენსკის გაეროში გაკეთებული განცხადების გამო წყენა გამოთქვა, პოლონეთში მომავალში ანტი-უკრაინული განწყობის გამძაფრება დააანონსა, მაგრამ თან დასძინა – „ზეწოლის ქვეშ არის“ პრეზიდენტი ზელენსკი, ეპატიება ასეთი განცხადებებიო.

გუშინ, საგარეო მინისტრმა ზბიგნევ რაიმ განაცხადა, “ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრაზე ჩემი არყოფნა იმის გამოხატულებაა, რომ პოლონეთისა და უკრაინის ურთიერთობები დაღმასვლის ეტაპზეაო.”

ამ ორ განცხადებაში იხატება ის საგარეო-პოლიტიკური კონტექსტი, რომელშიც პოლონეთი უკრაინასთან ურთიერთობებს უყურებს. მმართველი პარტიის დეპუტატებმა უფრო თამამად განაცხადეს, ვიდრე პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, რომ ისინი კიივს ბრიუსელისა და ბერლინის მხარეს დგომას აყვედრიან, ვარშავის წინააღმდეგ. მართლაც, “კანონისა და სამართლიანობის” პარტიის კონფლიქტი ბრიუსელთან და ბერლინთან საკმაოდ ღრმაა, თუმცა მისი საფუძველი საშინაო პოლიტიკაა. ვარშავის მიერ კანონის უზენაესობის პრინციპების უგულვებელყოფა და ინსტიტუტების შესუსტება ის საგანია, რომელშიც ბრიუსელი არ დათმობს. ეს დაპირისპირება – რომელიც უკრაინაზე სავალალოდ აისახება – განსაკუთრებით მიმდინარე, წინასაარჩევნო კონტექსტში მძაფრდება.

საარჩევნო ციებ-ცხელება

15 ოქტომბრისთვის პოლონეთი არჩევნებისთვის ემზადება. გამარჯვებულის გამოსავლენად, კიდევ ერთხელ მემარჯვენე-ცენტრისტული, “კანონისა  და სამართლიანობის” პარტია (PiS) თავის თავგადაკლულ ოპონენტს, დონალდ ტუსკის მემარცხენე-ცენტრისტულ სამოქალაქო კოალიციას (PO) შეეტაკება. ამ ბრძოლაში ევროკავშირთან დამოკიდებულებას და სოფლის ამომრჩეველს საკვანძო მნიშვნელობა აქვს.

მმართველ პარტიას (PiS) შედარებით ღარიბი, სოფლად მცხოვრები პოლონელების მოსახლეობის იმედი აქვს: ანალიტიკოსების მტკიცებით, 2019 წლის არჩევნებში ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში სოფლად მცხოვრები ამომრჩევლების (მათი უმრავლესობა ფერმერებია) ხმები გადამწყვეტი აღმოჩნდა პარტიის მესამე ვადით გამარჯვებისთვის.

სექტემბერში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პოლონელების რიცხვმა, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინიდან ლტოლვილების მიღებას, 2022 წლის (91%) მონაცემთან შედარებით, საგრძნობლად იკლო (69%). გამოკითხულთა მეოთხედმა ახალი ლტოლვილების მიღებისადმი წინააღმდეგობა გამოთქვა, რაც მნიშვნელოვანი დაღმასვლაა – მათი წილი მხოლოდ 4%-ს შეადგენდა 2022 წლის დასაწყისში.

სწორედ ესაა ამჟამინდელი დაპირისპირების რაციონალური საფუძველი. “კანონი და სამართლიანობა” ცდილობს იგივე ფანდი იხმაროს, რამაც ვიქტორ ორბანის “ფიდესს” კიდევ ერთი მანდატი და ქვეყნის სადავეებზე სრული კონტროლი მოუტანა.

რას უნდა ველოდეთ?

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პოლონეთმა უზარმაზარი ფინანსური, ჰუმანიტარული თუ სამხედრო დახმარება გაუწია მეზობელს. ივლისის მონაცემებით, ამ სამი მაჩვენებლის გათვალისწინებით, და მშპ-ზე გადაანგარიშებით, პოლონეთი რიგით მეექვსეა მსოფლიოში.

კარგ მეზობლობასთან ერთად, ისიც მნიშვნელოვანია, რომ პოლონეთი რუსეთისგან, როგორც მეზობლად არსებული ტირანისგან, პირდაპირ საფრთხეს მოელის. ამაზე მოწმობს ის უზარმაზარი მოცულობის სამხედრო კონტრაქტები, რაც ვარშავამ უკანასკნელ ხანებში დადო.

უკრაინისადმი სამხედრო მხარდაჭერა, ამ თვალსაზრისით, პრაგმატული ნაბიჯია პოლონეთისთვის. სამხედრო “ჰაბის” ფუნქციაც, რაც ქვეყნის მრეწველობაში აკეთებს ინვესტიციებს, მომგებიანია ვარშავისათვის. გუშინ უკრაინისკენ პოლონეთში შეკეთებული გერმანული “ლეოპარდ-2”-ები გაიგზავნა.

ამდენად, ანტიუკრაინული პოპულიზმი, სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ გზას ისევ პრაგმატიზმს დაუთმობს. გუშინ, 3 ოქტომბერს, გაჩნდა იმედი, რომ მარცვლეულის კონფლიქტის გადაჭრის გზები მოინახა:

  • უკრაინა, პოლონეთი და ლიეტუვა შეთანხმდნენ, რომ უკრაინული მარცვლეულით დატვირთული სარკინიგზო ეშელონები პოლონეთში არ გაჩერდება და პირდაპირ ლიეტუვის პორტ კლაიპედაში გაივლის საბაჟო და ფიტოსანიტარულ კონტროლს. ეს ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილებს ვარშავას და დააშოშმინებს იქაურ ფერმერებს, რომლებიც ჩიოდნენ, ეს მარცვლეული ჩვენს ბაზარზე ილექებაო.

თუმცაღა, ეს საკითხი რომც მოგვარდეს, ერთ საგულისხმო პრობლემა მაინც დარჩება:

პირველ რიგში, მმართველი პარტიის ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ აგორებულმა პარანოიამ, რომ უკრაინა გერმანიის ხელით ცდილობს პოლონეთის მთავრობის დამხობას, შეიძლება გრძელვადიანად მოშხამოს ურთიერთობა ორი ქვეყნის პოლიტიკოსებს შორის.

უნდობლობის მავნე გავლენა იმაშიც გამოჩნდა, რომ პოლონელმა დეპუტატებმა და სამხედრო მრეწველობის წარმომადგენლებმა უკრაინას დასდეს ბრალი, რომ ისინი კიივში ევროპელი სამხედრო მრეწველობის კონფერენციაზე არ მიიწვიეს. კიივმა დაამტკიცა, რომ სწორედ პოლონელები დაპატიჟეს პირველები. ამის შემდეგ, პოლონეთის სახელმწიფო მინისტრმა და სამხედრო ქარხნის დირექტორებმა ბოდიში მოიხადეს, მაგრამ ცუდი ნალექი კი დარჩა.

ამგვარი გამოხტომები, პოლონეთის სიჯიუტე და დემონსტრაციული სიხისტე ბრიუსელში და მსოფლიო ასპარეზზე მის პოლიტიკურ წონას ამცირებს, რაც უკრაინის მომავლისათვის კარგი არაა.

ანალიზი მოამზადეს მარიამ ბიჭოშვილმა და ჯაბა დევდარიანმა

მსგავსი/Related

Back to top button