ევროპამთავარი თემა

“Lex Tusk”: პოლონეთის კანონი რომელიც მის მოკავშირეებს გულზე დაადგათ

რა ხდება?

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მიზნად    ქვეყნის ბიზნესში, პოლიტიკასა და მედიაში 2007-2022 წლებში პოტენციური რუსული გავლენის გამოაშკარავებას ისახავს. ევროკავშირმა და აშშ-მ ეს კანონი დაგმეს. პროტესტის ნიშნად, თანამდებობიდან გადადგა მმართველი პარტიის რამდენიმე მხარდამჭერი რეგიონული მთავრობებიდან.

რატომაა კანონი სადავო?

ახალი კანონის თანახმად, შეიქმნება სამთავრობო კომისია, რომელსაც დაევალება 2007-2022 პერიოდში  ქვეყანაში მოქმედი უცხოური დაფინანსების მიმღები ბიზნესების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებებისა და ანალიტიკური ცენტრების საქმიანობის შესწავლა, რათა დადგინდეს, ხომ არ იყო მათი საქმიანობა რუსეთის ინტერესებში.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ კანონით კომისიას მიენიჭება საგამომძიებო, პროკურატურისა და სასამართლოს ფუნქციები, რითაც დაირღვევა კანონიერების საკვანძო პრონციპები. მათი აზრით, მმართველი “კანონისა და სამართლიანობის” პარტია კანონის ნესტარს პოლიტიკური ოპოზიციის, კერძოდ კი მთავარი ოპონენტის, დონალდ ტუსკის საწინააღმდეგოდ გამოიყენებს, რომელიც 2005 – 2015 წლებში პოლონეთის პრემიერ მინისტრი იყო და რომლის პარტიამ, „სამოქალაქო პლატფორმამ“, შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებში წარმატების შემთხვევაში შეიძლება ახალი სამთავრობო კოალიცია შეკრას. სწორედ ამიტომ უწოდა ოპოზიციამ და ოპოზიციურმა მედიამ კანონს “Lex Tusk” – ანუ “ტუსკის კანონი.”

კანონპროექტის მომხრეები თვლიან , რომ გასულ წლებში, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში გადადგმულ იქნა რამდენიმე საეჭვო ნაბიჯი. მათი თქმით, პოლონურ საზოგადოებას აქვს უფლება რომ გაიგოს, რამდენად იყო ეს ნაბიჯები რუსეთის გავლენით ნაკარნახევი. ასევე, ისინი  კანონს მედია სივრცეში რუსეთის გავლენის ზრდის წინააღმდეგ მიმართულ  ქმედით ინტრუმენტად განიხილავენ.

რა წერია კანონში?

  • კანონი ეხება სახელმწიფო თანამდებობის პირებს , ასევე სახელმწიფო ან  ნახევრად სახელმწიფო  კომპანიების ხელმძღვანელ პირებს და მათ საქმიანობს.
  • პარლამენტის ქვედა პალატა (სეიმი, სადაც მმართველ პარტიას უმრავლესობა აქვს) შექმნის სპეციალურ კომისიას, რომელიც იძიებს აღნიშნულ პირთა საქმიანობას.
  • კომისიის წევრად შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს გარკვეულ კრიტერიუმებს (უმაღლესი განათლება, საიდუმლო დოკუმენტაციაზე წვდომის უფლება..). წევრები  სარგებლობენ სადეპუტატო ხელშეუხებლობით.
  • მათ აქვთ უფლებამოსილება , რომ ჩაატარონ გამოძიება , დაკითხონ მოქალაქეები და გაეცნონ ნებისმიერ, მათ შორის საიდუმლო ინფორმაციას.
  • წინააღმდეგობის შემთხვევაში, კომისიას აქვს უფლებამოსილება რომ მიმართოს პროკურატურას შესაბამისი პირის დაპატიმრებისთვის.
  • კომისიას აქვს უფლება გამოსცეს ადმონისტრაციული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პირისთვის თანამდებობების დაკავების აკრძალვას ათ წლამდე ვადით.
  • კომისია აქვეყნებს საბოლოო დასკვანს. მას შეუძლია სისხლის სამართლის დევნის ინიცირება.

რა არის აქ პრობლემური?

კანონის ოპონენტები აცხადებენ, რომ კანონში იმდენად ბუნდოვნადაა გაწერილი, თუ რა შეიძლება იყოს “რუსეთის სასარგებლო” საქმიანობა, რომ ამ განსაზღვრების ქვეშ ნებისმიერი – ნებსითი თუ უნებლიე – ბიზნეს თუ პოლიტიკური აქტივობა შეიძლება მოჰყვეს. რადგან კომისიას მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ მყოფი სეიმი დააკომპლექტებს, არსებობს ეჭვი, რომ ის პარტიული შურისძიების იარაღად იქცევა, მათ შორის მედიის, ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგაც, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილი.

მეორე საზრუნავია, რომ კომისია მიიღებს კვაზი-სამართლებრივ გადაწყვეტილებებს, რომელთა მიღება მანამდე მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივა იყო. არადა არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ მის შემადგენლობაში შესაბამისი კვალიფიკაციის ხალხი იქნება. ზოგადად, ხელისუფლების დანაწილების პრინციპებს უგულვებელყოფს ისიც, რომ კომისიას გამოძიების, პროკურატურისა და სასამართლოს ტიპის ფუნქციები ექნებად თან ისე, რომ უფლება ექნებათ, უარი თქვან მიღებული გადაწყვეტილებების საჯარო დასაბუთებაზე. კანონის მიხედვით, კომისიის წევრები კანონის წინაშე პასუხისმგებელები არ იქნებიან თავიანთი საქმიანობისას მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

ოპონენტები ასევე ამტკიცებენ, რომ კანონპროექტის მიღებით მთავრობა ცდილობს კრიტიკოსების დისკრედიტაციას. ისინი მთავრობის მხრიდან მედიაზე , განსაკუთრებით საჯარო მედიაზე  კონტროლის ზრდაზე და მის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაზე მიუთითებენ  . მედია  დამკვირვებლები და ჟურნალისტები გვაფრთხილებენ, რომ კანონის მიღებამ  ჟურნალისტებს მეტი თვითცენზურისკენ  შეიძლება  უბიძგოს.

კანონპროექტის ერთ-ერთი საკვანძო საკამათო ასპექტია დებულება, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ პოლიტიკოსს, თუ აღმოჩნდება, რომ ის  რუსულ  სახელმწიფო სტრუქტურებთან და მათთან დაკავშირებულ პირებთან თანამშრომლობდა,  ათი წლით აეკრძალება საჯარო თანამდებობის დაკავება.

ეს ფართოდ იქნა აღქმული, როგორც თავდასხმა ყოფილ პრემიერ მინისტრ დონალდ ტუსკზე , რომლის გადაწყვეტილებებიც ენერგეტიკის სფეროში, მმართველი კოალიციის  მომხრეების აზრით, რუსული ინტერესებით იყო ნაკარნახევი.

აღსანიშნავია, რომ კანონი არ დაამტკიცა პარლამენტის ზედა პალატამ, სენატმა, და უკან მოაბრუნა განხილვისათვის, თუმცა ქვედა პალატამ, სეიმმა, სადაც მმართველ პარტიას დიდი უპირატესობა აქვს, სენატის ვეტო გადალახა.

სუვერენიტეტი, კონსერვატიული პოლიტიკა და საერთაშორისო რეაქცია

მმართველი პარტია “კანონი და სამართლიანობა” უკვე კარგა ხანია ეურჩება ევროკავშირში დადგენილ კანონებსა და წესებს, რითაც ქვეყანაში უფრო კონსერვატიული და ავტორიტარული წესრიგის შექმნას ცდილობს. სასამართლო ხელისუფლების შევიწროებისა და უმაღლეს სასამართლოში თავისი მომხრეების შეყვანის გამო, პოლონეთი ევროკავშირის სანქციების – ფინანსური დახმარების შეზღუდვის – ზღვარზეც იდგა, თუმცა ჯერ კოვიდის, შემდეგ კი რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის (რომელშიც პოლონეთი დასავლეთს საკვანძო პარტნიორია) გამო, ბრიუსელსა და ვარშავას შორის წინააღმდეგობები დროებით ჩაიფარცხა.

ერთერთი ბოლო გადაწყვეტილება , რომელსაც კრიტიკოსები  იმოწმებენ, არის გადაწყვეტლება სტამბულის კონვენციიდან გასვლის შესახებ. ეს საერთაშორისო ხელშეკრულება შექმნილია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად. კონვენციიდან აქამდე მხოლოდ რუსეთი და თურქეთი გავიდნენ (უნგრეთი მას არც შეერთებია) აქაო და, გენდერის თემას ვთვლით მიუღებლადო. ოპოზიციის თქმით,  ამ გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც რუსული ჩარევის წინააღმდეგ კანონის მიღებას, ქვეყანა მიყავს იზოლაციისკენ.

ევროკავშიროს ოფიციალურმა პირებმა მწვავედ გააკრიტიკეს ახალი კანონი. იუსტიციის კომისარის, დიდიე რენდერსის თქმით, წუხილის მთავარ მიზეზს წარმოადგენს კომისიის შექმნა, რომელსაც შეუძლია რომ შეზღუდოს მოქალაქეებს თანამდებობაზე არჩევის  საკონსტიტუციო უფლება. კანონი ასევე გააკრიტიკა პოლონეთის ტრადიციული მოკავშირის, აშშ -ს ხელმძღვანელობამ. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ს მთავრობა იზიარებს შეშფოთებას, რომ “კანონი შესაძლოა გამოყენებული იყოს პოლონეთის არჩევნების თავისუფლებისა და სამართლიანობის საზიანოდ.”

რა ხდება ახლა?

პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა რომ ის კანონს საკონსტიტუციო სასამართლოს გაუგზავნიდა განსახილველად . თუმცა, მან ასევე გადაწყვიტა რომ კანონისთვის  საკონსტიტუციო სასამართლოს პასუხის მიღებამდე  მოეწერა ხელი და ეს გადაწყვეტილება  დუდამ პრობლემის, ანუ რუსული საფრთხის,  სიმწვავით დაასაბუთა.

აღსანიშნავია რომ ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობა პარალიზებულია ოპოზიციურად განწყობილ მოსამართლეების ბოიკოტის გამო. თუმცა, მმართველი პარტია ამჟამად ეძებს გამოსავლის გზებს საკონსტიტუციო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებისთვის  საჭირო ხმების მინიმუმის შემცირების გზით.

მსგავსი/Related

Back to top button