skip to content
მათი თვალითფილოსოფოსის რვეული

ისრაელი და ხაფანგი, რომელსაც გვერდს ვერ აუვლი

ისრაელზე “ჰამასის” მიერ განხორციელებული არაადამიანური თავდასხმის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა, მას ათასობით ადამიანი შეეწირა. ისრაელის სახელმწიფო ამ თავდასხმის საპასუხოდ ბომბავს ღაზას და “ტოტალური” ბლოკადის განხორციელებაზე საუბრობს. “ჰამასის” თავდასხმის სტრატეგიული მიზნის შესახებ მრავალი მოსაზრება არსებობს. ხომ არ იყო მისი მიზანი ისრაელისთვის ტრაგიკული ხაფაგის განზრახ დაგება?


ავტორი: მარტან ლეგროსი, რედაქტორი, Philosophie Magazine


შეტევის მასშტაბის, მსხვერპლის რაოდენობისა და მოულოდნელობის მხრივ ისრაელზე გასულ შაბათს მომხდარი თავდასხმა ბევრმა აშშ-ზე 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარ შეტევას შეადარა, ზოგმა კი პარიზში 2015 წელს განხორციელებულ თავდასხმას, ბატაკლანის თეატრში. ეგებ ღირდეს, რომ ტერორისტული აგრესიის ფორმის მიღმაც გავიხედოთ და სურათს უფრო ფართოდ, ფილოსოფოსის თვალით, სტრატეგიულად შევხედოთ.

ტყუპ კოშკებზე 2011 წლის 11 სექტემბრის თავდასხმისა და აშშ-ს მიერ თალიბანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ, ფილოსოფოსი კლოდ ლეფორი (Claude Lefort) (1924-2010), რომელიც მაკიაველის გამოჩენილი მკლვევარი გახლდათ, გვირჩევდა, უსამა ბინ ლადენის პოლიტიკურ ამოცანაზე გაგვემახვილებინა ყურადღება. მისი თქმით, სიცოცხლის მოსპობის, ტერორის გავრცელებისა და დემოკრატიული თავისუფლებების ფანატიური ბრძოლის მიღმა, სტრატეგიული მიზანი იმალება.

“თვითმკვლელი ორგანიზაციები ბუნებაში არ არსებობს.”

კლოდ ლეფორი

“შეუძლებელია, რომ ალ-ყაიდას ტიპის ორგანიზაციას,” წერდა ლეფორი “ვერ გაეთვალისწინებინა რომ აშშ-ს მხრიდან მათ მოქმედებას ძალისმიერი რეაქცია მოჰყვებოდა. მისი წევრები სულელები არ არიან. დიახ, დანამდვილებით ბლომადაა თვითმკვლელობაზე წამსვლელი ალ-ყაიდას წევრი. მაგრამ თვითმკვლელი ორგანიზაციები ბუნებაში არ არსებობს. ისინი მოელოდნენ იმას, რაც მოხდა – აშშ-ს შეიარაღებულ პასუხს ავღანეთში. მათ თავიანთი ტერორისტული აქტი იმ მიზნით ჩაიდინეს, რომ აშშ ხაფანგში გაებათ, ეიძულებინათ [ავღანეთის] რეგიონში შეიარაღებული ძალით ჩარეულიყვნენ. შედეგად კი მუსულმანური მოსახლეობის უმრავლესობა – რომელთაც მანამდე არ სურდათ ომი – ამ გზით კონფლიქტში ჩაერთოთ.”

იმ მემარცხენეების გასაგონად, ვინც მაშინაც ამბობდა, “ძალადობას ძალადობით არ უნდა უპასუხოო”, ლეფორი წერდა “როცა ვამბობთ, რომ მათ აშშ-ს ხაფანგი დაუგეს, ისიც უნდა ნათლად ვაღიაროთ, რომ შეუძლებელია ამ ხაფანგს გვერდი აუარო. აბსოლუტურად ცხადია, რომ არ არსებობს სხვა პასუხი [11 სექტემბრის შეტევაზე] თუ არა სამხედრო ძალით განხორციელებული ძალადობა. ნამდვილი კითხვა ის კი არაა, საჭიროა თუ არა ძალადობა, არამედ – საკმარისი იქნება თუ არა მისი მასშტაბი მიზნის მისაღწევად, როგორ უნდა წარვმართოთ ის და როდემდე.”

“[ამგვარ შემთხვევაში] ნამდვილი კითხვა ის კი არაა, საჭიროა თუ არა ძალადობა, არამედ – საკმარისი იქნება თუ არა მისი მასშტაბი მიზნის მისაღწევად, როგორ უნდა წარვმართოთ ის, და როდემდე.”

კლოდ ლეფორი, 2011 წლის 9 სექტემბერი, გაზეთი El País

დღეს მიმდინარე მოვლენებს ლეფორის მოსაზრება კარგად ეხამება. “ჰამასის” მიერ ზღვიდან, ჰაერიდან და მიწაზე განხორციელებულ შეტევას, რომელსაც მრავალი სამიზნე ჰქონდა, ხანგრძლივი დაგეგმვა დასჭირდებოდა. Wall Street Journal-მა, “ჰამასისა” და “ჰეზბოლას” მმართველებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ირანის “რევოლუციის მცველები” ამ ოპერაციის დაგეგმვაში მონაწილეობდნენ და გასული წლის აგვისტოდან მოყოლებული მრავალი შეხვედრა გამართეს ბეირუთში, ხოლო საბოლოოდ მწვანე შუქი ირანმა ოპერაციას 2 ოქტომბერს აუნთო. ამ ცნობებს ირანული რეჟიმი უარყოფს და აშშ სპეცსამსახურები ჯერ დარწმუნებით ვერ ადასტურებენ.

ისევე, როგორც 11 სექტემბრისა და ბატაკლანის შეტევები, ისრაელში განხორციელებული ოპერაცია თავისი ფორმით მოიცავს როგორც სამხედრო (მომზადებული და ორგანიზებული ჯარი, მათი გადასროლა ოპერაციის ადგილებზე, შეიარაღების სხვადასხვა ტიპის კომბინირებული გამოყენება) ისე ტერორისტულ (სამოქალაქო პირების ჟლეტა, სოფლებსა და სახლებში შეჭრა, ბავშვების, ქალებისა და მოხუცების დახოცვა და მძევლად აყვანა) ტაქტიკას. ომისა და ტერორიზმის ერთმანეთში გადახლართვა ირანული რეჟიმის ხელწერაა, რომელიც უკვე კარგა ხანია ამ ორს შორის განსხვავებას არ აღიარებს. მათი მონაწილეობა ლოგიკურია იმიტომაც, რომ ამ შეტევით, სავარაუდოდ წყალში ჩაიყრება მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზაციის მცდელობა, რასაც ისრაელი აქტიურად – და წარმატებულად – ცდილობდა. შეტევების შემდეგ, ისრაელსა და სამეზობლოში საზოგადოებრივი მობილიზაცია ამგვარ ნორმალიზაციას, სავარაუდოდ, შეუძლებელს გახდის.

ამგვარად, საკუთარ თავს კითხვები არა მხოლოდ თავდასხმის ფორმის, არამედ მისი პოლიტიკური მიზნების შესახებაც უნდა დავუსვთ. “ჰამასისათვის” მთავარი ამოცანა მხოლოდ მსხვერპლის მაქსიმალური რაოდენობა არ იყო. ღაზაში მძევლების გადაყვანით ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ისრაელის მასშტაბური რეაქცია მას გათვლილი ჰქონდა. ეს რეაქცია დღეს დაბომბვების და ტოტალური ბლოკადის ხასიათს ატარებს და ხვალ კი, სავარაუდოდ, სახმელეთო სამხედრო ოპერაციასა და ღაზას სამხედრო კონტროლში გადაიზრდება, რისი ამოცანაც “ჰამასის” საბოლოო განადგურება იქნება.

ოღონდაც, როგორც ლეფორი შეგვახსენებს, ტერორისტებს შეუძლიათ თავი აიფეთქონ, მაგრამ ორგანიზაცია შეგნებულად თავს არ მოიკლავს. ისრაელზე განხორციელებული შეტევის მიზანი, ამგვარად, ისრაელის მახეში გაბმა იყო, ისეთ მახეში, რომლის თავიდან არიდებაც შეუძლებელია, მახეში, რომელიც მოსახლეობაში გათქვეფილ ორგანიზაციასთან მისსავე ტერიტორიაზე, საქალაქო ტიპის დასახლებაში ურთულეს ბრძოლას გულისხმობს.

მთავარი კითხვა, რომელიც დღეს ისმის, არის შეძლებს თუ არა ისრაელი საკუთარ შეიარაღებულ ძალებს ისეთი მკვეთრად განსაზღვრული და კონკრეტული ამოცანები დაუსახოს, რომ ეს ხაფანგი მისთვის დამღუპველი არ აღმოჩნდეს. როგორც ვნახეთ, ლეფორი პრობლემას ასე აყალიბებდა: გარკვეულ შემთხვევებში, ძალადობის გარდა სხვა პასუხი არ არსებობს, ამიტომაც მთავარი კითხვებია “საკმარისი იქნება თუ არა მისი მასშტაბი მიზნის მისაღწევად, როგორ უნდა წარვმართოთ ის და როდემდე.” ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ “ჰამასს” არ უნდა მიეცეს საშუალება ისრაელს თავს მოახვიოს პასუხები ამ კითხვებზე – თუკი მათ ეს შეძლეს, ხაფანგის მიზანიც მიღწეული იქნება.

პირველწყარო
Israël : un piège fatal ?

მსგავსი/Related

Back to top button