skip to content
ევროპაევროპის მოამბე

ევროპის მოამბე: 29 ოქტომბერი

ოსმალური აჩრდილები

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტის ტერიტორიაზე დიდძალი ხალხი შეყარა და მათ პალესტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. თურქეთის პრეზიდენტმა ღაზაში გაჩაღებულ ხოცვა-ჟლეტაში დასავლეთი ღიად დაადანაშაულა და საჯაროდ შეუთვალა – ყალბ ცრემლებს რომ ღვრიდით უკრაინაში დაღუპულებზე, ეხლა რას დადუმებულხართ, თუ კვლავ აპირებთ ომის გაჩაღებას ჯვარსა და ნახევარმთვარეს შორისო?! ამ ყველაფრის შემყურე ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატები გამოიწვია და ყველას გასაგონად, თურქეთთან ურთიერთობების გადახედვის პირობაც დადო.


შვედეთი ნატო-ს დაუახლოვდა

მართალია, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ერთი ხელით დასავლეთს დაარტყა, მაგრამ მეორე ხელით შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების ოქმს თავისი ხელმოწერა დაასვა და ის დასამტკიცებლად, პარლამენტს გადაუგზავნა. აქამდე, შვედეთის ნატო-ს წევრობას თურქეთი და უნგრეთი აფერხებდნენ. შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ, თურქეთი შვედეთისგან “ქურთისტანის მუშათა პარტიის” შევიწროვებასა და აშშ-სგან იარაღის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას ითხოვდა. აწი, იმედია, შვედეთის ნატო-ში წევრობას მწვანე შუქს აუნთებს თურქეთის შემყურე, ორბანის უნგრეთიც.


რუტტეს ფიქრები ნატო-სა და მომავალზე

რამდენიმე დღის წინ, ნიდერლანდების ჩემოდანჩალაგებულმა პრემიერმა, მარკ რუტტემ რადიო ინტერვიუში აღიარა, რომ ესოდენ დრამატული საერთაშორისო მოვლენების ფონზე, მისთვის საინტერესო იქნებოდა ნატო-ს გენერალური მდივნის პოზიციაზე წამუშავება. რუტეს ნათქვამი დიპლომატიურად რომ მოვთარგმნოთ – თუ შემომთავაზებენ, პრინციპში უარს არ ვიტყვიო. ვნახოთ, რას იფიქრებენ რუტეს კანდიდატურაზე ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს, მანამდე კი, აღმოსავლეთ ევროპელები აიჯაგრნენ  – 25 წელია ალიანსში ვართ და ჩვენი ჯერი რით ვერ დადგაო.


უნგრულ-სლოვაკური მუხანათობა

ბრიუსელში ევროკავშირის განახლებული ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, რომელიც უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარებასაც ითვალისწინებდა. უკრაინის საჭიროებებისთვის, ევროკავშირის ბიუჯეტში 50 მილიარდი ევროს გათვალისწინებას  მხარი არ დაუჭირეს ორბანის უნგრეთმა და ფიცოს სლოვაკეთმა, მათ ევროკავშირის ბიუჯეტის პროექტი დაბლოკეს. ვიქტორ ორბანი ამბობს – უკრაინისთვის ფინანსურ დახმარებებს შედეგი არ მოაქვსო. მისი თანამოაზრე, რობერტ ფიცო კი თვლის, რომ ამ დახმარებას მაინც უკრაინული კორუფცია შეჭამსო. მოკლედ, როგორც ჩანს, ერთ სოფლის გიჟს – უნგრეთს, ეხლა ფიცოს სლოვაკეთიც დაემატა.


დაპირებების ერთგული ფიცო  

სადაც სლოვაკეთი ვახსენეთ, ისიც უნდა ითქვას, რომ არჩევნებში გამარჯვებულმა რობერტ ფიცომ პრემიერის სავარძელი ოფიციალურად დაიკავა და პირობა დადო, რომ მისი მთავრობა სუვერენულ საგარეო პოლიტიკას გაატარებს. ამასთან, გამოირკვა, რომ რობერტ ფიცო თავისი წინასაარჩევნო დაპირებების ერთგული რჩებადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებას მართლაც აპირებს. პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას, ფიცომ დეპუტატებს უთხრა – სლოვაკეთი უკრაინას შეიარაღებას აღარ გაუგზავნის და მხოლოდ ჰუმანიტარული და სამოქალაქო დახმარების აღმოჩენით შემოიფარგლებაო.


ფრანგული სოლიდარობა ისრაელს

აშშ-ს, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების შემდეგ, ისრაელს მხადამჭერი ვიზიტით საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც ეწვია. პრეზიდენტმა მაკრონმა ისრაელს ჰამასთან ბრძოლაში სრული თანადგომა გამოუცხადა, მაგრამ იქვე დაამატა – ჰამასი პალესტინის მოსახლეობას სულაც არ წარმოადგენს და გრძელვადიან მშვიდობაზე თუ გვინდა ვისაუბროთ პალესტინის თემაზე სერიოზულად უნდა დავფიქრდეთო. ამასთან, საფრანგეთის თავკაცმა ისრაელს ომის კანონების დაცვის აუცილებლობაზეც მკაფიოდ მიანიშნა. მაკრონი დასავლეთ სანაპიროს ქალაქ რამალაშიც ჩავიდა და იქ პალესტინის ლიდერს, მაჰმუდ აბასს შეხვდა. ევროპაში ყველაზე დიდი მუსლიმური თემი საფრანგეთში სახლობს, ხოლო თავად ისრაელისა და აშშ-ს შემდეგ, ყველაზე მეტი ებრაელიც  სწორედ საფრანგეთშია, ამიტომ ახლო აღმოსავლეთის საქმეში მაკრონის დიპლომატია საკმაოდ მოზომილ ხასიათს ატარებს.   


ესპანეთის სწორება მარცხნივ

ესპანელი სოციალისტების ლიდერი, მოქმედი პრემიერი, პედრო სანჩესი და კიდევ უფრო მემარცხენე პარტია “სუმარის” თამჯდომარე, იოლანდა გომესი კოალიციური მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ. ეს ორი მემარცხენე პოლიტიკური ძალა კოალიციურ მთავრობაზე მხოლოდ მას შემდეგ მორიგდნენ, რაც ერთმანეთში კარგად შეაჯერეს ეკონომიკური, სოციალური, ჯანდაცვისა და ადმინისტრაციული პოლიტიკის ხედვები თუ პროგრამები. ამობებენ კოალიციურ შეთანხმებაში კატალონიის თემას სათანადო ყურადღება არ ეთმობაო. არადა, ახალ მემარცხენე კოალიციას მთავრობის შესაქმნელად, კატალონიური პარტიების მხარდაჭერაც დაჭირდება. ამიტომ, პედრო სანჩესის სოციალისტები და “სუმარის” წარმომადგენლები გამალებულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ კატალონიურ პოლიტიკურ ძალებთან.


ბირთვული შეკავება

გასულ კვირას, რუსეთში ბირთვული შეკავების სტრატეგიული ძალების მონაწილეობით წვრთნები ჩატარდა, რომელსაც თავად პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ხელმძღვანელობდა. წვრთნების ფარგლებში, სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალების გამოყენებით, პირობითი მოწინააღმდეგის გასანადგურებლად, გაშვებულ იქნა ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები. სერგეი შოიგუმ პუტინს უპატაკა – წვრთნების სცენარის თანახმად, ბირთვული დარტყმის საპასუხოდ, რუსეთმა მასირებული ბირთვული იერიში მიიტანა მოწინააღმდეგეზე და ის სრულად გაანადგურაო. პირობითი მოწინააღმდეგე, მაღალი ალბათობით, აშშ იყო, რომელმაც სერგეი შოიგუს სცენარის მიხედვით, ერთი ბირთვული ჭურვი ესროლა რუსეთს და შემდეგ, მათ მასირებულ შეტევას გულხელდაკრეფილი დაელოდა.

მსგავსი/Related

Back to top button