უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ესტუმრა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით 10 ოქტომბერს ჩამოვიდა, 11 ოქტომბერს თავის ქართველ კოლეგას, ირაკლი ღარიბაშვილს პირისპირ შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რასაც მოყვა მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებებიც გააკეთეს.
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ორბანმა მხოლოდ ერთი ოფიციალური შეხვედრა გამართა, ხოლო ოპოზიციისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ შეხვედრია.
პირისპირ შეხვედრა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავის უნგრელ კოლეგას 11 ოქტომბერს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული „მჭიდრო პარტნიორობა“ განიხილეს. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „ერთობლივი ძალისხმევით ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში მთავრობათაშორისი სამიტის გამართვა ბუდაპეშტში საქართველოსა და უნგრეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის პრაქტიკაში განხორციელების ნაწილია.
ევროინტეგრაციაზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო „შეუქცევადად მიჰყვება ევროპულ გზას“ და ამ გზაზე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები მიმოიხილა. პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანს ქვეყნის ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „საქართველო აფასებს ამ გზაზე მეგობარი უნგრეთის ურყევ მხარდაჭერას“.
პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების საქმეში მიღწეულ პროგრესზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და უნგრეთს ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ და „მნიშვნელოვანია, არსებული შესაძლებლობები სრულად იქნეს გამოყენებული“. მისივე თქმით, საქართველო დაინტერესებულია ინვესტიციების მოზიდვით ისეთ სექტორებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, ლოჯისტიკა, ტურიზმი და სხვა სფეროები.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის მიმდინარეობაზეც ისაუბრეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „საქართველოს მიერ ინიციირებული ფლაგმანური პროექტების განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სრული პოტენციალის რეალიზაციისთვის და ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით საერთო მიზნების მიღწევაში“.
The Hungarian-Georgian Intergovernmental Summit kicks off today. Our cooperation is based on shared values, our common Christian heritage and our commitment to peace. Thank you for your hospitality, @GaribashviliGe ! ???? pic.twitter.com/lZMLEvgtww
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) October 11, 2023
ერთობლივი პრეს-კონფერენცია
12 ოქტომბერს, საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა თელავში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პრეს-კონფერენციას წინ უძღოდა ორ ქვეყანას შორის მთავრობათაშორისი სამიტი.
თავისი სიტყვის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსა და უნგრეთს აერთიანებთ „ტრადიციული და მარადიული ღირებულებების ერთგულება“, რომლებმაც შეიძლება ითქვას გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი ისტორიის, კულტურის, ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაში“. ღარიბაშვილის თქმით, „ეს მოიცავს რათქმაუნდა ჩვენი ქვეყნების სამშობლოსა და ჩვენი მრწამსის რელიგიისადმი ერთგულებას, ოჯახის სიწმინდის, ჩვენი ტრადიციების პატივისცემას და მე არ შემიძელია არ ავღნიშნო ბატონი ვიქტორ ორბანის ღვაწლი ამ ნამდვილი ფასეულობების, ტრადიციების დაცვაში, განმტკიცებასა და გაძლიერებაში, მე უნგრეთში ვთქვი და მინდა გავიმეორო, რომ უნგრელ ხალხს გაუმართლათ, რომ ასეთ რთულ დროს, ასეთ არაპროგნოზირებად დროს უნგრეთს ყავს ასეთი ძლიერი და პატრიოტი ლიდერი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს და ემსახურება საკუთარი ხალხის ინტერესებს“.
საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე საუბრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: „შარშან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ უსამართლოდ მოექცნენ ჩვენს ქვეყანას და ამას თავისი სახელი დაარქვა ბატონმა ვიქტორმა ბუდაპეშტში, როცა ამ გადაწყვეტილებას უწოდა ამორალური და უსამართლო“. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ „მაქსიმუმი გააკეთა“ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და რომ საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგანაც ის საქართველოს მოქალაქეების არჩევანია. „სხვა შემთხვევაში უბრალოდ გაუგებარი იქნება, ყოველგვარ არგუმენტაციას იქნება მოკლებული ევროპის გადაწყვეტილება, ქართველებს, როგორც ამას წინათ აღვნიშნე, არ გვიყვარს და ვერ ვეგუებით უსამართლობას და ჩაგვრას“.
ღარიბაშვილმა მეფე ერეკლე მეორის შესახებაც ისაუბრა და მას „ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტრატეგი“ უწოდა, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს ევროპასთან დაახლოება იყო. პრემიერის თქმით, სამწუხაროდ მაშინ, ევროპელი მონარქების მხრიდან ნაკლები ყურადღება ექცეოდა საქართველოს. „მაგრამ დღეს ჩვენ ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა ნამდვილი ევროპელი ლიდერების, ისეთი, როგორიც არის ბატონი ვიქტორ ორბანი“.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი მაღალ შეფასებას აძლევს იმ ბრძოლას, რომელასც რამდენიმე ასი წელია საქართველო ახორციელებს, რომ შეინარჩუნოს ქრისტიანული სახელმწიფო. „ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმ ბრძოლას, რომელასც რამდენიმე ასი წელია ახორციელებთ, რომ შეინარჩუნოთ ქრისტიანული სახელმწიფო. ჩვენ ვიცით, თუ რა ბრძოლაა, ჩვენი უნგრული ისტორიიდან ვიცი ეს, როგორ იბრძოდნენ ქვეყნები, რომლებიც თავის რწმენას არ თმობდნენ“, – განაცხადა ორბანმა.
ორბანმა ხაზი გაუსვა ღარიბაშვილთან შეხვედრების დროს გამართულ დისკუსიებს თანამშრომლობისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე და იმედგაცრუება გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოს ჯერ არ მიუღია კანდიდატის სტატუსი, მისი „მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარებისა“ და კავკასიის რეგიონთან მისი კავშირის „სტრატეგიული მნიშვნელობის“ გათვალისწინებით.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: „ევროკავშირში ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, განვიხილავთ თუ არა გაფართოებას, როგორც პოლიტიკურ პროცესს ან შეესაბამება თუ არა ჩვენი ნათქვამი სიმართლეს, რომ ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. თუ ეს დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, მაშინ ის, რაც მოხდა, საკმაოდ უსამართლოა თქვენი ქვეყნის მიმართ და რაც შეიძლება მალე უნდა გამოსწორდეს“.
ევროკავშირის წინა გაფართოებებზე საუბრისას, ორბანმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად ბლოკში ამბიციური, შრომისმოყვარე სახელმწიფოების მიღების მნიშვნელობას და დასძინა, რომ საქართველო ამ კონტექსტში კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. მან ასევე აღნიშნა ევროპაში ქრისტიანული ტრადიციების შენარჩუნების მნიშვნელობა და განაცხადა: „ვთვლი, რომ ჩვენი ქრისტიანული ტრადიციები გახლავთ უმაღლესი ღირებულების, რაც იქნება ძალიან კარგი საფუძველი, რომელზეც შეგვიძლია დავაშენოთ და ყველა მცდელობა, რომ არ იქნას გამოყენებული ეს საფუძველი განწირულია წარუმატებლობისთვის“.
სიტყვის დასასრულს ორბანმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა. „ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული იდეები ეკონომიკური თანამშრომლობის, ასევე – სოფლის მეურნეობის, წყლის რესურსების მართვის, ფარმაცევტულ – ფისკალურ ინდუსტრიაში. გვაქვს ფლაგმანი ინიციატივები უნგრულ კომპანიებთან საავიაციო კომპანიებთან, რომლებიც არიან ბაზრის ლიდერები, სერვისპროვაიდერები თქვენს ქვეყანაში, რომლებიც ასევე გზას უკვალავენ თქვენს კომპანიებს, ჩვენ 80 სტიპენდიას გავცემთ ქართველ სტუდენტებზე, რომ ჩამოვიდნენ ბუდაპეშტში, უნგრეთში, რომ ისწავლონ. ჩვენთვის დიდი პატივია მათი მიღება, მაგრამ ეს არის ინვესტიცია საქართველოში. ისინი იქნებიან ნამდვილი ჭეშმარიტი ელჩები ორი ხალხის მეგობრობისა“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)