skip to content
ახალი ამბები

უნგრეთი და საქართველო თბილისში ერთობლივ სამთავრობო სხდომას გამართავენ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გრანადაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.  

პრემიერ-მინისტრმა ორბანმა განაცხადა, რომ საქართველომ „დიდი სამუშაო“ შეასრულა ევროკავშირის კრიტერიუმების დაკმაყოფილების თვალსაზრისით და რომ „სრული უსამართლობა“ იყო, რომ ქვეყანა არ გახდა კანდიდატი. მისივე თქმით, შარშან უარის მიზეზი ის იყო, რომ „ლიდერები ეგოისტები არიან“ და არ სურთ გაიღონ ის ფინანსური რესურსები, რომელიც საქართველოს სჭირდება. მაგრამ პრემიერ-მინისტრმა დასძინა: „ჩვენ მაინც გვჭირდებით იქ“ საქართველოს „სტრატეგიული მდებარეობის“ გამო. იმავე კითხვის დროს მან ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი არის „სტრატეგიულად საკვანძო ქვეყანა“ ენერგორესურსების მიწოდებისთვის.

ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ იგი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის „დიდი მხარდამჭერია“. მან იქვე დასძინა, რომ მომავალ კვირას საქართველო და უნგრეთი თბილისში „ერთობლივ სამთავრობო შეხვედრას“ გამართავენ და „ყველა [უნგრელი] მინისტრი იქ იქნება“.

მან ასევე განაცხადა, რომ „ბევრი კითხვა და ეჭვი“ არსებობს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, „რადგანაც ეს არის ქვეყანა, რომელიც ომობს“. ამრიგად, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი სადავო განცხადება, რომ „ჩვენ არ ვიცით, სად არის მისი ეფექტური საზღვრები და როგორია მისი მოსახლეობა”, ამიტომ ინტეგრაციის შედეგებზე „სტრატეგიული დისკუსიის“ გამართვაა საჭირო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button