თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შენობასთან აქცია მიმდინარეობს
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შენობის წინ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააუქმა დადგენილება, რომლითაც კონსერვატორიის რექტორის არჩევის პროცედურა განისაზღვრებოდა. შედეგად, 10 ოქტომბრისთვის დაგეგმილი რექტორის არჩევნები შეჩერებულია.
„ეს არის გეგმაზომიერი გამორეცხვა ტვინების, ემოციების, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების განცდის“, – განაცხადა მხატვარმა გია ბუღაძემ, „ამ კომისარს [თეა წულუკიანს] ხელოვნების დამორჩილება აქვს დავალებული. ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტურად დაამარცხო დამოუკიდებელი აზროვრება“.
20 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ კონსერვატორიის მართვაში „ხარვეზები“ იყო და ხელმძღვანელობის შეცვლის პირობა დადო. „ეს ჩემი ხარვეზიც არის, როცა ხელმძღვანელობა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, მაშინ მინისტრმა კეთილი უნდა ინებო და ხელმძღვანელი შეცვალო, ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, რაც არ უნდა უდრტვინველად აგრძელებდეს ზოგიერთი იქ საქმიანობას“, – განაცხადა წულუკიანმა.
„ხარვეზი სისტემაშია“, – უპასუხა კონსერვატორიის რექტორმა, ნანა შარიქაძემ თეა წულუკიანს.
კულტურის მინისტრად მუშაობის პერიოდში, წულუკიანი არაერთხელ დაადანაშაულეს კულტურასა და შესაბამის ინსტიტუტებზე სახელმწიფო კონტროლის დამყარების მცდელობაში.
ასევე წაიკითხეთ:
- 04/09/2023 – ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები კულტურის სამინისტროსა და მწერალთა სახლს ბოიკოტს უცხადებენ
- 21/08/2023 – 200 ქართველი კინემატოგრაფისტი ეროვნულ კინოცენტრს ბოიკოტს უცხადებს
- 15/06/2023 – ეროვნული კინოცენტრი კულტურის მინისტრის სამიზნე გახდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)