ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები კულტურის სამინისტროსა და მწერალთა სახლს ბოიკოტს უცხადებენ
100-მდე ქართველმა მწერალმა, მთარგმნელმა და გამომცემელმა, ასევე ლიტერატურის სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც უარს ამბობენ „ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობაზე კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და მის პარტიულ დაქვემდებარებაში მოქცეულ მწერალთა სახლთან.“
„მწერალთა სახლის დირექტორად მმართველი პარტიის წარმომადგენლის დანიშვნა ყოველგვარი დემოკრატიული პროცესის და სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან კონსულტაციის გარეშე, ძალაუფლების მქონეთა ავტოკრატიული მისწრაფებების გამოხატულებაა და ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ სწრაფვას ევროინტეგრაციისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ ლიტერატურული პროცესი უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან და ნდობას ქმნიდეს მასში მონაწილე ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური თუ იდეოლოგიური მრწამსის მქონე საქართველოს მოქალაქისთვის. „შესაბამისად, ინსტიტუციები, რომელიც წარმართავს კულტურულ პოლიტიკას და ლიტერატურულ პროცესს, უნდა იყოს ღია და ინკლუზიური, იმართებოდეს გამჭვირვალედ და დემოკრატიული პრინციპების დაცვით“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ბოიკოტი გულისხმობს საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს და მწერალთა სახლის მიერ ინიცირებულ, დაფინანსებულ და მართულ ნებისმიერ პროექტში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმას, განურჩევლად მათი ფორმისა და შინაარსისა, იქნება ეს: ადგილობრივი წიგნის პრეზენტაციები და სხვა საჯარო ღონისძიებები, მთარგმნელობითი და სარეზიდენციო პროგრამები, თუ სხვადასხვა ქვეყნის წიგნის ბაზრობები, საერთაშორისო ფესტივალები და სხვა მნიშვნელოვანი ფორუმები. ხელმომწერები აცხადებენ, რომ გამოიყენებენ „ყველა პლატფორმას, რათა ქართულ კულტურაში მიმდინარე სახიფათო ავტორიტარული ტენდენციები ცხადი გახდეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და საქართველოს ერთგული მეგობრებისთვის, ამავდროულად უზრუნველვყოფთ რომ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ვიყოთ წარმოდგენილი ალტერნატიული ფორმით, ისევე როგორც შევეცდებით თავად მოვიპოვოთ დაფინანსების წყაროები“.
„ბოიკოტი დაიწყება 2023 წლის 4 სექტემბრიდან, იმ დღიდან, როდესაც მწერალთა სახლს მმართველი პარტიის მიერ დანიშნული კანდიდატი ჩაიბარებს და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მის ხელმძღვანელს არ აირჩევს დარგის სპეციალისტებისგან შემდგარი კომისია“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- 21/08/2023 – 200 ქართველი კინემატოგრაფისტი ეროვნულ კინოცენტრს ბოიკოტს უცხადებს
- 15/06/2023 – ეროვნული კინოცენტრი კულტურის მინისტრის სამიზნე გახდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)