„რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭო“ საქართველოსთან სატრანსპორტო კავშირების გაფართოებას განიხილავს
რუსეთის სამრეწველო-სავაჭო პალატაში შექმნილმა „რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭომ“ 19 სექტემბერს ვლადიკავკაზში სხდომა გამართა. სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა, ვლადიმირ პადალკომ საქართველოსთან და მისი გავლით სატრანსპორტო კავშირების გაფართოების საჭიროებას გაუსვა ხაზი, ხოლო ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ საქართველო რუსეთისთვის „ლოგისტიკური ჰაბი“ ხდება.
სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესების მიზნით შემდეგი წინადადებები გაჟღერდა:
- როგორც ითქვა, წლიური საბორნე მომსახურება, რომელიც რუსეთს საქართველოსა და თურქეთს დააკავშირებს, გვიან დაგეგმვისა და განხორციელების ადრეულ ეტაპზეა. „ახლა 150 მანქანაზე და 300 მგზავრზე გათვლილი ბორანი ამოქმედდება, რომელიც პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს. ეს [საქართველოსთან ლოგისტიკის პრობლემას] ვერ გადაჭრის, მაგრამ მაინც დამატებაა“, – განაცხადა პადალკომ.
- შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო კავშირს. პადალკომ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, უნდა აშენდეს თუ არა ახალი რკინიგზა ინგუშეთის (ჩრდილოეთ კავკასია) გავლით თუ გაიხსნას ძველი რკინიგზა აფხაზეთის გავლით, რაც, მისი აზრით, „გადამწყვეტი მომენტი იქნება“.
- ავიაკომპანიებს სთხოვეს, რომ შეამცირონ ბილეთების ფასი მგზავრებისთვის, რომლებიც ორივე მიმართულებით რუსეთსა და საქართველოს შორის მგზავრობენ.
- ტრანზიტში ჩართულმა ბიზნესმენებმა ლარსის გამშვები პუნქტის ტვირთის ელექტრონული აღრიცხვის შესაძლებლობით აღჭურვა მოითხოვეს.
- შემოთავაზებული იყო ავტომანქანარების ტრანზიტის ხელახალი გახსნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის გავლით.
საბჭომ განაცხადა, რომ მისი წარმომადგენლები ლარსის საგუშაგოს 20 სექტემბერს ეწვივნენ და შემდგომი განხილვისთვის საქართველოში გამგზავრებას გეგმავენ.
რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭო 2023 წლის თებერვალში შეიქმნა და რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების გარდა იმ ბიზნესმენებს აერთიანებს, რომლებიც რუსეთში ქართულ დიასპორას წარმოადგენენ. ჯერჯერობით, საქართველოში დაარსებული ბიზნესების ოფიციალური მონაწილეობა არ დაფიქსირებულა. ოფიციალური მონაცემებით, საბჭოს ხელმძღვანელობს იური ბალაშოვი, რომელიც შპს „ინოვაციური კომპანია RUMB“-ის გამგეობის თავმჯდომარეა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის პატარა კომპანია, რომელიც ძირითადად სანავიგაციო, მეტეოროლოგიური და გეოდეზიური აღჭურვილობის წარმოებაზე მუშაობს.
ასევე წაიკითხეთ:
- 31/07/2023 – ბათუმში რუსული საკრუიზო გემის ჩამოსვლის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს ცხრა პირი დააკავეს
- 28/07/2023 – პრეზიდენტი რუსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ პროტესტს მიესალმა
- 10/05/2023 – რუსეთმა 15 მაისიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და ფრენებზე აკრძალვა მოხსნა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)